არხიონი

Archion

 იმ სამყაროში, რომელზეც მოგითხრობთ, ყველაფერი ნაცნობი და ამავდროულად უცნობია იმათთვის, ვისაც თავი თვისი და ძმანი მისნი არ შეუცვნია, არ შეუსწავლია, არ უფიქრია და მერმე არ უნახია. ეს ამბავი არა არს, იმათთვის, ვინც ჯერ ხედავს და მერე ფიქრობს, რამეთუ მათი მხედველობა განსაზღრულია თვალით და არ გონებით. ეს სიტყვები ეძებენ მკითხველს, რომელისთვისაც ფიქრი პირველი სიყვარულია. ბავშვური, უმანკო და თავგადასავალი. ასეთია საჭირო და არა ვინმე, წარმავალი, გამავალი, ან და გარდამავალი. მთავარია მას ფიქრი ჰყვარებოდეს, რადგან თამაშია ერთგვარი და ვისაც თამაში უყვარს ის ბავშვია, უანგარო, დაუცხრომელი, მოსიყვარულე და რაც მთავარია, მეოცნებე. მიყვარს მე ბავშვი თქვენში და მსურს გიხილოთ სათამაშოთი, რომელსაც ფიქრი ჰქვიან.

 ოდითგან მონადა* იდგა. მონადა ის ტიტანია, რომელიც კაცმა შვა. უნდა ემსახუროს მას, ანუ კეთილი და ბოროტი უნდა აშოროს. მონადა დგას, უბრალოდ კი არა, მას თოხი უჭირავს ველზე, რომელსაც აქსიონების* ნაკადს ეძახიან. მონადა ქველის, ანუ გონიერების დაბადებიდან აქ დგას. დაუღალავია მონადა, მისი უნარი დაამუშაოს აქსიონთა ნაკადი, უნაკლო და დაუზარელია. მას თოხი მისცა კაცობრიობამ, გრძელი, მყარი კიპარისისა, რბილი და ამტანი. მონადა არ ჩერდება, წამით არ იღლება და კიდევ ბევრი „არა“ ეკუთვნის, რაც შემდგომ უჟმურს და გაუგებარს ხდის მას. მონადა ბევრის გადამტანია, ბევრის ამტანია და საეჭვოდ არასრულყოფილი. როგორ შეიძლება ამდენის ატანა უწევდეს და არ დანებდეს. მონადასაც გაჰკვირვებია, მაგრამ არ ჰქონია ქრონონი*, ანუ მომენტი, რომ სახეზე გაკვირვება გამოეხატა. მონადამ თოხი უნდა იქნიოს აქსიონთა უდონო ველსა ზედა.

 იქვე ახლოს, მაგრამ ცალკე გრძნეული და უჩვეულო ტახიონი* დაძრწოდა. ტახიონი იმდენად სწრაფი იყო,  რომ შეუმჩნევლად აუვლიდა გვერდს მონადას. გაძვრებოდა, გამოძვრებოდა აქსიონების ნაკადში, თითქოს მისთვის არაფერი არსებობდა. და იყო იგი ბრძენი და მცოდნე ყოვლისა, რადგან იყო ერთი და განუმეორებელი, არღვევდა რა კოსმიურ კანონებს, ის მათზე მაღლა იდგა და ამ დგომით ხედავდა ყველაფერს. და იყო იგი ბრძენი. ასე დაძრწოდა ტახიონი მონადას გარშემო, განვლო საუკუნეებმა, წლებმა უსასრულობისა და მზგავსად გაგრძელდებოდა ქრონონთა სვლათა თანა, რომ არა უბედურებაი იგი.

 იდგა ჟამი ქრონონთა ნაკადის დაწყებიდან და უჩვეულოდ ბევრი აქსიონები დაიძრნენ მონადას საზღვარზე. მონადას ნაკისრი დიდი ვალი აქსიონების გაკეთილშობილებისა, ანუ დადგენა დაზუსტებისა, საფრთხის ქვეშ დადგა. რაოდენ ხშირადაც უნდა ექნია კაცობრიობის თოხი, ვერას გზით ვერ ასწრებდა აქსიონთა ნაკადის გაწმენდას. ბევრი იწვალა მონადამ, ბევრი და ვერ მოერია.

