2021 წლის 10 თებერვალს, ჟურნალში ”Nature” გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში განლაგებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ ინდუსტრიული წყაროებიდან ოზონის დამშლელი დამაბინძურებელი აგენტების პერიოდულ გამოყოფას შეეხებოდა.
საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად მკვეთრად შემცირდა დედამიწის ატმოსფეროში ოზონის დამშლელი ნივთიერებების გამოყოფის ინტენსიობა, რის შედეგადაც დამცავმა ოზონის ფენამ სწრაფად დაიწყო აღდგენა. ახლა მთავარი გამოწვევაა ამ პროგრესის შენარჩუნება, რაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს დამაზიანებელი ქიმიური აგენტების ფარულმა მრეწველობამ, რასაც ადგილი აქვს ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან (UN Environment).
სტრატოსფერული ოზონი, ანუ ”ოზონის ეკრანი” დედამიწას მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს. ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა CFC-11 (ქლორ-ფტორ-მეთანი ანუ ”ფრეონ-11” და მსგავსი), რომლებიც ადამიანისთვის სრულიად უვნებელია და ფართოდ გამოიყენება სამაცივრე მრეწველობაში, ატმოსფეროში გამოყოფის შემდეგ სასიკვდილო საფრთხედ იქცევა – ეს ნივთიერებები სტრატოსფეროში გროვდება და ულტრაიისფერი სხივების გავლენით ოზონის მოლეკულების დამშლელ კატალიზატორებად გარდაიქმნება. ეს სამრეწველო და საყოფაცხოვრებო გამონაყოფები, წლების წინ, ანტარქტიდის თავზე ოზონის უზარმაზარი ხვრელის წარმოქმნის მიზეზი გახდა, რომელიც ყინულოვანი კონტინენტის თავზე, გაზაფხულობით, დღემდე რეგულარულად ფიქსირდება (რა არის ოზონის ხვრელი).
NASA მეცნიერებს ატმოსფეროში ოზონის დამშლელი ნივთიერებების გამომყოფი წყაროების განსაზღვრაში ეხმარება
თანამგზავრულ მონაცემებზე დაყრდნობით, NASA და NOAA (ოკეანეებისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია) კომპიუტერულ მოდელებს ქმნიან, რაც მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებს საშუალებას აძლევს ოზონის დამშლელი ნივთიერებების გამომყოფ ფარულ წყაროებს თვალყური ადევნონ. თანამგზავრები რეგულარულად ზომავენ დედამიწის დამცველ შრეში ოზონის მოლეკულების კონცენტრაციას (NASA’s Goddard Space Flight Center).
ოზონის შრესთან დაკავშირებით განგაში მეცნიერებმა ჯერ კიდევ 70-იან წლებში ატეხეს, მას შემდეგ, რაც სახმელეთო გაზომვებით, სტრატოსფეროში ოზონის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი კლება, ხოლო ანტარქტიდაზე მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მკვეთრი მატება დაფიქსირდა. მეცნიერების, აქტივისტებისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგი იყო 1987 წლის მონრეალის პროტოკოლი – საერთაშორისო შეთანხმება, რომლიც ფარგლებშიც ოზონის დაშლელი ნივთიერებების, მათ შორის – CFC-11 ჯგუფის ნაერთების წარმოება აიკრძალა.
შეთანხმების მიუხედავად, ზოგიერთმა საწარმომ CFC-11 რიგის ნაერთების ფარული წარმოება განაგრძო, თუმცა კლებადი ტენდენციით, რადგან ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა NOAA (ოკეანეებისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია) და NASA (ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული სააგენტო) კოსმოსური თანამგზავრების სისტემების გამოყენებით, ფრეონების ემისიის გლობალური კონტროლი წამოიწყეს. AGAGE – (Advanced Global Atmospheric Gases Experiment) არის გლობალური ატმოსფერული გაზების გამოყენების ექსპერიმენტი, რომელსაც მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და სტრიპის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის კლიმატის გლობალური ცვლილების მონიტორინგის ჯგუფი ატარებს.
