NASA-ს ”ნემსიყლაპია” ტიტანს შემოიფრენს და სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის

 ამ ილუსტრაციაზე გამოსახულია NASA-ს როტოკრაფტ-ლენდერი ”ნემსიყლაპია” (Dragonfly), რომელიც სატურნის ეგზოტიკურ მთვარეზე, ტიტანზე ეშვება. ტიტანს სქელი ატმოსფერო და მცირე გრავიტაცია აქვს, ამიტომ აპარატი იოლად გამოიკვლევს ყინულოვანი მთვარის უამრავ ადგილს, აიღებს და მოახდენს უამრავი ორგანული და არაორგანული ნივთიერების ანალიზს., რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს შეაფასონ ტიტანზე სიცოცხლის წარმოშობისა თუ არსებობის პოტენციალი, და შეისწავლონ დედამიწის ანალოგი პრებიოტური სისტემის განვითარების თავისებურებები (NASA/JHU-APL).

 NASA აცხადებს, რომ ჩვენი უახლოესი დანიშნულების ადგილი მზის სისტემის უნიკალური, ორგანული ნაერთებით მდიდარი სამყაროა – ტიტანი. სატურნის ყინულოვანი მთვარის კვლევა საშუალებას მოგვცემს დაწვრილებით შევისწავლოთ სიცოცხლის წარმომქმნელი სტრუქტურები, რისთვისაც როტორკრაფტ-ლენდერი  ”Dragonfly” (”ნემსიყლაპია”) უამრავ ლოკაციას და ნიმუშს გამოიკვლევს.

 ”ნემსიყლაპია” 2026 წელს გაფრინდება და ტიტანს 2034 წელს მიაღწევს. როტორკრაფტის გამოსაკვლევი ადგილები უკვე განსაზღვრულია, ეს საინტერესო ადგილები ტიტანისა და, იმავე დროს, დედამიწაზე წარსულში არსებული პრებიოტური სისტემების ანალოგია. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც NASA-ს მულტი-როტორული აპარატი უცხო კოსმოსურ სხეულზე იფრენს. ”ნემსიყლაპია” 8 პროპელერიანი ძრავითაა აღჭურვილი, პრაქტიკულად ის დიდი დრონის ანალოგია. ასეთი სტრუქტურა ძალიან მოხერხებულია ტიტანზე, რომელსაც სქელი ატმოსფერო და მცირე გრავიტაცია აქვს. კერძოდ, მისი ატმოსფერო დედამიწისაზე ოთხჯერ უფრო მკვრივია, გრავიტაცია კი 10-ჯერ ნაკლები. ეს საშუალებას მისცემს ”ნემსიყლაპიას” რომ მთელი სამეცნიერო აღჭურვილობა და შეგროვებული მასალაც კი თან ატაროს.

 ტიტანი ძალიან ადრეული ხანის დედამიწის ანალოგია, და ის ბევრ რამეს გვიამბობს ჩვენს საკუთარ პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების მექანიზმებზე. მისი ძირითადი მისიისთვის განკუთვნილი 2.7 წლის განმავლობაში, აპარატი გამოიკვლევს ორგანული მასალით დაფარულ დიუნებსაც და შეჯახების შედეგად წარმოქმნილი კრატერების ფსკერსაც, ყველა ადგილს, სადაც წყლისა და რთული ორგანული ნივთიერებების მრავალათასწლოვანი ურთიერთქმედების კვალს აღმოაჩენს. მასზე განთავსებული ინსტრუმენტების მეშვეობით, პრებიოტური ქიმიის განვითარების დინამიკას შევისწავლით. სხვა ინსტრუმენტები დეტალურად გამოიკვლევენ სატურნის მთვარის ატმოსფეროს, მყარი ზედაპირის მახასიათებლებს, ხმელეთის ქვეშ განთავსებულ ოკეანეებს და სხვა თხევად რეზერვუარებს. ამასთა ერთად, ინსტრუმენტები ტიტანზე ოდესღაც არსებული ჰიპოთეზური სიცოცხლის კვალსაც მოძებნიან.

 ”მისია “ნემსიყლაპია” კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ NASA-ს ის შეუძლია, რაზეც სხვა მსგავსი სტრუქტურები ვერც კი იოცნებებენ.” – ამაყად ამბონს ადმინისტრატორი  ჯიმ ბრაიდსთაინი. –”ამ მისტიური ოკეანური სამყაროს შესწავლა რევოლუციურ პროგრესს მოახდენს მეცნიერებაში, მოგვცემს რა უამრავ მინიშნებას სამყაროში სხვაგან არსებული შესაძლო სიცოცხლის ფორმათა შესახებ. ასეთ ტექნოლოგიებსა და პროექტზე, სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ, ვერც კი ვიოცნებებდით.”

