ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორია სამყაროზე დაკვირვების მასშტაბებს ცვლის

 ჩილეში, ზეგან სერო პაჩონზე, დიდი ხნის ნანატრი ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორია ამუშავდა და ასტრონომებისთვის პირველი მონაცემების გაგზავნაც უკვე დაიწყო. 24 თებერვალს, დაკვირვების მხოლოდ ერთ ღამეში, მან, ღამის ცაზე ხანმოკლე მოვლენების შესახებ 800 000 ასტრონომიული შეტყობინება გაავრცელა. ეს მასშტაბური პროექტი, არსებული ობსერვატორიებისგან განსხვავებით, კონკრეტულ სამიზნეზე ფოკუსირების ნაცვლად, ყოველ რამდენიმე ღამეში მთელ ცას ასკანირებს და ცის სფეროს ულტრაფართო, ულტრამკვეთრ ჩანაწერებს  ქმნის, აქამდე არსებულთა შორის ყველაზე დიდი ციფრული კამერის გამოყენებით.

ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორია აღჭურვილია 8,4 მეტრი სარკიანი ტელესკოპით, რომელიც შექმნილია სამხრეთის ცის 10-წლიანი კვლევისთვის (LSST). ის იღებს 3200 მეგაპიქსელიან სურათებს ბნელი მატერიის, ბნელი ენერგიისა და ტრანზიენტული (სწრაფად ცვალებადი) ობიექტების შესასწავლად. მისი უნიკალური სამსარკიანი და სწრაფი, 5 წამიანი რეპოზიციონირებადი სისტემა, ღამით დაახლოებით 1000-მდე სურათის გადაიღების საშუალებას იძლევა.

 ტელესკოპის მთავარი სამიზნე ე.წ. ტრანზიენტებია – ასტრონომიული ობიექტები, რომლებიც ვიზუალურად სწრაფად იცვლება, მაგალითად, ასტეროიდები ან აფეთქებული ვარსკვლავები. როგორც კი სისტემა წინა დამზერასთან შედარების მერე ცვლილებებს აღმოაჩენს, ასტრონომებს მყისიერად ეგზავნებათ ავტომატური შეტყობინება. ინფორმაციის უზარმაზარ და უწყვეტ ნაკადთან მეცნიერების დაკავშირებით, ობსერვატორია მათ საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს განვითარებისვე პროცესში – ყველაზე ფეთქებადებიდან დაწყებული, ყველაზე მკრთალი და სწრაფად წარმავალი მოვლენებით დამთავრებული (უძლიერესი აფეთქება).

 გენერირებული მონაცემების მოცულობა გასაოცარია. მხოლოდ ექსპლუატაციის პირველ წელს, ტელესკოპი, სავარაუდოდ, უფრო მეტ ობიექტს დააფიქსირებს, ვიდრე კაცობრიობის ისტორიაში, ხილული დიაპაზონის ყველა ობსერვატორია ერთად. მაქსიმალური დატვირთვით მუშაობის დაწყების შემდეგ, ღამის შეტყობინებების რაოდენობა 800 000-დან, 7 მილიონამდე გაიზრდება. პროექტი მინიმუმ ათი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 შეტყობინებების ასეთი ნაკადის დამუშავების ავტომატიზაცია რთულ ამოცანად იქცა. დღესდღეობით, შეტყობინებათა რაოდენობა ისეთია, რომ ყველა მათგანზე თვალყურის დევნება ფიზიკურად შეუძლებელია. ამის ნაცვლად, მონაცემებს მართავს ინტელექტუალური პროგრამული პლატფორმების სერია, რომლებიც “ბროკერების” სახელით არის ცნობილი. ეს სისტემები შეტყობინებების გასაფილტრად მანქანური დასწავლის ალგორითმებს იყენებს, დასახარისხებლად და კლასიფიკაციისთვის, სანამ მათ სამეცნიერო ჯგუფებსა და სხვა ობსერვატორიებში გადააგზავნიან. მონაცემებს, ასევე, სხვა დიაპაზონებში მიღებულ საარქივო კატალოგებსაც ადარებენ.

