2018 წელს, ბარბარა ბელვისმა, კორპორაცია ”Interstellar Lab” დააფუძნა, რომელშიც სხვადასხვა ფირმებიდან წამოსული კვალიფიციური სპეციალისტები გაერთიანდნენ, როგორიცაა, მაგალითად: SpaceX, Disney, Thales, Trimble და Safran. მათი მიზანი იყო შეექმნათ დახურული ტიპის ცირკულაციური სისტემა, რეგენერაციული აგროკულტურა, რომლებიც საკვებით უზრუნველყოფდა არა მარტო დედამიწის მოსახლეობის უღარიბეს ფენებს – არამედ კოსმოსური სადგურების ბინადრებსაც. ასე შეიქმნა ”BioPod” – უნიკალური გასაბერი სათბური, რომელშიც მცენარეების კულტივაციისთვის საჭირო პირობები ავტომატურად კონტროლდება.
სათბურის დიზაინი პირველად რიადში, ”მომავალში ინვესტირების ინიციატივის” ფარგლებში გამომჟღავნდა, სადაც გადაწყდა, რომ ”BioPod” უახლოეს წლებში NASA-ს Artemis-ის პროგრამის მიზნებისთვის უნდა მოეგოთ, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ვადა 2024 წლამდეა. სათბურებთან ერთად წარმოდგენილი იყო ბიორეგენერაციული სადგურების დიზაინიც.
სისტემები ”Dassault Systems”-ის 3D ექსპერიმენტულ პლატფორმაზე დამზადდა, და დღეს ისინი პარიზშია გამოფენილი ფართო მასებისთვის. სათბური ავტონომიური სისტემაა და საკვები მცენარეების კულტივაციის ტექნოლოგიებს მოიცავს, თანაც ლოკალური მცირეგაბარიტიანი აგროკულტურების რეგენერაციულ სისტემასაც წარმოადგენს, რომელშიც შენარჩუნებულია ბიომრავალფეროვნება, მიმდინარეობს ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის, ასევე – წყლის ცირკულაცია, რაც თითქმის სრულიად გამორიცხავს მიწის ახალი ფართობების ათვისების საჭიროებას.
მოდული EBIOS რამდენიმე განსხვავებულ სისტემას მოიცავს – მათ შორის სამუშაო და საცხოვრებელ სივრცებსაც. 2019 წლის ნოემბერში, პირველი პრეზენტაციის მომენტიდან, დიზაინმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები განიცადა – ეს არის დასაშლელი და ასაწყობი კომპლექსი, სადაც ავტონომიურია მისი ცალკეული განყოფილებებიც. შესაძლებელია EBIOS მოდულების შეერთება ერთმანეთთანაც და კოსმოსურ სადგურებთანაც, სტრუქტურა გასაბერია, რაც მის მარტივ ტრანსპორტირებას განაპირობებს.
”Interstellar Lab”-ის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ BioPod, უპირველეს ყოვლისა, დედამიწის ნაკლებმოსავლიანი ტერიტორიების მოსახლეობას დაეხმარება, რომ მათ წყლისა და საკვების დეფიციტი დაძლიონ. სისტემაში თითქმის უდანაკარგო ნივთიერებათა წრებრუნვა მიმდინარეობს, ხოლო მასალა ულტრათანამედროვე, უცვეთი, ბიოგენური პოლიმერებისგანაა დამზადებული, რომელიც კოსმოსის უმკაცრეს პირობებსაც კი უძლებს. თუმცა, როგორც პროგრესი მოითხოვს, გუნდი ინტენსიურად მუშაობს მარსისთვის განკუთვნილი სათბურების დიზაინზეც.