უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა!!!
როგორ ავიცილოთ თვალების დაზიანება მზეზე დაკვირვებისას. თვალების დამცავი კარგად ჩაბნელებული მინის (პლასტმასის) გამოყენების გარეშე, მზის ცქერა დაუშვებელია, თან, ვერც ვერაფერს დაინახავთ და მხედველობასაც დაიზიანებთ. ოპტიმალური ვარიანტებია სპეციალური ან შემდუღებლის სათვალეები, გამომჟღავნებული სამედიცინო (რენტგენის) ან ჩვეულებრივი ფოტო ფირფიტები, რომლებიც მთლიანად გაშავებულია. დამცავის გარეშე დაუშვებელია მზის თვალიერება ფოტოკამერითაც, მით უმეტეს – ტელესკოპით (!!!). შეუიარაღებლად ჩვენს მნათობს შეგიძლიათ შეხედოთ სრული დაბნელების მომენტში, როცა მისი ბრდღვიალა დისკო მთლიანად არის გადაფარული მთვარით.
ასეთი ანეგდოტიც კი არსებობს — ტელსკოპით მზის პირდაპირი დამზერა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ: ჯერ ერთი თვალით, მერე მეორეთი 🙂
ფოტოაპარატის დაცვა. გაიხსენეთ, რა ადვილად წვავს ყველაფერს ლინზით ფოკუსირებული მზის სინათლე. ობიექტივი კი ლინზების ნაკრებია, მასში გასული ფოკუსირებული სინათლე ციფრული ფოტოაპარატის მატრიცას ნამდვილად ვერ გახვრეტს, მაგრამ ძალიან ადვილად კი დააზიანებს მას! განასაკუთრებით დიდი საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს კომპაქტური და უსარკო აპარატები, რადგან გადასაღები ობიექტის გამოსახულება მუდმივად მატრიცაზეა პროეცირებული. სარკიანი აპარატის მატრიცა დაცულია, რასაც ვერ ვიტყვით თვალებზე, რადგან საძიებლის არეში, სარკიდან არეკლილი ფოკუსირებული სინათლე ხვდება: ობიექტივით მზის მზერა სპეციალური ფილტრების გარეშე დაუშვებელია!
- გამოიყენეთ ნეიტრალური ბნელი ფილტრები (neutral-density filter – ND filter). ეს არის ბნელი შუშისგან დამზადებული ფილტრები, რომლებიც ობიექტივის წინა ნაწილზე ყენდება. აქვს ჩაბნელების სხვადასხვა ხარისხი, ჩვენს შემთხვევაში კარგი იქნება რაც შეიძლება ბნელი.
- დიდხანს არ მიმართოთ კამერა მზისკენ. სწრაფად ვუმიზნებთ, ვიღებთ, ობიექტივს გვერდზე გადავწევთ.
- ნუ გამოიყენებთ 1/30 წამზე მეტ დაყოვნებას: გამოსახულება გამოვა გადანათებული, გაცხელდება მგრძნობიარე მატრიცა (ბოლო ფოტოზე, რომელიც სრულკადრიანი კამერით არის გადაღებული: მგრძნობელობა (ISO) 500, დაყოვნება 1/400). ექსპოზიცია შეარჩიეთ გადაღების დროს, მკაფიო კონტურების (დიაფრაგმას ნუ გახსნით ბოლომდე) მქონე ლაქების მიღებამდე.
- მზის გადაღებისას რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ე.წ. ტელეობიექტივები (ფოკუსური მანძილი 70 მმ-ს ზემოთ). რაც უფრო დიდია ფოკუსური მანძილი, მით უფრო დიდი იქნება კადრში მოხვედრილი მზე, შესაბამისად, მეტი ინტენსივობის სინათლის ნაკადი მოხვდება მატრიცაზეც და თვალზეც. მეორეს მხრივ, ნუ შეგეშინდებათ ფართოკუთხიანი ობიექტივებით გადაღების, ამ დროს აპარატის დაზიანების შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია, რადგან ასეთი ობიექტივით ჩვენი მნათობი პატარა წერტილის სახით წარმოგვიდგება.
- ზემოხსენებული აუცილებლობების გარეშე, აისი ან დაისი შეგიძლიათ გადაიღოთ, როდესაც მზე ჰორიზონტთან ახლოს არის ან სქელი ნისლის საფარშია მოქცეული. ამ დროს, მისგან წამოსული სინათლე სუსტია, ხოლო პეიზაჟი ძალიან ლამაზი. ტყუილად კი არ მოსწონთ ფოტოგრაფებს მზის ამოსვლისა და ჩასვლისას გადაღებული კადრები!
ფუნქცია Active D-lighting (აქტიური დინამიური დიაპაზონი), ერთი კადრიდან დეტალების მაქსიმალურად “ამოქაჩვის” საშუალებას იძლევა. HDR კი ერთი ობიექტის სხვადასხვა ექსპოზიციით გადაღებულ კადრებს კამერაშივე ავტომატურად აერთიანებს (ორივე JPEG).
RAW- ში გადაღებისას, Active D-Lighting-ის მსგავსი შედეგი შეგიძლიათ მიიღოთ, კომპიუტერზე RAW-გადამყვანში ფაილის დამუშავების დროს. ხოლო კომპიუტერით კადრების შეერთებისთვის იყენებენ ექსპოზიციის ბრეკეტინგს, ანუ სხვადასხვა ექსპოზიციის მქონე კადრების სერიის გადაღებას (სერიის რომელიმე პარამეტრის წინასწარ დაყენებით), რომლებითაც ფოტოგრაფს კომპიუტერით შეუძლია HDR-ის გაკეთება.
რაც უფრო დიდი გინდათ იყოს მზის გამოსახულება, მით უფრო გრძელფოკუსიანი ობიექტივი დაგჭირდებათ (თუ ზემოხსენებული Coolpix-ის (P900-ის შემთხვევაში 2000 მმ.) ან მსგავსი სერიის სხვა ბრენდის მოუხსნადი ობიქტივის მქონე ციფრული აპარატი არ გაქვთ) მაგალითდ: ბიუჯეტური 70-300mm f/4.5-5.6 ან 600mm f/5.6 (ობიექტივის დიაფრაგმა).
სტატიის ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მთავარს: არ დაივიწყოთ უსაფრთხოების ზომები მზის ფოტოგრაფირების დროს! გაუფრთხილდით თვალებს, გამოიყენეთ ჩამაბნელებელი ფილტრები, ფრთხილად იყავით ე.წ. ტელეობიექტივების ლინზებთან, დიდი ხნით ნუ მიმართავთ კამერას მზისკენ.