”ეზოში ავი ძაღლია”.., ”ამ ტყეში ვეფხვი ბინადრობს”… ამ ფრაზებმა შეიძლება დაგვაფრთხოს, თუმცა ასეთი პრობლემების თავიდან აცილება იოლად შეიძლება – ჩვენ არ შევალთ ეზოში, სადაც ავი ძაღლია და ტყეში, სადაც ვეფხვი ბინადრობს. სამაგიეროდ, ვერსად გავექცევით სამეცნიერო ფორმულებს, სქემებს და ტერმინებს – ისინი თანამედროვე ცივილიზაცის რეალობაა და ყველა ნაბიჯზე, ყველა გეოგრაფიულ ლოკაციაზე გვხვდება. რაც ყველაზე ”უარესია”, ამ ტერმინებში გარკვევა აუცილებელია, და ეს საგზაო ნიშნების შესწავლას ჰგავს – თქვენ ხომ არ იტყვით უარს მანქანაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი დამახსოვრება რთულია. ანალოგიურად, თუ თქვენ სამეცნიერო ტერმინების ცოდნის გარეშე სამეცნიერო კამათში ჩაებმებით – ავარია გარდაუვალი იქნება.
და მაინც, ვითომ მართლა ასე ტრაგიკულადაა საქმე? სულაც არა – სამეცნიერო ტერმინოლოგია ძალიან მარტივია – თვით საგზაო ნიშნებზე მარტივიც კი. ერთად-ერთი ”შემაცბუნებელი” მომენტი ის არის, რომ მოგვიწევს ვაღიაროთ – რაღაც-რაღაცეები შეცდომით გვცოდნია. და ერთიც.. უნდა შევაბიჯოთ ”ტყეში, სადაც ვეფხვია, სახელად – ”ტერმინოლოგია” და ვნახოთ, არის თუ არა ის მართლაც ისეთი საშიში, როგორიც გვგონია.
ამ ეტაპზე ჩვენ დავემშვიდობებით ყველას, ვისაც ”შეეშინდა”, ხოლო გამბედავ და ცნობისმოყვარე რაინდებთან ერთად ლამაზ, პატარა ტყისპირა სახლში გადავინაცვლებთ, სადაც არც მანქანებია, არც ინტერნეტი, არც ტელეფონი, არც რადიო და არც ტელევიზორი. სამაგიეროდ, დამოუკიდებლად ფიქრისა და აზროვნებისთვის დრო და სივრცე სრულიად საკმარისია.
აი, ერთ დღესაც, როდესაც ჩიტების ჭიკჭიკით და ვაშლის სურნელით გაჯერებულ ჩვენს ლამაზ გარემოს თვალს შევავლებთ, ჩვენს გონებაში პირველი ი დ ე ა აღმოცენდება: ”როგორც ჩანს, ყველა მცენარე მწვანეა”. ეს სასიამოვნო აღმოჩენა უცებ გულს აგვიჩქროლებს, თვალებს აგვიხელს და ძალას შეგვმატებს. – ”ნუთუ, მართლა ყველა მცენარე მწვანეა?”. ცნობისმოყვარეობით ავსილი, ზურგზე საგზალს მოვიგდებთ და ამ ჩვენი ი დ ე ი ს შესამოწმებლად, ცხრა მთას იქით გავემგზავრებით.
და აი, დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ, ვნახავთ რა უამრავი უცხო ქვეყნის უამრავ მცენარეს, სახლში გახარებული ვბრუნდებით და გზაში ყველა ნაცნობს და უცნობს ვუზიარებთ იმ საინტერესო ფ ა ქ ტ ს , რომ ”ყველა მცენარე მწვანეა”. ჩვენ ეს ვიცით, იმიტომ, რომ მთელი ჩვენი მოგზაურობის მანძილზე, სხვაგვარი მცენარე არ გვინახავს. და აი, ჩვენ უკვე გვაქვს უფლება, რომ ჩვენს პირვანდელ ”ი დ ე ა ს” სხვა სამეცნიერო ტერმინი – ”ჰ ი პ ო თ ე ზ ა” ვუწოდოთ. მაშასადამე, სამეცნიერო ”ჰიპოთეზა” მრავალჯერადი დაკვირვებების შედეგად გამყარებული ”იდეა” ყოფილა.
თუმცა ამ სასიხარულო მოვლენას, სულ მცირე, ორი საეჭვო გარემოება აფერმკრთალებს: 1. ყველა არა, მაგრამ ბევრი მცენარე შემოდგომაზე ფერს იცვლის; და 2. ძალიან ბევრი ქვეყანა შემოვიარეთ, მაგრამ მთელი პლანეტა არ გვინახავს, ვერც მთის მწვერვალზე ავედით და ვერც ზღვაში ჩავყვინთეთ, იმიტომ რომ გარეთ მე-17 საუკუნეა. შესაბამისად, არც ყველა მცენარე გვინახავს, ამიტომ ჩვენი ”ჰიპოთეზა” ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ”ჰიპოთეზა”… და რადგან ჩვენი ნებაა, და ”არ გვასვენებს გამჩენი”, მოდით სავაჭრო გემით დედამიწის გარშემო მოგზაურობაში წავიდეთ და ჩვენი ”ჰიპოთეზა” კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ.
