ვენერას კვლევის ისტორია.
ვენერა – საბჭოთა ავტომატური საპლანეტათშორისო აპარატების სერია (ასს), შექმნილი პლანეტა ვენერასა და კოსმოსის კვლევისთვის. მკაცრი პირობები ვენერაზე, ასევე ტემპერატურისა და წნევის დაუზუსტებელი მონაცემები, ძალიან ართულებდა ვენერას კვლევის პროცესს. დასაშვები აპარატები დნობადობის რეზერვსაც კი ფლობდა. პირველი გაფრენები უშედეგოდ მთავრდებოდა, ეს კაცობრიობისთვის საპლანეტთშორისო გადაფრენების პირველი მცდელობები იყო. შემდგომი წარმატებები ვენერას ასს-ებით შესწავლის საქმეში იმდენად ეფექტური იყო, რომ მას „რუსეთის პლანეტა“ შეარქვეს.
„ვენერა-1“ – სხვა პლანეტის გამოსაკვლევი პირველი კოსმოსური აპარატი კაცობრიობის ისტორიაში. სტარტი 1961 წლის 4 თებერვალს განხორციელდა, თუმცა უშედეგოდ. 1961 წლის 12 თებერვლის წარმატებული გაშვებიდან 7 დღის მერე, 2 მილიონი კილომეტრის მანძილზე დედამიწიდან, აპარატთან კავშირი დაიკარგა (სავარაუდოდ, მზის მიმართულების მაჩვენებელი ინსტრუმენტის გადაცხელებისა და მწყობრიდან გამოსვლის გამო), უმართავმა აპარატმა პლანეტას 100 ათასი კილომეტრის დისტანციაზე ჩაუარა, ეს იყო პირველი ფრენა ვენერასთან ახლოს.
„ვენერა-62A,- 62B, -62C“ („თანამგზავრები-19,-20,-21“). ვენერა-მარსის კვლევის უნიფიცირებული პროექტი, ასს-ების მეორე თაობა. პირველი გაშვებები 1962 წლის 25 აგვისტოს, 1 და 2 სექტემბერს განხორციელდა, გათვალისწინებული იყო დასაშვები ზონდის ზედაპირზე ჩაშვებაც, თუმცა ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.
„ვენერა-63A“- ვენერა-მარსის კვლევის უნიფიცირებული პროექტი, ასს-ების მეორე თაობა. პირველი სტარტი 1963 წლის 11 ნოემბერი, ისევ უშედეგოდ.
„ვენერა-64A და 64B“. სტარტის დღე 1964 წლის 19 თებერვალი და 27 მარტი, უშედეგოდ.
„ვენერა-2“ და „ვენერა-3“ – 1965 წლის ნოემბერს, მათ პლანეტას მიაღწიეს. „ვენერა-2“-მა პლანეტას 24 ათასი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრინა. „ვენერა-3“-მა ზედაპირს 1966 წლის 1 მარტს მიაღწია და ვენერას ზედაპირის პირველ ხელოვნურ ობიექტად იქცა. ორივე სადგურმა მიახლოებასთან ერთად დედამიწასთან კავშირი დაკარგა, ამიტომ მონაცემების მიღება ვერ მოხერხდა. ფრენის დროს შესწავლილი იქნა მაგნიტური ველი, კოსმოსური სხივები, მცირე ენერგიის მქონე დამუხტული ნაწილაკები, მზიური პლაზმის ნაკადები და მათი ენერგეტიკული სპექტრები, კოსმოსური რადიოგამოსხივება და მიკრომეტეორიტები. 1965 წელს, ანალოგიური თამნამგზავრების („ვენერა-65A და 65B) გაშვებებიც წარუმატებლად დამთავრდა.
„ვენერა-4“-მა 1967 წლის ოქტომბერს პლანეტაზე სფერული ფორმის დასაშვები აპარატი ჩაუშვა, რომელიც პარაშუტით ღამის მხარეს 94 წუთი ეშვებოდა. გადმოცემული მონაცემების მიხედვით გაირკვა, რომ 25 კილომეტრის სიმაღლეზე ატმოსფეროს ტემპერატურა, რომელიც 90% ნახშირორჟანგისგან შედგება, 271 გრადუსია ცელსიუსით, წნევა კი 17-20 ატმოსფერო. აღმოჩენილ იქნა ვენერას წყალბადის გვირვინი. „ვენერა-4“-ის გაფრენამდე ითვლებოდა, რომ ზედაპირზე წნევა 10 ატმოსფეროს უტოლდებოდა, თუმცა აპარატიდან მიღებული მონაცემი ამ რიცხვზე გაცილებით მეტს აჩვენებდა – 100 ატმოსფერო. ყოველივე ეს გათვალისწინებულ იქნა ამ სერიის მომდევნო აპარატების პროექტირების დროს. 1967 წლის 17 ივნისს გაშვებული ანალოგიური აპარატებით, ვენერას ზედაპირზე ზონდის ჩაშვების მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა („ვენერა-67A“).