 ტახიონი იქვე ძრწოდა. ქრონონთა სვლის დაწყებიდან, ტახიონს შენელება პირველად მოუნდა. არსაიდან, დანარცხებული მონადას წინ სინათლის უსასრულო სვეტი აღიმართა.

– ვინ ხარ? – გასძახა მონადამ, რამეთუ პირველად იხილა უცხო ესრე რამე.
– ტახიონი! – მიუგო სვეტმა.
– რასა იქმნ?
– შენთან მოველ! – უპასუხა ტახიონმა. მონადა კი დაბნეული შესციცინებდა ამ ვეება სვეტს, რომელიც სივრცეს ორ ნაწილად ჰკვეთდა .
– რა გსურს ჩემგან?
– ვხედავ დახმარება გჭირდება!
– საიდან მოიტანე? – შეეპასუხა უდრეკად მონადა
– მე, ტახიონი, მე აქ ვარ მას შემდეგ რაც ქრონონთა ნაკადმა ძვრა ჰყო სივრცესა თანა. ვხედავ შენს შრომას, შენს დაუფასებელ ღვაწლს და ვხედავ როგორ მარცხდები!
– რა სისულელეა! – გაუნაწყენდა მონადა
– სისულელე? – ჩაეცინა ტახიონს – სისულელე ისაა, რომ მთელი შენი არსებობის მანძილზე ადამიანთა გულში დაბადებული აქსიონების გაწმენდას ცდილობ. ცდილობ რომ მათი ბნელი აზრები კეთილად იქმნას და ვხედავ მარცხდები. მარცხდები არა იმიტომ, რომ ტანად უძლური ხარ, უძლურება შენი უცოდინრობიდან მოდის!
– და შენ ხედავ, შენ იცი? – უკმეხად მოუბრუნა სათქმელი.
– ჰმ, ვგონებ, დახმარება არ გინდა!
– მშვენივრად ვარ, მე თვითონაც გავართმევ თავს!
– ჰმ, რა გაეწყობა! – ტახიონი ისევ აჩქარდა და გაუჩინარდა თითქოს არც არასდროს ყოფილიყოს და არც ეარსებოს.

 აქსიონების ნაკადი ზვავად, ტალღებად მოედინებოდა, შეუჩერებელ ნაკადად და მონადას საბოლოო მარცხს უქადდა. ვერა გზა, ვერა მეთოდი დაადგამდა საშველს იმ ნიაღვარს, რაც მონადას აწყდებოდა. წამოდგებოდა, დაეცემოდა. ხელებს ჰკრავდა მერე ისევ და ასე განვლო ქრონონთა დიდმა ნაკადმა, სანამ მონადა, დასუსტებული, გავერანებული, გატყავებული გაიაზრებდა, რომ დახმარება სჭირდებოდა.

– ტახიონ! – გასძახა ერთხელ – ტახიონ, შე წყეულო! – ისევ – ტახიოოოონნნ, მიშველე! – ტახიონი კი შეჰყურებდა მონადას დაცემას და აცდიდა, სანამ მონადაში სიამაყე და ამპარტავნება ბოლომდე გატყდებოდა. – ტახიოოოონნნ, გეხვეწები, გემუდარები, მიშველე! – ბღავილით შესჩივლა მორიგჯერ.
– გისმენ! – მიუგო ტახიონმა
– სად ხარ? – მონადა მას ვერ ხედავდა
– ყველგან!
– დამენახე!
– თუ სათქმელი არ გაქვს ნუ მაწუხებ!
– კი, კი როგორ არა. მიშველე ტახიონ, აქსიონები მრავლდებიან. აღარ მაქვს ძალი, ღონი. დამეხმარე!
– დაგეხმრები, ოღონდ ერთი პირობით!
– რაც გინდა!
– მზად უნდა იყო!
– რისთვის?
– როცა ჭეშმარიტებას შეიცნობ და მიიღებ მას, შენ მოკვდები.
