ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ სფერული ვარსკვლავთგროვები შეიძლება განსხვავებული სიჩქარეებით ევოლუციონირებდნენ, ამ პროცესის დინამიკაზე ყველაზე უკეთესად მათში არსებული ვარსკვლავების განსაკუთრებული კლასი მოგვითხრობს, ლაპრაკია ჩამორჩენილ ვარსკვლავებზე(ESO).
სფერულ გროვებს უწოდებენ კლასტერებს, რომლებშიც ვარსკვლავები მჭიდრო გრავიტაციული ურთიერთქმედებებით არიან დაკავშირებულნი. ჩვენს გალაქტიკაში დღევანდელი დღისთვის 150 ასეთი გროვაა აღმოჩენილი. სფერული გროვები ძალიან დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბდნენ, დაახლოებით 12-13 მილიარდი წლის წინათ, მაშინ როცა სამყაროს მთელი ისტორია 13,7-14 მილიარდ წელს ითვლის.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მსგავსი ასაკის მიუხედავად, მათი ევოლუცია განსხვავებული სიჩქარით შეიძლება მიმდინარეობდეს. ამის დასადგენად მკვლევარებმა სხვადასხვა სახის ვარსკვლავების განაწილება 21 სფერულ გროვაში შეისწავლეს. გროვათა გამოსახულება „ჰაბლით“ და ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის 2,2 მეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპით გადაიღეს(MPG).
აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ვარსკვლავურ კლასტერებში ჩამორჩენილი ვარსკვლავების, გროვას ყველაზე მესიური ვარსკვლავების, განაწილება განსხვავებულია. ითვლება, რომ ეს მნათობები ნივთიერებათა გაცვლით ან უფრო პატარა ვარსკვლავების შერწყმით წარმოიქმნებიან. ახლად მიღებული ბირთვული სათბობის ხარჯზე, ასეთი ვარსკვლავები გროვას სხვა ვარსკვლავებზე მეტად კაშკაშებენ და კარგად ჩანან.
მასიური ცისფერი ჩამორჩენილები დროთა განმავლობაში გროვას ცენტრში იყრიან თავს და შესაბამისად, მათი განაწილება გროვას ევოლუციის სიჩქარეზე მეტყველებს. მაგალითად, თუ ცისფერი გიგანტები მთელს გროვაში თანაბრად არიან გადანაწილებულნი, მაშინ ეს ფაქტი გროვას ევოლუციურ ახალგაზრდობაზე მიუთითებს.