”Dragonfly” კოსმოსური ხომალდის ”Cassini” მიერ 13 წლის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებს დაეყრდნობა და სატურნის ყინულოვან მთვარეზე დასაშვებად წყნარი ამინდების სეზონს და უსაფრთხო ადგილმდებარეობას შეარჩევს. ამავე მონაცემების მიხედვით, ”ნემსიყლაპია” მეცნიერებისთვის საინტერესო გეოგრაფიულ სამიზნეებსაც ესტუმრება. პირველად ხომალდი ეკვატორულ დიუნებზე დაეშვება, რომელსაც ”შანგრი-ლა” ეწოდება. ეს ადგილი სამხრეთ აფრიკაში, ნამიბიაში არსებული სწორხაზოვანი დიუნების მსგავსია. აპარატი ამ რეგიონს მცირე, ნახტომისებური ფრენების მეშვეობით გამოიკვლევს – ამ ტექნიკას ”ბაყაყის ნახტომები” ეწოდება. თითოეული ასეთი ”გადასკუპება”, ნიმუშების აღებასთან ერთად, 8 კილომეტრის მანძილზე განხორციელდება. საბოლოოდ ”Dragonfly” ასტროიდის დაჯახებისაგან წარმოქმნილ კრატერს, ”სელკს” მიაღწევს, სადაც ”Cassini”-მ სიცოცხლის რეცეპტი: თხევადი წყლის კვალი, და ნახშირბადის, წყალბადის, ჟანგბადისა და აზოტის რთული ნაერთი ორგანიკის კვალი დააფიქსირა. იქვეა ენერგიის წყაროც – სიცოცხლის ჩასახვისთვის აუცილებელი ერთ-ერთი ინგრედიენტი. ლენდერი აპარატი ჯამში 175 კილომეტრს გადაიფრენს, რაც თითქმის ორჯერ მეტია მარსის ყველა როვერის მიერ გავლილ ჯამურ დისტანციაზე.

“ტიტანის მსგავსი ადგილი ჩვენი მზის სისტემაში არსად მოიპოვება, ამიტომ ”Dragonfly”-ს მისიაც ერთად-ერთი და განუმეორებელი იქნება.” –  ამბობს თომას ზურბუხენი, NASA-ს ასოცირებული დირექტორი, სააგენტოს ვაშინგტონში მდებარე ცენტრალური ოფისის სამეცნიერო განყოფილების გამგე. –”უბრალოდ წარმოიდგინეთ: დედამიწაზე აგებული როტორკრაფტიб სატურნის უზარმაზარი მთვარის ზედაპირზე, ასეულობით კილომეტრს გადაიფრენს; ის გამოიკვლევს ორგანული დიუნებით დაფარულ საოცარ გარემოს, გაარკვევს მის წარმოშობას, ამოხსნის უამრავ ამოცანას, რომელთა შორის უმთავრესია სიცოცხლის წარმოშობა.”

ტიტანს, დედამიწის მსგავსად, აზოტოვანი ატმოსფერო აქვს, თუმცა იქ მეთანის წვიმა მოდის და მეთანისვე ტბებსა და მდინარეებს ავსებს. იქ ორგანული ნივთიერებები, ”თოლინები” თოვს. მთვარის ამინდი, ზედაპირული პროცესები და რთული ორგანიკის მასინთეზირებელი ენერგიის წყარო და წყალი დედამიწის შორეული წარსულის ანალოგიურია, სწორედ იმ ეპოქის, რომელმაც, როგორ მეცნიერები ფიქრობენ, დასაბამი მისცა სიცოცხლეს.

ტიტანი პლანეტა მერკურიზე დიდია და ჩვენი მზის სისტემის მეორე უდიდესი მთვარეა.  ის სატურნის გარშემო მიმოიქცევა და, შესაბამისად, მზიდან, საშუალოდ, 1,4 მილიარდი კილომეტრის მანძილზეა. ამის გამო, მისი ზედაპირული ტემპერატურა -179 გრადუსია ცელსიუსით, ხოლო ზედაპირული წნევა ”ზღვის დონეზე” დედამიწისას 50-ჯერ აღემატება.

”Dragonfly” ამერიკის კოსმოსური სააგენტოს ”ახალი სამიზნეების” პროგრამის ფარგლებში შეარჩიეს.ამავე პროგრამის ნაწილია პლუტონისა და კოიპერის სარტყელის მკვლევარი ”New Horizons”, იუპიტერის მკვლევარი ”Juno”, და ასტეროიდ ბენუს მკვლევარი OSIRIS-REx”. ”ნემსიყლაპია”-ს პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელია ელიზაბეთ თართლი, ჯონს კოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის თანამშრომელი, რომელიც ქალაქ ლორელში, მერილენდის შტატში მდებარეობს. ”ახალი სამიზნეები” პლანეტარულ მეცნიერთა კომიტეტის პროგრამაა, რომელიც მზის სისტემის კვლევითი პროექტების დაფინანსების პრიორიტეტებს განსაზღვრავს. პროგრამის მენეჯერია კომიტეტის ხელმძღვანელი, NASA-ს მარშალის კოსმოსური ფრენების ცენტრის უფროსი, ლორი გლეიზი. მარშალის ცენტრი ჰანთსვილში, ალაბამას შტატში მდებარეობს და ვაშინგტონის ოფისის პირდაპირ დაქვემდებარებაშია.

“პროგრამა ”ახალი სამიზნეები”-ს ფარგლებში განხორციელებულმა პროექტებმა რადიკალურად შეცვალა ჩვენი წარმოდგენები მზის სისტემის შესახებ: გამოავლინა  იუპიტერის ტურბულენტური ატმოსფერო და შინაგანი სტრუქტურა; ამოიცნო პლუტონის ყინულოვანი ლანდშაფტების საიდუმლო, სულ სხვა თვალით დაგვანახა კოიპერის სარტყელი, და სიცოცხლის სამშენებლო მოლეკულები აღმოაჩინა დედამიწის ახლო ასტეროიდში.” – ამბობს ლორი. –”ახლა ამ ენიგმატური ადგილების სიას ტიტანიც დაემატება. დიახ, მასაც NASA გამოიკვლევს” (ტიტანზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://solarsystem.nasa.gov/moons/saturn-moons/titan/overview NASA-ს ”ახალი სამიზნეების” პროგრამის მისიები იხილეთ: https://planetarymissions.nasa.gov).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.