– რას ქვია მოვკვდები?
– გაქრები, თითქოს მანამდე არც ასებობდი!
– როგორ ეს, ეს როგორ?
– ჰმ!
– ამისთვის დაგიძახე?
– აბა რისთვის?
– რომ დამხმარებოდი!
– გეხმარები!
– მოკვდებიო, ეს არის დახმარება?
– კი არის!
– რანაირად?
– შენ აქ რაღაც მისიით ხარ, რაღაც დავალებით. მე ამ დავალების შესრულებაში დაგეხმარები, ხოლო საფასური შენი სიკვდილია!
– ეს, ეს საფასური ვის უნდა, შეენ?
– არა მონადა, არა. შენი მისიის დასასრული, შენი სიკვდილია და ყველაფერი ის რაც შენ გიკავშირდება მოკვდება შენთან ერთად.
– ეგ როგორ?
– როცა რამე ან ვინმე ფუნქციას კარგავს, ის კვდება, ქრება და ქრონონთა ნაკადს მიჰყვება.
– გასაგებია! – ჩაფიქრდა მონადა – ძვირს ითხოვ, ძალიან ძვირს!
– მე არაფერს ვითხოვ, უმეცრებაში მყოფთათვის სიკვდილია ჭეშმარიტების ფასი!
– რატომ?
– უმეცრებაში მყოფი როგორც კი მიიღებს ჭეშმარიტებას მაშინვე კვდება მასში უმეცრება და ხანდახან აუტანლობით სხეულიც გადაჰყვება ხოლმე, რადგანაც უცოდინრობა გარკვეული სავანეა, თბილი და ნაცნობი. უცხო გარემოში მოხვედრილს თუ უკან დასახევი გზა აღარ არის და არც ქრონონი შეგუებისა, მაშ სიკვდილი გევლინება როგორც ხსნა და გარდუვალობა!
– ჰმ! – მონადა ჩაფიქრდა და ამ ფიქრმა ქრონონთა დიდი ნაკადი მოითხოვა
– ჰე გადაწყვიტე, თუ არ წავედი! – ლოდინმა ტახიონი შეაწუხა
– არ ვიცი!
– თუ არ იცი, ეგერ აქსიონთა ახალი ნაკადი და თვითონ მიხედე!
– მოიცა, მოიცა! – მონადა შიშმა შეიპყრო – სხვა გზა არ არის?
– არა!
– მაშ მიამბე ეს შენი ჭეშმარიტება, ჩემო ტახიონ! – ამოიხვნეშა მონადამ.
– კარგი! – ტახიონმა სვლა შეაჩერა და ამჯერად გიგანტური სინათლის კუბის სახით წარდგა მონადას წინაშე.
– გისმენ! – მიუგო მონადამ
– საიდან მოდიან ამ ტიპის აქსიონები, კითხვა თუ გაგჩენია, ჩემო მონადა?
– ვიცი, ადამიანებიდან!
– რა იწვევს მათში ამ ბნელ ნაკადებს თუ გსმენია ამაზე?
– შური, შუღლი, ბოროტება ერთი სიტყვით!
– და რა იწვევს მათ ასეთ ზრახვებს?
– ალბათ, სურვილი!
– რისი, ჩემო მონადა?
– ბოროტების სურვილი!
– ოოო აი შენი კედელიც ვიპოვეთ! – გაეღიმა ტახიონს
– რა კედელი?
– რომლის იქითაც არ გადაგიხედია ჩემო მონადა.
– ჰმ! – დაფიქრდა მონადა. რუტინას მიჩვეულს არც კი ახსოვდა, ან არ იცოდა კითხვა როგორ უნდა დაესვა. ახლა კი ამ უძლურების ჟამს ფიქრი პირველად მოუწია. წამით, აქსიონების მძვინვარე ნაკადს გახედა და ისევ ტახიონს მიუბრუნდა – რა ხდება ამ კედელს იქით? – ჰკითხა მან.
– ჰმ. შენ რასაც ბოროტების სურვილს ეძახი, სინამდვილეში, თავის დაკმაყოფილების სურვილია. სურვილი, რომ მიიღო ის რაც გაკლია, თუნდაც ეს სიამოვნება იყოს!
