1930 წელს, ნამდვილი სენსაცია მოახდინა ლონდონის დიზაინის მუზეუმში გამოფენილმა ორთქლის ლოკომოტივმა – ეს დეკორაციული მხეცი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ბგერის სიჩქარის გადალახვა შეეძლო. მოდელის ავტორი იყო რეიმონდ ლოუი, ადამიანი, რომელიც 1960-იან წლებში NASA-ში აღმოჩნდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე კოსმოსური ხომალდების ინტერიერზე მუშაობდა. მე-20 საუკუნე კი ელვის სისწრაფით მიჰქროდა..
ახლახანს, ლონდონის დიზაინის მუზეუმში მორიგი გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით ”გადასვლა მარსზე”, რომლის კურატორია ჯასთინ მაკ-გირკი. ის იხსენებს, რომ NASA-ში რეიმონდ ლოუის გამოჩენამდე, კოსმოსური ხომალდების, სადგურებისა და სხვა შესაძლო ინფრასტრუქტურის დიზაინზე მხოლოდ ინჟინრები აგებდნენ პასუხს. პროფესიით თავად ინჟინერმა და დიზაინერმა, ლოუიმ, კოსმოსში კომფორტული საცხოვრებელი გარემოს კონცეფცია განავითარა. მუზეუმში გამოფენილია მისი ნამუშევრებიც, სადაც ასახულია გამჭვირვალე მინისებრი მასალით აგებული მარსის სადგურები, რომლის დეტალებიც იმავე პერიოდის სტენლი კუბრიკის შედევრში – ”2001 წლის კოსმოსური ოდისეა”, გამოყენებულ დიზაინერულ სტრუქტურებს მოგვაგონებს. ლოუის აზრით – ადამიანების დასახლება მარსზე ისეთი მასშტაბის გამოწვევაა ინჟინრებისა და დიზაინერებისთვის, რომლის მსგავსიც კაცობრიობას არ ახსოვს.
წითელი პლანეტა ყურადღების განსაკუთრებულ ობიექტად 1877 წლიდან იქცა, მას შემდეგ, რაც ჯიოვანი სკიაპარელიმ მარსზე შესაძლო ”არხების” ჩანახატები გამოაქვეყნა (ეს ნახატებიც ლონდონის დიზაინის მუზეუმშია წარმოდგენილი). მაშინ ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ ეს არხები მარსის ცივილიზაციის მიერ პლანეტის ტერაფორმირებისთვის იყო გამოყენებული, რისი მიზეზიც სიტყვა ”კანალი”-ს არასწორი თარგმანი იყო და არა სკიაპარელის მიერ მარსის დასახლებულობის მტკიცება. შემდეგში ჰერბერტ უელსის მიერ გამოქვეყნებულმა წიგნმა ”სამყაროთა ომი”, სადაც უზარმაზარი ტვინის და მრისხანე ტემპერამენტის მარსელებია აღწერილი, პირდაპირ ცეცხლზე ნავთი დაასხა. ფანტასტიკური ჟანრის თაყვანისმცემელთა შორის თითქმის საუკუნის განმავლობაში დამკვიდრებული ”მარსული ცივილიზაციის” იდეები თვალის დახამხამებაში დაიმსხვრა 1964 წელს, როდესაც NASA-ს ხომალდმა ”მარინერ -4” წითელი პლანეტის უსიცოცხლო ზედაპირის სურათები გადმოსცა.
რიდლი სკოტის 2015 წლის ფილმში ”მარსელი” პლანეტა მარსის არასტუმართმოყვარე გარემო დიდი სიზუსტითაა აღწერილი, სადაც ”ასტრონავტი” მეტ დეიმონი შიმშილს, მტვრის ქარბუქს და მარტოობას ებრძვის.
ასე რომ, თქვენს წინაშეა მარსის ატრაქციონი, ეპიკური დიზაინერული და საინჟინრო იდეებით სავსე გამოფენა: აქ არის მარსმავალი ”Curiosity” და SpaceX-ის “Starship”, რომელიც ილონ მასკის მიერ შემუშავებული მარსის კოლონიზაციის გეგმის ნაწილია. ისევ და ისევ, ხომალდიც და სადგურის დიზაინიც საოცრად გავს რეიმონდ ლოურის ნამუშევრებს – ლითონის ხომალდი, ფარფლებივით ფრთები, შენობები მარსის გრუნტის ქვეშ…
დიზაინერი ინჟინრები მრავალი წელია მსჯელობენ საფრთხეებზე, რაც ასტრონავტებს მარსისკენ მიმავალ გზაზე ელოდებათ. ამ გამოფენაზე თქვენ ნახავთ ბრწყინვალე საბჭოთა კოსმო-დიზაინერი ქალის – გალინა ბალაშოვას ნამუშევრებსაც; აქ არის მის მიერ დახატული ”მყუდრო ბინა” კოსმოსურ ხომალდზე, კედლის შალითებით, ფარდებით და სხვა ”ადამიანური” დეტალებით; მუზეუმის ცენტრში ”ამოზრდილა” მეორე საბჭოთა დიზაინერის – კონსტატნინ გრიჩის შემუშავებული ”მარსული სკამი”, ლითონის ხარიხებით გარშემორტყმული, ელეგანტური ყვითელი დისკი, რომლის მთავარ დანიშნულებას ასტრონავტის ერთდროული კომფორტი და უსაფრთხოება წარმოადგენს.