„ვენერა-5“ და „ვენერა-6“ , 1969 წელს ვენერას ღამის ატმოსფეროში შევიდნენ და უფრო ღრმა ფენების პარამეტრების ზუსტი მონაცემები გადმოსცეს. ფრენის დროს ახალი მონაცემები იქნა მიღებული პლანეტასთან ახლოს მოძრავი მზიური პლაზმის შესახებ.
„ვენერა-7“ – სტარტი 1970 წლის 17 აგვისტო, ვენერას კი 1970 წლის 15 დეკემბერს მიაღწია. მისი დასაშვები აპარატი მთლიანად იქნა გადაკეთებული, ფუნქციონირება 180 ატმოსფეროს პირობებშიც შეეძლო. ასე მოხდა პირველი მწყობრში მყოფი ზონდის ვენერას ზედაპირზე რბილი დაშვება (წინა ზონდები უკვე 18-28 კილომეტრის სიმაღლეზე ზედაპირიდან, მაღალმა წნევამ გაჭყლიტა). ინფორმაცია 53 წუთის განმავლობაში გადმოიცემოდა, აქედან 20 წუთი ზედაპირიდან (პირველი რადიოკავშირი სხვა პლანეტის ზედაპირთან). მიღებული მონაცემების მიხედვით დადგინდა, რომ ზედაპირთან წნევა 90±15 ატმოსფეროა, ტემპერატურა კი 475°±20 °C. მომდევნო, 1970 წლის 22 აგვისტოს განხორციელებული სტარტი უშედეგოდ დამთავრდა („ვენერა-70A”).
„ვენერა-8“, 1972 წლის 27 მარტი, პლანეტას იმავე წლის 22 ივლისს მიაღწია, სტარტიდან 117 დღის მერე. პირველად მოხდა რბილი დაჯდომა ვენერას მზით განათებულ მხარეს. ზონდი ისევ გადააკეთეს, 180 ატმოსფეროს მაგივრად ის 105 ატმოსფეროზე მუშაობდა, რითაც მისი 40 კილოგრამით შემსუბუქება მოხერხდა. ამის ხარჯზე დაყენებულ იქნა დამატებითი აპარატურა – ფოტომეტრი და ამიაკის კონცენტრაციის განმსაზღვრელი ინსტრუმეტი. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო განათების გაზომვა, მომავალში ზედაპირის უკეთ ფოტოგრაფირების მიზნით (აღმოჩნდა, რომ ეს მოანაცემი იგივეა, როგორც დედამიწაზე მოღრუბლული ამინდის დროს). დადგინდა ამიაკის კონცენტრაციაც, გამა-სპექტრიომეტრით პირველად მოხდა სხვა პლანეტის გრუნტის კვლევა. გადმოცემული რადიოსიგნალის დოპლერისეული წანაცვლების დადგენით შესაძლებელი გახდა ქარის სიჩქარის გაზომვა სხვადასხვა სიმაღლეებზე. მისია „ვენერა-8“ თავიდან ბოლომდე წარმატებით დასრულდა. ზედაპირზე დაშვების მომდევნო მცდელობა „ვენერა-72A“ (1972 წლის 31 მარტი), უშედეგოდ დასრულდა.
„ვენერა-9“ და „ვენერა-10“ – მესამე თაობის მძიმეწონიანი აპარატები. სადგურების დასაშვები ზონდები განათებულ მხარს 1975 წლის ოქტომბერს დაეშვა, ერთმანეთისგან 2000 კილომეტრის მანძილზე. დაშვებიდან 2 წუთის მერე, სატელევიზიო პანორამის გადმოცემა დაიწყო. ეს იყო სხვა პლანეტიდან გადმოცემული პირველი კადრები. დადგინდა გრუნტის სიმკვრივე და რადიოაქტიური ელემენტების შემცველობა. ზონდიდან ინფორმაციის გადმოცემა 53 წუთი გრძელდებოდა. თვითონ თანამგზავრები კი ელიფსური ორბიტებით, სხვა პლანეტის პირველ ხელოვნურ თანამგზავრებად იქცა.