NASA-ს ESA-ს ორბიტული თანამგზავრები რეგულარულად ახორციელებენ ოზონის ფენის სისქის მონიტორინგს. საერთაშორისო თანამშრომლობის ძალისხმევით, მოხერხდა ოზონის ხვრელის მნიშვნელოვანი შემცირება, თუმცა, ახალ სამეცნიერო მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ოზონის ხვრელის დახურვის დაჩქარებას გლობალური ტემტერატურის მატებამაც შეუწყო ხელი.
2018 წელს NOAA-მ, პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში, პირველად გამოაცხადა, რომ ატმოსფერული CFC-11 რიგის ნაერთების კონცენტრაცია დაგეგმილზე უფრო ნაკლები ინტესიობით იკლებდა, და რომ ის არ შეესაბამებოდა ამ პროდუქტების სრული აკრძალვის შედეგად შემუშავებულ წინასწარ გრაფიკს. -“ატმოსფეროში ფრეონების კონცენტრაციის კლების დაბალი მონაცემი იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ ხელახლა წამოიწყო მათი წარმოება ან გაზარდა პროდუქციის რაოდენობა, თუმცა არ ვიცოდით -ვინ”. – ამბობს მეთ რიგბი, ბრისტოლის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერი.
AGAGE-ს კვლევითი ქსელის დახმარებით გაირკვა, რომ, დამაბინძურებლების გეოგრაფიული გავრცელების მონაცემების მიხედვით, CFC-11 ჯგუფის ნივთიერებების გამოყოფა აღმოსავლეთ ჩინეთში განთავსებული წყაროებიდან ხდებოდა. ეს მონაცემები დაადასტურეს ასევე სამხრეთ კორეაში და იაპონიაში განთავსებულმა AGAGE სადგურებმაც, რომლებსაც ამ ქვეყნების გარემოს შესწავლის ინსტიტუტები მართავენ.
“დეტექტივებივით ვმუშაობთ.” – ამბობს ქინ ლიანგი, NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის მეცნიერი. – “დავაფიქსირეთ პრობლემა, რეგიონულ და გლობალურ დონეზე გამოვიკვლიეთ მისი ადგილმდებარეობა და მივიღეთ ზომები მის აღმოსაფხვრელად. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად 2018 წლისთვის ფრეონების ემისიის მნიშვნელოვან შემცირებას მივაღწიეთ”.
ეფექტური მონიტორინგისა და მკაცრი რეაგირების მეშვეობით 2010-იანი წლებიდან ოზონის დამშლელი დამაბინძურებლების გამომყოფი ბევრი განახლებული წყაროს გამოვლენა და დახშობა მოხერხდა, რის შედეგადაც, 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ატმოსფეროში CFC-11 კონცენტრაცია 2008 წლამდე არსებულ ოპტიმალურ დონეს დაუბრუნდა.
ქლორ-ფტორ-ნახშირწყალბადები არა მარტო ოზონის შრეს უქმნის საფრთხეს, არამედ მნიშვნელოვან სათბურის გაზსაც წარმოადგენს. წარმოების რაოდენობით, ეს ნივთიერებები, ლონდონის ზომის მეგა-ქალაქის მიერ ერთ წელიწადში წარმოებული ნახშირორჟანგის ექვივალენტურია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, CFC-11 წარმოების აკრძალვამ პლანეტის კლიმატზე იგივე ეფექტი იქონია, რასაც ერთი უზარმაზარი ქალაქის გაქრობა მოახდენდა.
მართალია, დღევანდელი მონიტორინგის სისტემა კარგად მუშაობს, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში მათი თავიდან აცილება მაინც შესაძლებელია, ამიტომ NASA და NOAA, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ამ გაზების გამოყოფის ატმოსფერული მონიტორინგის სისტემების ქსელის მნიშვნელოვნად გაფართოებას აპირებს. როგორც ჩანს, AGAGE სადგურების რაოდენობა, მსოფლიო მასშტაბით, მნიშვნელოვნად გაიზრდება.
- დაკავშირებული ბმულები:
- ჟურნალი ”Nature”: https://www.nature.com/articles/s41586-021-03277-w
ჰაერი: https://www.nasa.gov/subject/3126/air
ოზონი: https://www.nasa.gov/ozone
AGAGE – გლობალური ატმოსფერული გაზების გამოყენების ექსპერიმენტი,: https://agage.mit.edu/
NOAA-ს გლობალური მონიტორინგის ცენტრი: https://www.esrl.noaa.gov/gmd/