NASA-ს James Webb-ის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, მკვლევარებმა ერთ-ერთი სავარაუდო ეგზოპლანეტის არსებობა დაადასტურეს – ეს პირველია იმ მრავალთა შორის, რომლებსაც მეცნიერები ამ ტელესკოპის მეშვეობით დააკვირდებიან. ეგზოპლანეტების კლასიფიკაციის სიაში ის ცნობილია, როგორც LHS 475 b, და იმით არის განსაკუთრებული, რომ მისი დიამეტრი დედამიწის 99%-ს შეადგენს. კვლევას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის სამეცნიერო გუნდი ატარებს, კევინ სტივენსონისა და ჯეიკობ ლასტიგ-იეგერის ხელმძღვანელობით.
პლანეტის არსებობა პირველად NASA-ს ტრანზიტული ეგზოპლანეტების მკვლევარმა თანამგზავრმა (TESS) ივარაუდა, ხოლო Webb-ის ახლო ინფრაწითელმა სპექტროგრაფმა (NIRSpec) მისი არსებობა ტრანზიტული დაკვირვების სულ რაღაც ორი სერიით დაადასტურა. “ეს ეგზოპლანეტა უეჭველად არსებობს და, რაც ყველაზე საინტერესოა, ის პატარა და კლდოვანია, როგორც დედამიწა; ეს შესანიშნავია.” – აღნიშნავენ იასტიგ-ლეგერი და სტივენსონი.
“წარმოიდგინეთ, კიდევ რამდენ ასეთ პლანეტას აღმოვაჩენთ და დავადასტურებთ Webb-ის მეშვეობით” – ამბობს მარკ კლამპინი, NASA-ს ვაშინგტონის სათაო ოფისის ფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. – “დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების აღმოჩენა მხოლოდ ერთი ნაბიჯია, Webb-ის მეშვეობით მათი ატმოსფეროების ქიმიურ შედგენილობასაც გამოვიკვლევთ”.
Webb-ი ერთად-ერთი ტელესკოპია, რომელიც იმდენად მძლავრია, რომ დედამიწის ჯგუფის ეგზოპლანეტების ატმოსფეროების მახასიათებლების კვლევა შეუძლია. სამეცნიერო ჯგუფმა ეგზოპლანეტის ტრანსმისიური სპექტრი (ანუ, ეგზოპლანეტის ატმოსფეროში გამავალი ვარსკვლავის სინათლის სპექტრი) გამოიკვლია; პირველადი მონაცემების მიხედვით, პლანეტას არც ნახშირორჟანგის და არც მეთანის ატმოსფერო არ აქვს. “მონაცემები შესანიშნავია,” – აღნიშნავს ერინ მეი. – ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ფაკულტეტის კიდევ ერთი თანამშრომელი. – “ტელესკოპი იმდენად მგრძნობიარეა, რომ მთელი რიგი სხვადასხვა მოლეკულის დაფიქსირება შეუძლია. ცხადია, პირველი ნაბიჯი თვით ეგზოპლანეტური ატმოსფეროს არსებობის დადასტურებაა.”
სამეცნიერო ჯგუფს ჯერ არ ჩაუტარებია კონკრეტული მოლეკულების არსებობის დამადასტურებელი კვლევები, თუმცა დარწმუნებით შეუძლიათ თქვან ის, რაც არ დაფიქსირებულა – ეს ნამდვილად არ არის გაზოვანი პლანეტა, როგორიცაა, მაგალითად სატურნი ან ურანი, რაზეც ტელესკოპის მიერ დაფიქსირებულ სპექტრში მეთანის არარსებობაც მიუთითებს.
მიუხედავად იმისა, რომ სპექტრში ნახშირორჟანგის არსებობა არ ფიქსირდება, სამეცნიერო ჯგუფი ვარაუდობს, რომ შეიძლება ეგზოპლანეტური ატმოსფეროს ”შენიღბვას” ჰქონდეს ადგილი. – “დასაშვებია, რომ ამ ეგზოპლანეტას ატმოსფერო საერთოდ არ აქვს, თუმცა, ჩვენი გამოცდილებით, იგივე სპექტრი ფიქსირდება ხოლმე 100% ნახშირორჟანგის ატმოსფეროს მქონე ეგზოპლანეტების შემთხვევაშიც, რაც მათი აღმოჩენის და ანალიზის პროცესს უაღრესად ართულებს.” – აღნიშნავს ლასტიგ-იეგერი. მკვლევარები 2023 წლის ზაფხულში გეგმავენ კვლევებს, რაც მათ ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება.
Webb-ის მეშვეობით ჩატარებული ტემპერატურული ანალიზი მიუთითებს, რომ ეგზოპლანეტა დედამიწაზე რამდენიმე ასეული გრადუსით უფრო მხურვალეა. ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის პლანეტა ვენერას მსგავსი უფროა. ”ეს ძალიან ლოგიკურია, რადგან ფაქტია, რომ პლანეტა ვენერას ატმოსფეროც თითქმის სრულიად ნახშირორჟანგისგან შედგება, ამიტომ ის მზიდან მიღებული სითბოსგან ვერ თავისუფლდება და წარმოუდგენლად ცხელია. ეს დადასტურდება, თუ ჩვენ ამ ეგზოპლანეტაზე ღრუბლების მსგავს სტრუქტურებს დავაფიქსირებთ.”
მეცნიერებმა უდიდესი სიზუსტით განსაზღვრეს ეგზოპლანერის ორბიტული მახასიათებლებიც – როგორც აღმოჩნდა, პლანეტა, ვარსკვლავის გარშემოვლას, სულ რაღაც ორ დედამიწისეულ დღე-ღამეს ანდომებს. ეს ინფორმაცია მათ Webb-ის მიერ ჩაწერილი უზუსტესი სინათლის მრუდიდან მიიღეს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეგზოპლანეტა LHS 475 b ვენერაზე გაცილებით უფრო ცხელი უნდა იყოს მშობლიურ ვარსკვლავთან ასეთი სიახლოვის გამო, მაგრამ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ეს არა მზის მსგავსი, არამედ წითელი ჯუჯა ვარსკვლავია, რომლიც ზედაპირის ტემპერატურა მზისაზე გაცილებით უფრო მცირეა. საინტერესოა, რომ ეს ფაქტი ეგზოპლანეტაზე ატმოსფეროს არსებობის შანსებს კიდევ უფრო ზრდის – მზის მსგავსი ვარსკვლავიდან გამოსული პლაზმური ქარები მას ყველანაირ აიროვან საფარს დიდი ხნის წინ გააცლიდა.
მეცნიერების ამ აღმოჩენამ ბოლო მოუღო მსჯელობას იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა, რომ წითელ ჯუჯა ვარსკვლავებს ჰქონდეთ დედამიწის ტიპის და ზომის პლანეტები. LHS 475 b შედარებით ახლოს, დედამიწიდან 41 სინათლის წლის მანძილზე განთავსდება. მისი მშობლიური მნათობი ოქტანტის თანავარსკვლავედის ერთ-ერთი ვარსკვლავია. მეცნიერებმა ახალი მონაცემები 2023 წლის 11 იანვარს, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების (AAS) ყრილობაზე გაახმოვანეს.
იხილეთ ასევე: რა არის ეგზოპლანეტური ტექნოლოგიების ლაბორატორია?
წყარო: https://www.nasa.gov/feature/goddard/2023/nasa-s-webb-confirms-its-first-exoplanet