იაპონელმა ასტრონომებმა (Osaka Metropolitan University), რომლებიც მაგელანის მცირე ღრუბელში მდებარე ვარსკვლავურ ჩანასახებსა და ახალგაზრდა ვარსკვლავებს აკვირდებიან, დაბადების პროცესში მყოფ ერთ-ერთ ვარსკვლავთან, მატერიის გადინება შეამჩნიეს, რაც ახალშობილი ვარსკვლავის პირველი “ტირილი” შეიძლება იყოს (sciencedaily). აღსანიშნავია, რომ ასეთი პროცესები ირმის ნახტომის მსგავსი გალქტიკებისთვის უფროა დამახასიათებელი, რადგან მაგელანის მცირე ღრუბლის შიდა სივრცეში ისეთი პირობებია, როგორიც ჩვენს გალაქტიკაში 10 მილიარდი წლის წინათ იყო.
ამ პირობებში იგულისხმება მძიმე ელემნტების კონცენტრაცია, რაც უდიდეს ზეგავლენას ახდენს ვარსკვლავების ფორმირებაზე. ადრეულ სამყაროში მძიმე ელემნტების ნაკლებობა იყო, რადგან წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ელემნტები, მოგვიანებით, ვარსკვლავების თერმობირთვულ წიაღში წარმოიქმნა. მეცნიერები თვლიდნენ, რომ იმ დროს ვარსკვლავების ფორმირების პროცესები გარკვეულწილად განსხვავდებოდა ამჟამინდელისგან. მაგელანის მცირე ღრუბელი ჩვენი გალაქტიკის მეზობელი ჯუჯა გალაქტიკაა და მისი შედარებითი სიახლოვე ყველაფრის დეტალურად შესწავლის საშუალებას იძლევა ისეთი ინსტრუმენტების საშუალბითაც, როგორიც არის ატაკამას დიდი მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული მასივი (Atacama Large Millimeter/submillimeter Array).
მეცნიერთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათ ALMA-თი მიღებულ ერთ-ერთ გამოსახულებაზე, დაბადების პროცესში მყოფ მასიურ ვარსკვლავ Y246-თან, საპირისპირო მხარეებზე 54 000 კმ/სთ. სიჩქარით მოძრავი გაზის ამონაფრქვევები აღმოაჩინეს.
ახლანდელ სამყაროში, მძიმე ელემენტებისგან შემდგარი ეს ნაკადები, ვარსკვლავების ფორმირების ამაჩქარებლის როლში გვევლინებიან. ნაკადის მიერ “წაღებული” იმპულსი ვარსკვლავის ბრუნვას ამუხრუჭებს, რაც ცენტრიდანლ ძალას ამცირებს. ეს, თავის მხრივ, ვარსკვლავის ჩანასახში მატერიის შესქელაბას აჩქარებს და საკუთარი გრავიტაციული შეკუმშვის ხარჯზე დგება მომენტი, როცა ვარსკვლავში პირველი თერმობირთვული რეაქცია იწყება.
მაგელანის მცირე ღრუბელში ასეთივე მოვლენის აღმოჩენა მეცნიერებს აიძულებს არსებულ თეორიებს გადახედონ და აღიარონ, რომ ვარსკვლავების ფორმირების ასეთი პროცესები იშვიათობას არც 10 მილიარდი წლის წინათ წარმოადგენდა (ALMA მასიური ვარსკვლავის დაბადებას იკვლევს).
წყალბადის მოლეკულური ღრუბლის შეკუმშვა (კოლაფსი) მასში ვარსკვლავების წარმოქმნით (კომპიუტერული სიმულაცია).