„ვენერა-11“ და „ვენერა-12“, 1978 წლის დეკემბერში დღიან მხარეს დაეშვა. გაზომვათა კომპლექსში შედიოდა ატმოსფერული განმუხტვების რეგისტირებაც, გამოსახულების გადმოცემა ვერ მოხერხდა.
„ვენერა-13“ და „ვენერა-14“ – ვენერაზე 1982 წლის მარტში დაეშვა. პირველად იქნა გადმოცემული ფერადი ფოტოები, ჩატარდა პირველი, გრუნტის პირდაპირი ანალიზი.
„ვენერა-15“ და „ვენერა-16“-მა პლანეტას 1983 წლის ოქტომბერს მიაღწია. რამდენიმე თვის განმავლობაში დედამიწაზე გადმოიცემოდა პლანეტის რადიოლოკაციურ გამოსახულებები, 102 კილომეტრის გარჩევადობით. მომავალში, საბჭოთა კავშირმა პროგრამა ვენერა პროგრამა ვეგათი გააგრძელა – „ვეგა-1“ და „ვეგა-2“-მა ჰალეის კომეტაც გამოიკვლია.
პოსტსაბჭოურ რუსეთში არსებობდა 2016 წლისთვის დაგეგმილი პროგრამები – ასს „Венера-Д“ და მოგვიანებით ასს „Венера-Глоб“.
„მარინერ-10“ – ამერიკული ასს, გაუშვეს 1973 წლის 3 ნოემბერს. მისიის მიზანი იყო ვენერასა და მერკურის კვლევა ორბიტაზე გაუსვლელად. პროექტის საერთო ღირებულებამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა. 2008 წლამდე „მარინერ-10“ ერთადერთ აპარატად რჩებოდა, რომელმაც მერკური ახლო დისტანციიდან გადაიღო. ეს იყო მარინერის სერიის ბოლო აპარატი, რადგან „მარინერ-11“-ს და „მარინერ-12“-ს სახელები გადაარქვეს – „ვოიაჯერ-1“ და „ვოიაჯერ-2“ შესაბამისად („მარინერ-1“ სტარტის მერევე აფეთქდა და განადგურდა).
„მარინერ-10“ იყო მეორე („ლუნა-3“-ის მერე) ასს, რომელმაც გრავიტაციული მანევრი გამოიყენა, მერკურისთან მიახლოების მიზნით, ვენერას მიზიდულობის ძალით შეიცვალა ტრაექტორია. ვენერასთან მაქსიმალური მიახლოების მანძილმა 5770 კილომეტრი შეადგინა.
აპარატმა 3 ათასამდე სურათი გადმოსცა, გადაღებული ხილულ და ულტრაიისფერ დიაპაზონებში, გარჩევადობის შესაძლებლობით 90 და 18 მეტრი შესბამისად. ფოტოებმა გვიჩვენა, რომ ატმოსფერო განუწყვეტელ მოძრაობაშია. აპარატმა დაადგინდა პლანეტის ზუსტი მასა, რომელიც სავარაუდოზე მცირე აღმოჩნდა, დაამტკიცდა ისიც, რომ ვენერას არ გააჩნია მაგნიტური ველი.
მაგელანი – ნასას ასს, პირველად მოახდინა ვენერას დეტალური და სრულმასშტაბიანი რადიოლოკაციური კარტოგრაფირება. აპარატი 1989 წლის 4 მაისს შატლ „ატლანტისიდან“ გაუშვეს, მან 1994 წლის ოქტომბრამდე იმუშავა.
ვენერაზე შეჯახებით გაჩენილი კრატერების მცირე რაოდენობაა, სამაგიეროდ ბევრია ვულკანური აქტივობით ჩამოყალიბებული წარმონაქმნები (ლავის ვაკეები). ვენერას ზედაპირი გეოლოგიური თვალსაზრისით ახალგაზრდაა – 800 მლნ. წელზე ცოტა, არის ზებლანტი ლავის დინების კვლები. უცნაურია ის, რომ მარსისგან განსხვავებით, ვენერაზე არ შეიმჩნევა ქარისგან გამოწვეული ეროზიის ნიშნები, ხოლო მტვრის ატმოსფერული გადატანის პროცესს სუსტად გამოხატული სახე აქვს.
