ასტრონომები, კომეტა 41P/ტატლი-ჯაკობინი-კრესაკის აუხსნელ ქცევას წააწყდნენ, რომელმაც 2017 წელს, მზესთან მიახლოებისას ჯერ ბრუნვა შეანელა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით დაიწყო ბრუნვა. ეს ობიექტი დიდი ხანია უჩვეულოდ ითვლებოდა, ისეთ ანომალიურ კომეტებთან შედარებით, როგორიცაა ცნობილი 3I/ATLAS, რომელიც, უფოლოგების იმედგაცრუებით, უბრალოდ ძალიან თავისებური ციური სხეული აღმოჩნდა და არა უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდი. თუმცა, 41P-ს შემთხვევამ მეცნიერებს ნამდვილ „კოსმოსურ ხრიკზე“ დააწყებინა საუბარი.
მზისკენ მოძრაობასთან ერთად, მისი ბრუნვის პერიოდი, 2017 წლის მარტიდან მაისამდე, 20 საათიდან 46 საათამდე გაიზარდა. შემდეგ, ასტრონომების თქმით, მისი ბრუნვა საერთოდ შეწყდა. შემდგომმა დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ კომეტა „გადაბრუნდა“ და საპირისპირო მიმართულებით დაიწყო ბრუნვა. NASA-ს კოსმოსური ობსერვატორიის, Swift-ის მიერ მიღებული ინფორმაცია, მოგვიანებით, ჰაბლის სახელობის ტელესკოპით გადაღებული სურათებით დადასტურდა. კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი) ასტრონომმა, დევიდ ჯუიტმა, “ჰაბლის” მონაცემები გააანალიზა და დაადგინა, რომ იმავე წლის დეკემბრისთვის, კომეტა სრულ ბრუნს ყოველ 14 საათში ერთხელ ასრულებდა, მაგრამ საპირისპირო მიმართულებით.
კომეტები, მზის სისტემის ფორმირების შემდეგ დარჩენილი „სამშენებლო აგურებია“. ისინი, ასე რომ ვთქვათ, მზესთან მიახლოებისას “ცოცხლდებიან” – მათი ყინული დნობას იწყებს, გაზებისა და ყინულის გამოტყორცნები რეაქტიული ძრავების როლს ასრულებენ და ქმნიან ჭავლებს, რომლებიც ზედაპირიდან სწრაფად ამოდიან და ციური სხეულის ბრუნვაზე ახდენენ ზეგავლენას. ბრუნვითი ცვლილებები, ზოგადად, იშვიათი არ არის, თუმცა, 41P-ის ტრანსფორმაციის მასშტაბმა მკვლევარები გააოცა. როგორც წესი, კომეტის ბრუნვის პერიოდები წუთებში იცვლება. ამ შემთხვევაში, ცვლილება ათობით საათს გაგრძელდა: კომეტა თითქმის მთლიანად შენელდა და შემდეგ საპირისპირო მიმართულებით დაიწყო ბრუნვა.
ამ დაკვირვებამ მეცნიერები კიდევ უდფრო მეტად დაარწმუნა, რომ პატარა კომეტები უფრო მყიფე და იშვიათი შეიძლება იყოს, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. ზოგიერთი მათგანი საკუთარი აქტიურობით იშლება. გაზის ჭავლების კრიტიკულ სიჩქარემდე აჩქარებით, ზედმეტად სწრაფი ბრუნვის გამო, კომეტები ფრაგმენტებად იშლება. ასტრონომები, კომეტა 41P-ს დეტალურად შესწავლას აპირებენ, როდესაც ის 2028 წელს, მზესთან ახლოს დაბრუნდება. განსაკუთრებული იმედები ჩილეში, ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიის მიერ ჩასატარებელი ახალი ცის კვლევების მიმართაა. შესაძლოა, „სასიკვდილო ბრუნვა“ კომეტების საერთო დასასრული იყოს და მეცნიერებს სურთ, რომ ამ მოვლენებიდან რაც შეიძლება მეტი დააფიქსირონ, რათა დაინახონ, თუ როგორ ქრებიან ისინი.