მეტეორული ნაკადი ჯემინიდები

 ყოველწლიური მეტეორული ნაკადის რადიანტი (შემოსვლის წერტილი), ტყუპების თანავარსკვლევედში  მდებარეობს, ამავე თანავარსკვლავედის კაშკაშა ვარსკვლავის, კასტორის მახლობლად, მაქსიმუმით 13-14 დეკემბერს. ამ რიცხვებში მეტეორების სიხშირე იქნება 120 ანთება საათში (6m). ჯემინიდები, კაშკაშა მეტეორებით გამოირჩევა, ბევრია ბოლიდიც (განსაკუთრებით ელვარე). ნაკადი, დედამიწის შემხვედრი მიმართულებით არ მოძრაობს, არამედ ეწევა მას, ამიტომ მეტეორების სიჩქარე დიდი არ არის – დაახლოებით 35 კმ/წმ.

 ასტრონომებმა, ნაკადს იდუმალი უწოდეს, რადგან სხვები დაკავშირებულია კომეტებთან, ჯემინიდები კი 5,1 კილომეტრიანი ასტეროიდის, 3200 ფაეტონის ნამსხვრევებია.

 ეს ციური სხეული, 1983 წელს, ნასას თანამგზავრმა IRAS-მა აღმოაჩინა. ობიექტი ოპერატიულად იყო კლასიფიცირებული, როგორც ასტეროიდი: არ ჰქონდა კომეტური კუდი, ორბიტა კვეთდა ასტეროიდების სარტყელს (დედამიწის ჯგუფის ოთხივე პლანეტის ორბიტებსაც), კომეტებს არც ფერით ჰგავდა, უფრო, გაცივებულ მცირე პლანეტას. ერთ-ერთი ვერსიით, ის, გიგანტურ ასტეროიდს, პალადას მოსწყდა, რის შედეგადაც ჯემინიდების მეტეორიტული ნაკადი გაჩნდა. ასტეროიდებიდან ყველაზე ახლოს ფაეტონი მიდის მზესთან, რის გამოც მას მზის ღმერთის, ჰელიოსის შვილის სახელი – ფაეტონი შეარქვეს.

 მოგვიანებით, მკვლევრებმა უფრო დაწვრილებით შეისწავლეს ჯემინიდების ორბიტები და დაასკვნეს, რომ ისინი თვითონ ფაეტონიდან არის გამოტყორცნილი. ნახევარ წელიწადში ერთხელ, ის მერკურის ახლოს ჩაიფრენს, ანუ მზესთან ახლოს, რაც მის ძლიერ გაცხელებას იწვევს.

 ერთი წლის წინ, მეცნიერებმა ახალი მონაცემები მიიღეს: ფაეტონი შეიძლება ასტეროიდი არ არის, არამედ სპეციფიური კომეტაა, რაზეც სიკაშკაშის უეცარი მატება და მტვრის ამონაფრქვევი მიუთითებს. ახალი მონაცემები კოსმოსური აპარატების – STEREO-ს საშუალებით მიიღეს.

 ახლა უკვე აღარ არსებული არესიბოს რადიოტელესკოპით გადაღბული ფოტოების მიმდევრობა.

 XXI საუკუნეში მისი ერთბაშად რამდენიმე მჭიდროდ მოახლოებაა მოსალოდნელი დედამიწასთან: ორი უკვე იყო, 2007 წლის 10 დეკემბერს, როცა ასტეროიდმა დედამიწას 18,1 მლნ. კილომეტრის მანძილზე ჩაუარა და 2017 წელს. 2050, 2060 და მინიმალურ დისტანციაზე 2093 წლის 14 დეკემბერს მოვა, როცა ფაეტონსა და ჩვენს პლანეტას შორის მანძილი დაახლოებით 3 მილიონ კილომეტრს გაუტოლდება.

 იმისათვის, რომ მეტეორულ “წვიმას” დავაკვირდეთ, არ არის საჭირო არანაირი მოწყობილობა, ისინი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, მთავარია ცა იყოს მოწმენდილი და სანახაობას სავსე მთვარე და ღრუბლები არ გადაეფაროს წინ. გადაღებისთვის გამოსადეგია ირმის ნახტომის გადაღების მეთოდი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.