– მაშ ადამიანები ბოროტებას იმისთვის ჩადიან, რომ ისიამოვნონ?
– დიახ, მათ უნდა ისიამოვნონ!
– მაშ მე აქ ქრონონთა სვლათა დღიდან იმისთვის ვდგავარ რომ მათ ისიამოვნონ?
– დიახ, ჩემო მეგობარო, დიახ!
– ჰმ, ეს არის შენი ჭეშმარიტება? – დამცინავად ჩაეკითხა მონადა ტახიონს.
– არა მარტო!
– კიდევ?
– თუ გეტყვი რომ სიკეთისა და ბოროტების საწყისი ერთია, დამიჯერებ?
– ეგ რანაირად? – გაიკვირვა მონადამ
– ალბათ აჯობებს მცირე მაგალითი მოვიყვანო! – ჩაფიქრდა ტახიონი – ადრე ვიცნობდი, უფრო სწორად, მინახავს ყმაწვილი იყო ესე, კარგი, კეთილი და სათნო. მახსოვს გაივლიდა ქუჩასა შინა და არ ტოვებდა მათხოვართა, მაშვრალთა, მიუსაფართა, გროში რომ არ გაეწოდებინა. ჰკითხავდი რატომ შვებიო, იტყოდა სინდისი ასე მკარნახობსო. მაგრამ ვისაც კი მის გვერდით უვლია წამსა მას სათნოებისა, ნახავდა რა ღიმილს მის სახეზე, როდესაც ქველის კეთებისას მაშვრალი გაუღიმებდა. ეს იყო მისი ვნება და სიტკბო. ეხმარებოდა ღიმილის სანაცვლოდ, რადგან თვითონ არ ეღიმებოდა, არ ეცინებოდა. მკვდარი იყო გული მისი და ითხოვდა გაღვიძებას. ასე ჰქმნიდა იგი საქმნელსა, რომელსაც კაცნი ბოროტებას დაუძახებდნენ. აწვალებდა ცხოველთ, დასცინოდა კაცთა, გადაჰკიდებდა სხვათ ერთურთსა და იჯდა, უყურებდა, ტკბეობდა და სიამოვნებდა. ეს იყო მაგალითი ერთი განვრცობილი მრავალთა ზედა. დიდი სათქმელი დაკნინებული მომცრო საფიქრალითა.
– რას ამბობ ჩემო მეგობარო?
– ვამბობ და ეს არის ჭეშმარიტება, რომ სიკეთესა და ბოროტებისა ქმნის საფუძველი არის სიამოვნების მიღება ქმედებისგან და ვერას გზით ვერ იქნება ქმედების ფუძე თვითონ ქმედება. მაშ სიკეთე მოკვდა როგორც ბოროტება, რადგან კეთილი ან ბოროტი შეფასებითი ნაწილია და არა არსი ქმედებათა წარმოშობისა.
– რას, ამბობ, რას ამბობ? – გაიკვირვა მონადამ
– ეს არს ჭეშმარიტება! – მიუგო ტახიონმა
– მაშ რა არის სიკეთე და რა ბოროტება, რით განვასხვავოთ ერთურთისგან?
– მე გეტყვი, რომ ისინი ერთნი არიან და მაშასადამე ცალ ცალკე არ არსებობენ. ხოლო მათ შორის სხვაობა გონების გამონაგონია. რადგან სიკეთისა და ბოროტების საფუძველი სიამოვნების მიღებაა, ფიქრის პირველ წამებში გონება ვერ განსაზღვრავს ფიქრის რაობას, მას სჭირდება შემდგომი ანალიზი, იმისა თუ ჩანაფიქრს, როგორი ინტერპრეტაცია შეიძლება მოყვეს, ჯერ თავისი თავის მხრიდან, ხოლო მერე საზოგადოების თვალთახედვიდან. ზუსტად ეს ანალიზი იძლევა პასუხს ჩანაფიქრი კეთილია თუ ბოროტი. ხოლო მანამდე, ჩანაფიქრის დასაწყისში მისი რაობა დაუდგენელია,ფუნქცია კი სიამოვნების მიღება!
