ობსერვატორია IceCube-მ ისევ ვერ შეძლო გამა-ანთებებით გამოსხივებული მაღალენერგიული ნეიტრინოების რეგისტრირება(Nature).
თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, გამა-ანთებების ყველაზე უფრო შესაძლო წყაროდ ვარსკვლავის გრავიტაციული კოლაფსი ითვლება, როცა ის თავისივე სიმძიმით იკუმშება და ნეიტრონულ ვარსკვლავად ან შავ ხვრელად გადაიქცევა. ამ პროცესის მსვლელობისას მაღალი ენერგიის მქონე ნეიტრინოები უნდა გაჩნდეს, რომელთა რეგისტრირებაც შესაძლებელია.
ასეთი ნეიტრინოების ძებნით IceCube-ა დაკავებული. ექსპერიმენტის დაწყების მერე 190 გამა-ანთება იქნა დაფიქსირებული, თუმცა, საჭირო ენერგიის ნეიტრინოების რეგისტრირება მან ვერ შეძლო. მეცნიერთა თქმით, ეს იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ან გამა-ანთებების დროს 3,7-ჯერ ნაკლები ნეიტრინოები წარმოიქმნება, ვიდრე თანამედროვე თეორიები წინასწარმეტყველებენ, ან არსებობენ მაღალი ენერგიის ნეიტრინოების სხვა წყაროებიც, რომელთა ფონზეც გამა-ანთებები კარგად არ არის გამოკვეთილი.
გამა-ანთებისეული ნეიტრინოების პრობლემა კარგა ხანია რაც არსებობს. 2011 წლის აპრილში, ჟურნალ Physical Review Letters-ში გამოჩნდა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ IceCube-მ გამა-ანთებით გაჩენილი ნეიტრინოები 2008 წლის აპრილიდან 2009 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში ვერ დააფიქსირა. იმის გამო, რომ მეცნიერებს არ ჰქონდათ დაგროვებული საკმაო რაოდენობით სტატისტიკა, მაშინდელი ნამუშევარი სპეციალისტებმა არ ჩათვალეს არსებული თეორიების გადასამოწმებლად საჭირო მტკიცებულებად.
ობსერვატორია IceCube სამხრეთ პოლუსზე მდებარეობს. ის წარმოადგენს 68 ჭაბურღილს, სიღრმეებით 1,4-დან 2,5-მდე კილომეტრი. დეტექტორები ყინულების სქელ ფენებში გაჩენილ ელემენტარულ ნაწილაკებს არეგისტრირებენ, რომლებიც გაყინულ წყალთან ნეიტრინოების შეჯახებით წარმოიქმნება. თუ ასეთ ლეპტონებს(ანუ ნეიტრინოსაც) საკმარისი ენერგია აქვთ, მაშინ მათი შეჯახებით წყლის მოლეკულებთან, ფოტონები გამოსხივდება, რომელთაც დეტექტორები არეგისტრირებს.