მუზეუმის დერეფანში ნახავთ სპეციალურად მარსისთვის შემუშავებულ სკაფანდრებს, საოცრად კომპლექსურ საინჟინრო სტრუქტურებს. მათი უმეტესობა 3-განზომილებიანი ბეჭდვის ტექნოლოგიური შედევრია, როგორიცაა, მაგალითად, ჩაფხუტი და ფეხსაცმლის ძირები. თუმცა განსაკუთრებულ აღფრთოვანებას ხელთათმანების გასაოცრად წვრილი და რთული დეტალები იწვევს – ასეთი დიზაინის მთავარი მიზანი მარსზე ასტრონავტისთვის შესასრულებელი მანიპულაციების გაიოლებაა, იქნება ეს გეოლოგია თუ სხვა სამუშაო. აქვეა საბჭოთა მეცნიერების მიერ შემუშავებული მარსის სკაფანდრო ”სოკოლი” და ნორმან ფოსტერის თანამედროვე სამოსიც. უცნაურია, მაგრამ წლებში უზარმაზარი განსხვავების მიუხედავად ორივე 60-იანი წლების დიზაინერულ პროდუქტს მოგვაგონებს.
გამოფენის ბოლოს, ალექსანდრა დეიზი გინზბერგის ეკრანული დიზაინერული ნამუშევრები დაგხვდებათ – გამწვანებული მარსი, ტერაფორმირებიდან ათასწლეულების შემდეგ განვითარებული მარსული ფაუნა… კომპიუტერული თამაშებისთვის შემუშავებული პლატფორმის მეშვეობით თქვენ 3-განზომილებიან ანიმაციურ გარემოში აღმოჩნდებით.
მუზეუმის ვიზიტორები აღნიშნავენ, რომ მთელ გამოფენაზე არაფერია იმაზე უფრო გასაოცარი, ვიდრე ასტრონომ როიალ მარტინ რისის მიერ წარმოდგენილი ბიოტექნოლოგიური მიკრო-რობოტები. მეცნიერის თვალთახედვით, მარსის პირველი მოსახლეობა, ასე 40-50 წელიწადში, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იქნება, ხოლო უმეტესობას (ბიო)ტექნოლოგიური ჰუმანოიდი რობოტები შეადგენენ, და მათი მიზანი ადამიანებისთვის მარსის ”გადაკეთება” იქნება.
ცალკე ოთახი ეთმობა მარსულ აგროკულტურას – თქვენს წინაშე გადაიშლება რთული, დახურული ჰიდროპონული სისტემები, რომელსაც მარსის წიაღიდან თუ პოლუსებიდან მოპოვებული წყლები მიეწოდება. არქიტექტორ ქსავიერ კესტელიერს მიაჩნია, რომ მარსის კოლონიზატორების სიცოცხლე ნახევრად-ავტომატურ სასოფლო-სამეურნეო სტრუქტურებზე იქნება დამოკიდებული, სადაც ნივთიერებათა ავტონომიური წრებრუნვა მიმდინარეობს. აუცილებელია, რომ მარსული კოლონია დედამიწის რესურსებზე არ იყოს დამოკიდებული.
ქსავიერს მიაჩნია, რომ მარსის ათვისება მხოლოდ საწყისი ეტაპია – კაცობრიობის პირველი, გაუბედავი ნაბიჯები კოსმოსში; და რომ უზარმაზარი ვარსკვლავთშორისი მანძილები რომ არა – კაცობრიობას შესაძლოა მთვარისა და მარსისკენ არც კი გამოეხედა. კოსმოსში ბევრია პლანეტა, სადაც, დედამიწის მსგავსად, ყველაფერია და მათ ათვისებას უსასრულოდ უფრო მარტივად შევძლებდით. მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – ამ ეტაპზე მარსი ჩვენი ერთად-ერთი არჩევანია.