NASA-ს ასტრონავტი, ქრისტინა კოხი, 2020 წლის 6 თებერვალს, დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა (იხ. ვიდეო). საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტმა 328 დღე გაატარა, რაც ქალებისთვის რეკორდული დროა. ცნობისთვის, NASA-ს ყოფილმა ასტრონავტმა, სკოტ კელიმ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 340 დღე გაატარა. დაგროვებული მონაცემები მეცნიერებს მთვარისა და მარსის მომავალი მისიების დაგეგმვაში დიდ დახმარებას გაუწევს.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევა ეხებოდა ხერხემლის სიმაგრესა და მოქნილობას, ვინაიდან კოსმოსში ყოფნა ხერხემლის ძვლებისა და კუნთების დეგრადაციას იწვევს, და შეიძლება დისკოს გაბზარვა ან წანაცვლებაც კი გამოიწვიოს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალში, ამგვარი შემთხვევების პრევენციის მექანიზმები შემუშავდება, იქნება ეს მედიკამენტური საშუალებები თუ სპეციალური ვარჯიშები. გაუმჯობესდება კოსმოსური ინვენტარიც, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სტარტის დროს ასტრონავტებზე სიმძიმის ძალის დამაზიანებელ ეფექტს.
თვითონ კოხი აღნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე საინტერესო მიკროგრავიტაციის პირობებში ცილების კრისტალების კვლევა იყო. ამ ექსპერიმენტების დროს ხდებოდა იმ მემბრანული პროტეინების კრისტალიზება, რომლებიც სიმსივნური წარმონაქმნების ზრდისთვის აუცილებელია. დედამიწაზე ამ ცილების კრისტალიზების მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, თუმცა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეს პროცესი მაღალი ინტენსიურობით წარიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში გაიოლდება სიმსივნის საწინააღმდეგო სამიზნე პროტეინების სინთეზი, რომლებიც გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, ხოლო პრეპარატის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
NASA უკვე 60 წელზე მეტია, რაც ასტრონავტების ჯანმრთელობაზე კოსმოსური ფაქტორების ზეგავლენას ინტენსიურად იკვლევს; აქედან ყველაზე ხანგრძლივი იყო სკოტ კელის ერთწლიანი ყოფნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (340 დღე); პეგი უითსონის სამი ხანგრძლივი მისსია, რომლებმაც ჯამში 665 დღე შეადგინა და კრისტინა კოხის მისსია (326 დღე). ამჟამად NASA-ს ასტრონავტი ენდრიუ მორგანი განაგრძობს თავის 10-თვიან ყოფნას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. კვლევის შედეგებმა გამოავლინა, რომ კოსმოსურ პირობებს ყველა ადამიანი ინდივიდუალურად პასუხობს და სხვადასხვა კოსმოსური ფაქტორებისადმი ამტანიანობის ზღვარი ქალებსა და მამაკაცებში მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
მრავალწლიანი კვლევების შედეგად, NASA-მ ასტრონავტების შერჩევისა და წვრთნის ინტესიური პროგრამები შეიმუშავა, რაც კოსმოსისთვის, ასევე – კოსმოსშიც ადამიანების ოპტიმალურ რეჟიმს, ცხოვრების სტილს, კვებას, ფიზიკურ დატვირთვასა და რეაბილიტაციას გულისხმობს. ამ მეთოდების დამსახურებითაა, რომ დღევანდელი ასტრონავტები, დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, საკმაოდ კარგ ფორმაში არიან და ცხოვრების ჩვეულ სტილს სწრაფად უბრუნდებიან, კოსმოსში გატარებული მრავალი თვის შემდეგაც კი. კვლევა NASA-თვის უაღრესად პრიორიტეტულია, რადგან მისი მთავარი ამოცანა ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, იქნება ეს საერთაშორისო კოსმოსური სადგური, მთვარე, მარსი თუ ვარსკვლავთშორისი ფრენები.
დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ქრისტინა კოხმა მის მიერ ჩატარებული კვლევების, ასევე – კოსმოსში გატარებული პერიოდის შესახებ უამრავი დოკუმენტური მასალა წარმოადგინა, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
- სამეცნიერო კვლევების შესახებ
- ქრისტინა კოხის დღიური
- ქრისტინა კოხის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები კოსმოსურ სადგურზე
- ქრისტინა კოხი დედამიწას უბრუნდება
- ქრისტინა კოხის ხანგრძლივი კოსმოსური მისსია
- ქრისტინა კოხის ბიოგრაფია
- ქრისტინა კოხი Flickr-ზე
თავისი კოსმოსური მისიის განმავლობაში, კოხმა დედამიწას 5248-ჯერ შემოუფრინა და 600 მლნ კილომეტრი დაფარა, რაც იგივეა, რაც 291 ორმხრივი მოგზაურობა დედამიწიდან მთვარემდე. ამ ხნის განმავლობაში მან მიიღო და გააგზავნა უამრავი ტვირთი რუსული, იაპონური და ამერიკული ხომალდებიდან და 20-მდე ეკიპაჟს ”უმასპინძლა”. ასტრონავტმა ქალმა განახორციელა 6 გასვლა ღია კოსმოსში, მათ შორის რამდენიმე გასვლა NASA-ს ასტრონავტ ჯესიკა მაიერთან ერთად, სადაც ჯამში 42 საათი და 15 წუთი გაატარა.
ქრისტინა კოხი მთელი თავისი კოსმოსური მისიის მანძილზე რეგულარულად იყო ჩართული სოციალური მედიის აქტივობებში. მისი პოსტები შეგიძლიათ იხილოთ პორტალებზე: Christina Koch’s Facebook, Astro_Christina Instagram-ზე და @Astro_Christina Twitter-ზე.