გეოლოგების ვარაუდით, უზარმაზარი “S2” მეტეორის ოკეანესთან შეჯახებით შემოტანილი ორგანული ნივთიერებები მიკრობებს გადარჩენაში დაეხმარა

დაახლოებით 3.26 მილიარდი წლის წინ, ჩვენმა დედამიწამ “რაც არ გვკლავს – ის გვაძლიერებს” მომენტი განიცადა, როდესაც მას მონსტრი “S2” მეტეორი შეეჯახა. ის ზომებით თითქმის 200-ჯერ აღემატებოდა იმ უზარმაზარ ლოდს, რომლის შემოჭრასაც დინოზავრების გადაშენება მოჰყვა, თუმცა მან სიცოცხლის აფეთქება გამოიწვია.
“ჩვენს წარმოდგენაში, ციურ სხეულებთან შეჯახება სიცოცხლის განადგურებასთან ასოცირდება.” – ამბობს ნაშრომის ერთ-ერთი თანაავტორი, ნადია დრაბონი. – “თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთმა კატაკლიზმებმა რამდენჯერმე განაპირობა ადრეული დედამიწის ოკეანეში სიცოცხლის ფორმების მძლავრი აფეთქება.”
S2 მეტეორიტთან შეჯახებამდე, პლანეტა დედამიწის იერსახე ძალიან განსხვავდებოდა დღევანდელისგან – ის თითქმის მთლიანად დაფარული იყო წყლით, საიდანაც მხოლოდ რამდენიმე ვულკანი და კუნძული იყო ამოზრდილი. როგორც ჰარვადის უნივერსიტეტის გეობიოლოგი, ენდრიუ ნოლი აღნიშნავს, ორგანული ნივთიერებების კონცენტრაცია მაშინდელ ოკეანეში ძალიან მცირე იყო, ისევე, როგორც თავისუფალი ჟანგბადის, ამიტომ პლანეტაზე მხოლოდ მცირე რაოდენობით ერთუჯრედიანი ორგანიზმები – არქებაქტერიები ბინადრობდნენ.
გიგანტური მეტეორიტი S2 ოკეანეში ჩაეშვა და ფსკერს შეეჯახა; გამოტყორცნილი მტვერი ატმოსფეროში გაიშალა, ცუნამის ტალღამ მთელ დედამიწას გადაუარა, ხოლო გამოყოფილმა ენერგიამ ოკეანის ზედაპირი დუღილის ტემპერატურამდე გააცხელა. საოცარია, მაგრამ ამ ჯოჯოხეთურ მოვლენას სიცოცხლისთვის სასარგებლო შედეგები მოჰყვა.

გეოლოგიური ანალიზების მეშვეობით დადგინდა, რომ S2 მეტეორიტმა დედამიწაზე 363 მილიარდი ტონა ფოსფორი ჩამოიტანა, რომელიც, ცუნამის მეშვეობით, გლობალური ოკეანის ფსკერის დიდ ფართობზე გავრცელდა; დაჯახების შედეგად, წყლის სიზრქეში და ატმოსფეროში შეტივტივდა რკინის მინერალები, რომლითაც ფსკერის ღრმა ფენების ბინადარი მიკროორგანიზმები იკვებებოდნენ. მაშასადამე, მოხდა ის, რასაც გეოლოგები ხუმრობით “სასუქის ბომბის აფეთქებას” უწოდებენ.
მკვლევარებმა მოვლენათა თანმიმდევრობა სამხრეთ აფრიკის რეგიონში, ბარბერტონ გრინსტონის სარტყელის ტერიტორიაზე მოპოვებული ქანების მეშვეობით დაადგინეს, რისთვისაც ოკეანის ყოფილი ფსკერი და შეჯახების ადგილის გარშემო ყველა ფენა ქრონოლოგიურად გამოიკვლიეს.
ყველაზე ძველი ფენის შედგენილობაში აღმოჩენილი ორგანული ნახშირბადის კვალი უძველეს მიკროორგანიზმებს – არქებაქტერიებს ეკუთვნის, კონცენტრაციის მიხედვით მათი დასახლების სიმჭირდოვის გარკვევაც არის შესაძლებელი. მის თავზე ე.წ. “სფერულების” სქელი ფენაა – მეტეორიტის დაჯახებებისთვის დამახასიათებელი გამდნარო მასის ბურთულები, რომელიც აფეთქების შემდეგ “წვიმს”. შემდეგ სფერულები ერევა ქვიშას და კენჭებს, რაც ცუნამისთვის დამახასიათებელი კვალია; ამ ფენის თავზე მარილის კრისტალებისა და ტალახის შედუღებული კოლტების ნელ-ნელა დალექილი ნარევია, რაც S2 მეტეორიტის შეჯახებით აორთქლებული ოკეანის ნარჩენებია.

თუმცა, რაც ამ გეოლოგიური ქანების თავზე აღმოაჩინეს – გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია: უძველესი მიკრობიოლოგიური ფირების და რკინის მინერალების (უმეტესად – სიდერიტების) ფოსფორით გამდიდრებული ფენები. ეს მიუთითებს, რომ მეტეორის შეჯახების შემდეგ სიცოცხლე არათუ გადარჩა – აუცილებელი ელემენტების მიწოდების წყალობით, ახალი ძალებით იფეთქა.
უძველეს და ყველა მომდევნო გეოლოგიურ ფენებში ნახშირბადის იზოტოპების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ოკეანის ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ნახტომი განხორციელდა – არქებაქტერიებიდან პოპულაციურმა უპირატესობამ რკინა-დამოკიდებული ბაქტერიებისკენ გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ეს ნახტომიც საკმაოდ მოკლევადიანი აღმოჩნდა, მეცნიერებს მაინც მიეცათ საშუალება, რომ დედამიწის ადრეული სიცოცხლის განვითარების თანმიმდევრობა კიდევ უფრო დეტალურად გაერკვიათ.
მეცნიერები განაგრძობენ დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობა-განვითარების და მეტეორიტების შემოჭრას შორის არსებული კავშირების შესწავლას.
წყარო: edition.cnn.com.