– და სინდისი, ის სინდისი ვითარცა მხსნელი ღმერთი, საგულესა შინა დაბუდებული!
– ჰმ, სინდისი! სინდისი ისაა რაც შეუძენია, რაც ჩაუნერგიათ და უსწავლებიათ ადამიანისთვის, რამეთუ ღრმა ბალღობაში რამის დამტვრევისას, ან გაფუჭბისას სინდისი მანამდე არ აწუხებს, სანამ სინდისს არ ასწავლიან. სანამ არ ეტყვიან რა არს კარგი და რა ცუდი, რა არს სიკეთე და რა არს ბოროტება მათი, მასწავლებელთა წარმოდგენით. ხოლო სიკეთისა და ბოროტების რაობაზედ უკვე ვისაუბრეთ და მაშ კომპასი იგი, რომელსაც მოკვდავნი სინდისს ეძახიან, დაფუძნებული სხვათა წარმოდგენებზე ვერ ასახავს ჭეშმარიტებას რომელიც აქამომდე მოვყევი.
– მაშ,მაშ ღმერთი სად არის, მე ამ სიტყვებში მას ვეღარ ვხედავ?
– მოკვდა იგი, ანუ ის წარმოდგენა მასზე, რაც კაცობრიობას რაიმე სახით ჰქონია. რადგან სიკეთე და ბოროტება ერთ საწყისზედ დგას, ხოლო რაობა ბუნდოვანია, ყველა ღმერთი რომელიც სიკეთის კონცეფციას ექვემდებარება მასსავით ბუნდოვანი, გაურკვევლი და შესაბამისად ჭეშმარიტებას აცდენილია. ანდა შენ რა, ფიქრობ, რომ ვინმე ზის და დავთარს ადგენს, ვინ რამდენჯერ მიანიჭა თავის თავს სიამოვნება, ან სიკეთით ან ბოროტებით?
– და?
– თავის მხრივ ხომ სიკეთისა და ბოროტების რაობაც ერთმანეთში აღრეულია და დამოკიდებული კაციდან კაცამდე, ადამიანიდან ადამიანამდე.
– ეგ როგორ?
– ხანდისხან სიკეთე სხვისი მხრიდან ბოროტებად აღიქმება. განსაკუთრებით გამცემსა და მიმღებს შორის თუ რაიმე სახის ქცევის წესებში, ანუ ისინი როგორც ეძახიან კულტურაში არის სხვაობა. ხანდისხან კი ზედმეტი სიკეთე, ზრუნვა ბოროტებად გვევლინება. ზრუნვა რამეზე ან ვინმეზე სიკეთის ერთგვარი ძალადობრივი ფორმაა. ეშორეთ იმათ ვინც ზრუნავს თქვენზე, რამეთუ ისინი თვითონ არიან დასაცავები. შორდით მათ ვინც წაქცეულს წამოგაყენებთ, რამეთუ ისინი თვითონ არიან წაქცეულები. ეშორეთ ყოველს სიკეთეს რომელიც არ მოგითხოვიათ,რადგან სხვათა ინიციატივა მათ ნაკლოვანებებზე მიუთითებს. მათი სურვილი, ფარულად ჩანჩქერობს და სიკეთის კეთებით ამ ჩანჩქერს წყლის ნაკადს სძენენ. აქვთ რა განწყობა, მათაც იმ მანერით მოექცნენ, როგორც თვითონ იქცევიან, მანერით რითაც სიკეთეს აკეთებენ და არ გაგანებებენ თავს სანამ არ დაკმაყოფილდებიან. ერიდეთ მზგავსთა,მსურველებს კეთილისა, რამეთუ ამა ქცევით პირველ რიგში თავსა თვისსა ატკბობენ,აგემოვნებენ, ეფერებიან და ნუ შეგეშინდებათ ბოროტთა მათთა, რამეთუ ბოროტის სახე ხსნილია, გარკვეული, იგივ დადგენილი, რადგანაც არ ჩვევია მალვა. გამხელილია მისი რაობა რადგან, განვლო მომენტი როდესაც შენ მასზე, როგორც სიკეთესზე ფიქრობდი და აწ ხილულია, აწ განმარტებული. და მაინც სად არის ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის
– სად?