1992 წლიდან 1993 წლის ჩათვლით, „მაგელანი“ ვენერას გრავიტაციულ ველს იკვკლევდა. ამ პერიოდში ის ზედაპირის რადილოკაციას არ აწარმოებდა, უბრალოდ აგზავნიდა მუდმივ რადიოსიგნალს დედამიწისკენ. სიგნალის სიხშირის ცვლილების მიხედვით, ხდებოდა აპარატის მოძრაობის სიჩქარის უმცირესი ცვლილებების დაფიქსირებაც (დოპლერის ეფექტი), რაც თავის მხრივ, პლანეტის გრავიტაციული ველის თავისებურებების დეტექტირების საშუალებას იძლეოდა.
1993 წლის მაისიდან აგვისტომდე „მაგელანმა“ ატმოსფერული დამუხრუჭების ტექნოლოგია გამოსცადა. ორბიტის ქვედა წერტილი კიდევ უფრო დაბლა იქნა დაწეული, რათა აპარატს ატმოსფეროს ზედა ფენებთან ჰქონოდა შეხება და ამით საწვავის დანახარჯის გარეშე ეცვალა ორბიტის პარამეტრები. მთლიანობაში, აპარატმა პლანეტის 95%-იანი „გრავიტაციული რუქა“ შეადგინა.
1994 წლის სექტემბერში ჩატარდა ვენერას ატმოსფეროს ზედა ფენების საკვლევი ექსპერიმენტი. მზის პანელები ისეთნაირად იქნა მობრუნებული, რომ აპარატი ქარის წისქვილს დაემსგავსა, აპარატი დამუხრუჭდა, ორბიტამ კი დაბლა დაიწია. ამან მეცნიერებს ატმოსფეროს ყველაზე უფრო ზედა ფენებში მოლეკულების მოძრაობების შესახებ ინფორმაციის მოპოვების სშუალება მისცა. 11 ოქტომბერს ორბიტა ბოლოჯერ იქნა დაწეული, ხოლო 1994 წლის 12 ოქტომბერს ვენერას ზედაპირისკენ სპირალურად მოძრავ აპარატთან კავშირი საბოლოოდ დაიკარგა.
„ვენერა-ექსპრესი“- ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასს, სტარტი კოსმოდრომ ბაიკანურიდან 2005 წლის 9 ნოემბერს განხორციელდა, ხოლო ვენერას ორბიტაზე 2006 წლის 11 აპრილს გავიდა („მარს-ექსპრესი“ ამ აპარატის პროტოტიპია). ასს-ს მუშაობა 500 დღით იყო განსაზღვრული, თუმცა ეს ვადა აპარატის ფუნქციონალურობის შენარჩუნების გამო, სამჯერ გაიზარდა (2012 წლის 31 დეკემბრამდე). სპექტრომეტრული კვლევების და რუქების შედგენის გარდა, გადაიღო სამხრეთ პულუსის ფოტოები და მის თავზე ატმოსფერული ბნელი „ორმო“ აღმოჩინა, ისეთივე, როგორიც ჩრდილოეთ პულუსის თავზეა. პროექტზე დაიხარჯა 300 მილიონი ევრო.
ვენერას იკვლევდა „მარინერ-2“ და „მარინერ-5“, „პიონერ-1“ და „პიონერ-2“ (NASA).
იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) კუთვნილი ავტომატური თანამგზავრი – ”აკაცუკი”, ვენერას ორბიტაზე ჯერ კიდევ 2010 წელს უნდა გასულიყო, მაგრამ ძრავების გაუმართაობის გამო, სამიზნეს ასცდა და მზის გარშემო დაიწყო ბრუნვა. 5 წლიანი მოლოდინის მერე, როგორც იქნა ხელსაყრელი პირობები შეიქმნა და იაპონელმა პეციალისტებმა, მცირე გაწევის სამანევრე ძრავების გამოყენებით, აპარატი ვენერას ორბიტაზე გაიყვანეს. მაღალ ორბიტაზე მოძრაობის მიუხედავად, ”აკაცუკი” დაგეგმილი კვლევების დიდი ნაწილის ჩტარებას მაინც შეძლებს (საინტერესო ფაქტები ვენერაზე).