მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, ჩინური ქრონიკებიდან მზის სრული დაბნელების, რომელიც ძვ.წ. აღრიცხვით 709 წელს მოხდა, უძველესი დათარიღებული აღწერის გაანალიზების შემდეგ, ამ ისტორიულ პერიოდში დედამიწის ბრუნვის პარამეტრების დაზუსტება და ამავდროულად, ლუს ერთ-ერთი სამთავროს უძველესი დედაქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა შეძლო, რომელიც ადრე არასწორად იყო იდენტიფიცირებული. კვლევის შედეგები, რომელიც Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა, ნათელს ჰფენს როგორც ასტრონომიულ, ასევე ისტორიულ გამოცანას.
ძირითადი წყარო იყო ლუს კარის “გაზაფხულისა და შემოდგომის ანალებში” მოცემული ჩანაწერი, რომელშიც ნათქვამია, რომ ძვ.წ. აღრიცხვით 709 წლის 17 ივლისს „მზე მთლიანად დაბნელდა“. განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებისაა ამ ჩანაწერის გვიანდელი ანოტაცია, რომელიც გაკეთებულია ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, ჰანშუში (ჰანის წიგნი), სადაც ნათქვამია, რომ დაბნელებული მზე „ზემოდან და ქვემოდან სრულიად ყვითელი იყო“. მეცნიერები თვლიან, რომ ეს, სავარაუდოდ, მზის გვირგვინის – მზის გარე ატმოსფეროს ერთ-ერთი უძველესი წერილობითი აღწერაა სრული დაბნელების დროს.
კვლევის წამყვანმა ავტორმა, ნაგოიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ჰისაში ჰაიაკავამ განმარტა, რომ ლუს დედაქალაქის, კუფუს, ტრადიციულად ნავარაუდევი ადგილმდებარეობა არ ემთხვეოდა ქრონიკებში აღწერილ დაბნელების დაკვირვების პირობებს. ეს, უძველესი ქალაქის მდებარეობაში ისტორიულ შეცდომაზე მიუთითებდა. ისტორიული ტექსტებისა და არქეოლოგიური მონაცემების გაერთიანებით, ჯგუფმა განსაზღვრა უძველესი კუფუს ახალი, უფრო ზუსტი ადგილმდებარეობა.
ამ კორექტირებამ მეცნიერებს საშუალება მისცა ზუსტად გამოეთვალათ დედამიწის ბრუნვის სიჩქარე 2700 წლის წინ, რომელიც დღევანდელზე მეტი იყო მთვარის მოქცევისა და სხვა ფაქტორების გავლენის გამო. იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის თანაავტორმა, მიცერუ სომამ აღნიშნა, რომ ახალ მონაცემთა ნაკრები, დედამიწის ბრუნვის წინა კვლევებში დაშვებულ კოორდინატთა შეცდომებს ასწორებს და ისტორიული ასტრონომიული მოვლენების დათარიღების სიზუსტეს აუმჯობესებს (დინოზავრების დროინდელი მოკლე დღეები და ხანრგძლივი წელიწადი).
გარდა ამისა, ძვ.წ. აღრიცხვით 709 წლის დაკვირვება, ხის რგოლების ანალიზიდან და ყინულის ნიმუშებიდან მიღებულ მზის აქტივობის მონაცემებს შეესაბამება. ეს ადასტურებს, რომ მზე ხანგრძლივი სიმშვიდის პერიოდიდან გამოდიოდა, რომელიც ცნობილია, როგორც ნეოასურული ან „ჰომეროსული“ მინიმუმი, და იმყო 11-წლიანი ციკლის პიკში, რაც ხსნის კაშკაშა ყვითელი გვირგვინის შესახებ ჩანაწერს. კვლევის თანაავტორმა პროფესორმა, მეთიუ ოუენსმა, რედინგის უნივერსიტეტიდან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს უნიკალური ისტორიული მტკიცებულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მზის აქტივობის რეკონსტრუქციისთვის და ჩვენი ვარსკვლავის ქცევის თანამედროვე მოდელების დამოუკიდებლად გადამოწმებისთვის (მზის ისტორიული დაბნელებების შეახებ…; კლოდ მონეს ნახატის საიდუმლო ასტრონომმა ამოიცნო; ძველი ცივილიზაციები).