 შეტყობინებათა ბროკერი – ANTARES,  მის შემქმნელებთან ერთად, სწრაფად და მასშტაბურ მონაცემებთან მუშაობს, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს ყველა საინტერესო, ასევე აქამდე უხილავი ობიექტი იპოვონ. ANTARES, შვიდი ოფიციალური ბროკერიდან ერთ-ერთია, რომელთაგან თითოეული, ობსერვატორიის ყველა მონაცემს შთანთქავს, მაგრამ ინფორმაციის სხვადასხვა ასპექტზეა სპეციალიზებული. ბროკერებზე წვდომა ყველასთვის ღიაა, მათ შორის, საზოგადოებისთვის და მოყვარული მეცნიერებისთვისაც.

ქალწულის გალაქტიკათა გროვა, რომელიც 1500 გალაქტიკას აერთიანებს, გადაღებულია ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიის მიერ.

 პროფესიონალი ასტრონომებისთვის რუბინი და მისი შეტყობინებათა სისტემა რევოლუციურ გარღვევას წარმოადგენს. მეცნიერები წელიწადში რამდენიმე ასეულ ან ათასობით გარდამავალ მოვლენას აფიქსირებდნენ, ხოლო ერთ ღამეში 800 000-მდე მატება კარდინალური ცვლილებაა. ობიექტები, რომლებიც ადრე იშვიათობად ითვლებოდა, ჩვეულებრივი მოვლენა გახდება, ხოლო კიდევ უფრო იშვიათი ფენომენები, რომელთა აღმოჩენა აქამდე შეუძლებელი იყო, გამოჩენას დაიწყებენ. ამიტომ, სრულიად ახალი ობიექტებისა და ფენომენების აღმოჩენის შანსი ძალიან მაღალია.

ვერა ფლორენს კუპერ რუბინი (Vera Florence Cooper Rubin; 1928- 2016) – ამერიკელი ასტრონომი, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე იყო გალაქტიკათა ბრუნვის მაჩვენებლის კვლევებში. გალაქტიკური ბრუნვის მრუდის შესწავლის შედეგად, აღმოაჩინა შეუსაბამობა გალაქტიკების პროგნოზირებად და დაკვირვებად კუთხურ მოძრაობას შორის. გალაქტიკათა ბრუნვის პრობლემის იდენტიფიცირების მეშვეობით, მისმა კვლევებმა პირველი მტკიცებულოებები უზრუნველყო ბნელი მატერიის არსებობის შესახებ. მომდევნო ათწლეულებში ეს შედეგები დადასტურდა (მოუხელთებელი ბნელი მატერია).

 ობსერვატორიას უკვე წვლილი შეაქვს ზეახლების კვლევაშიც. შეტყობინებათა ამჟამინდელი ნაკადითაც, გამოვლინდა ტრანზიენტები, რომლებსაც დღემდე ვერცერთი სხვა კვლევა ვერ შეამჩნევდა. მეცნიერები მოუთმენლად ელიან ვერა რუბინის ობსერვატორიის დახმარებით I ტიპის ზეახლების აღმოჩენას, დაკვირვებას და ანალიზს. შეტყობინებათა ამჟამინდელი პარტია მხოლოდ პატარა “ნაკადულია” მოსალოდნელ “წყალდიდობამდე”. როდესაც “ვერა რუბინის” ობსერვატორია სრული დატვირთვით ამუშავდება, ასტრონომია, გადაჭრაბების გარეშე რომ ითქვას, შეიძლება სრულიად შეიცვალოს (30 წლის შემდეგ, ალბათ ვიქნებით 30 წლით მეტის; გალაქტიკა ვერა რუბინი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.