– არ არის, არ არის ზღვარი! ის იცვლება თაობებს შორის, განსხვავებულია სხვადასხვა კულტურებში, განსხვავებულია ინდივიდებს შორის. უფრო მეტიც ინდივიდებს შორის უფრო დიდია განსხვავება ვიდრე ერებს შორის, რადგან ინდივიდები დამოკიდებულნი არიან თავიან ხასიათზეც, გარდა საზოგადოდ მიღებული დადგენილებისა. ხოლო კულტურა კი დოქტრინაა კონკრეტული ხალხის, იგივ დადგენილი წესი ცხოვრებისა. მაშ სად არის ზღავრი სიკეთესა და ბოროტებას შორის? არსად! იმდენად არსად, რომ მას მე ერთ სახელს არხიონს* დავუძახებდი. თუ საფუძველი ერთი აქვთ და მას არხიონი ჰქვიან, ხოლო არხიონის განაყოფებს საზღვრები ბუნდოვანი, მაშ ბნელი მატერიის ნაკადი რომელსაც შენ საუკუნეებია ამუშავებ, ათეთრებ და ამშვენებ არის აფსურდი, ილუზია და მეტი არაფერი.
– ანუ, ქრონონთა სვლის დღიდან, რაც კი აქსეონი დამიმუშავებია სულ ტყუილად?
– სულ ტყუილად! – ჩაიცინა ტახიონმა – ერთ სიმართლეს კიდევ გეტყვი!
– გისმენ!
– შენ არ გაჩენიხლხარ ქრონონთა სვლის დღიდან. მე უკვე გოოგოლ ქრონონია ვვარსებობ და მინდა გითხრა, რომ შენ სულ ახალი ხანია რაც გაჩნდი. იმ ჟამს, რაც კაცობრიობამ სახელი დაირქვა და თავი იცნო.
– მატყუებ! – წამოიძახა მონადამ
– ჰმ!
– მატყუებ! – ისევ გაიმეორა – ჯერ მეუბნები, რომ აქსეონების ნაკადი აბსურდია, გინდა რომ ეს დავიჯერო, მერე კი მეუბნები, რომ სამყარო ჩემზე ბევრად უფრო დიდი ხნისაა. თუ ეს არის შენი ჭეშმარიტება მე არ ვღებულობ მას!
– ჰმ! – გაეღიმა ტახიონს – ეტყობა შენ ჯერ კიდევ არ ხარ მზად! მე წავალ, უნდა წავიდე, მაგრამ დავბრუნდები, როდესაც იპოვი სიკვდილის გზას! – და იმ ქრონონსვე განქარდა.
მონადამ მიიხედ მოიხედა, თვალით ეძებდა ტახიონს, მაგრამ აღარ ეძახდა. მოსჭიდა ხელი კაცობრიობის თოხს და აქსეონების ნაკადს დაუწყო ფერთხვა.
და ჰქონდა მას შრომისა და ტანჯვისა ქრონონთა გრძელი ნაკადი, რადგან მონადა არ იყო მზად მიეღო ჭეშმარიტება ნათქვამი იგი და უკვე გაგონილი. და ელოდა,ელოდა სამყარო როდის გამოეცხადებოდა ტახიონი უკვე სფერული ფორმით მას დაქცეულსა, გავერანებულსა მონადას.

*
მონადა – სულის ნაწილაკი
ტახიონი – ნაწილაკი, რომელიც სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად მოძრაობს
აქსიონი – ბნელი მატერიის ნაწილაკი
ქრონონი – დროის  ნაწილაკი
არხიონი – ქმედების ნაწილაკი, რომელიც იწყებს სხვა დანარჩენს.
შენიშვნა: ამ ნაწილაკებიდან არცერთის არსებობა არ არის დამტკიცებული, ხოლო არხიონი ავტორის გამონაგონია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.