პლანეტის გარშემო მოგზაურობის დროს ჩვენს ”ჰიპოთეზას” მკაცრი გამოცდა ელის: ჩვენსავით ცნობისმოყვარე სხვა თავზეხელაღებულები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ჩვენ ვცდებით, რისთვისაც თავიანთ კოლექციაში არსებული მცენარეებით გვამარაგებენ. ადგილობრივებს დაუზარებლად მივყავართ იქ, სადაც ჩვენი ”ჰიპოთეზის” საპირისპირო ფაქტებს თვალნათლივ ვხედავთ: ეს მცენარეები სულაც არ არის მწვანე – ისინი იისფერი, ლურჯი, წითელი, მურა, სტაფილოსფერი და ჭრელია. ჩვენს ”ჰიპოთეზას” ისევ ”იდეად”, ”საინტერესო მოსაზრებად” გადაქცევა ემუქრება.
მაგრამ გემზე მოულოდნელი ”მხსნელი” გველოდება, მე-17 საუკუნის მეცნიერების უახლესი მიღწევა, მისი უდიდებულესობა – მიკროსკოპი, რომელიც გამოავლენს, რომ უცხო, ფერადი მცენარეებიც… მწვანე ყოფილა! უბრალოდ, მათ ფოთლებში სხვა – დამატებითი ფერის საღებავები – პიგმენტები ჭარბობს. ისინი ჩვენს ახალ ”ა ღ მ ო ჩ ე ნ ა ს” – ქლოროფილს (ბერძნული – Chloros – მწვანე) მხოლოდ გადაფარავენ. ახლა ჩვენ ”მოწინააღმდეგეებს” მრავალჯერადი ”ე ქ ს პ ე რ ი მ ე ნ ტ ი თ” გამყარებულ ”ჰიპოთეზას” წარმოვუდგენთ და ის ”თ ე ო რ ი ა დ” გადაიქცევა. მან წლების გამოცდას უნდა გაუძლოს, თორემ სხვა შემთხვევაში – ისევ ”ჰიპოთეზად” გადაიქცევა.
მაშასადამე, სამეცნიერო ”თ ე ო რ ი ა” არის ის ყოფილი ”ჰიპოთეზა”, რომელიც მრავალჯერადი დაკვირვებებით, ფაქტებით, გამოთვლებით და ექსპერიმენტებითაა გამყარებული. თუ ოდესმე გამოჩნდება ”გამონაკლისი” ან ”ექსპერიმენტი”, რომელიც საპირისპირო ფაქტზე მიგვითითებს, ეს ჩვენი ”თეორია” კვლავ ”ჰიპოთეზად” გადაიქცევა.
მაგრამ არის სხვა ვარიანტიც – თუ ”თეორიის ” მართებულობა სამყაროს სხვა წერტილებშიც დადასტურდა, თუ მისი მტკიცებულებების უარყოფა სხვა სამეცნიერო მეთოდებით – დაკვირვებებით, ფაქტებით, გამოთვლებით და ექსპერიმენტებით – შეუძლებელია, ის სამეცნიერო ”კ ა ნ ო ნ ი ”. გახდება. მაშასადამე, სამეცნიერო ”კ ა ნ ო ნ ი ” არის ყოფილი ”თეორია”, რომლის მართებულობაც ჩვენთვის ცნობილი სამყაროს ყველა წერტილში მტკიცდება და, უკვე მრავალი წელია, მისი უარყოფა სხვა სამეცნიერო მეთოდებით – დაკვირვებებით, ფაქტებით, გამოთვლებით და ექსპერიმენტებით – შეუძლებელია.
ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – ჩვენს თეორიას, რომელიც ამბობს, რომ ”ყველა მცენარე მწვანეა”, ”კ ა ნ ო ნ ა დ” გადაქცევა არ უწერია. რატომ?! არა, ამ თეორიაში მცდარი არაფერია, მაგრამ დღეს უკვე 21-ე საუკუნეა. ჩვენ გავარკვიეთ, თუ რატომ არის ყველა მცენარე მწვანე – ამის მიზეზი ჩვენს ატმოსფეროში შემომავალი მზის სპექტრია. თუმცა დღეს ჩვენ მარსის ათვისებაზე და გენმოდიფიცირებულ, სინთეზურ მცენარეებზე ვსაუბრობთ. ბიოქიმიური კანონების მიხედვით, მომავალი მარსული მცენარეები მწვანე არ იქნება; ჩვენ ვიპოვეთ ეგზოპლანეტები, რომლებიც სხვა სპექტრული პარამეტრების მქონე მზეების გარშემო მიმოიქცევიან. არც ამ პლანეტაზე მოზარდი ”მცენარეებისმაგვარები” იქნება მწვანე. ამ ახალმა კვლევებმა თვით თეორიის სახელწოდებაში შეიტანა კორექტირება. დღეს ის ასე ჟღერს: ”პლანეტა დედამიწაზე ყველა მცენარე მწვანეა”.
დღეს მეცნიერებაში გვხვდება ფრაზები: ”მსოფლიო მიზიდულობის კანონი”, ”დიდი აფეთქების თეორია”, ”მენდელისა და მორგანის კანონები”, ”ევოლუციის თეორია”; ”დრეიკის განტოლება”, ”კეპლერის კანონები”, ”იშვიათი დედამიწების ჰიპოთეზა”, ”ფერმის პარადოქსი” და უამრავი სხვა. თითოეული ტერმინი: ”იდეა”, ”ჰიპოთეზა”, ”თეორია”, ”კანონი”, ალბათური არგუმენტი” და ა.შ. სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაციის, ცოდნის ს ა ი მ ე დ ო ო ბ ი ს დ ო ნ ე ს აღნიშნავს. შესაბამისად, ადრეულ ეტაპზე მყოფ სამეცნიერო იდეას, მსჯელობის დროს, ნებისმიერი სხვა მოსაზრება შეიძლება ”დავუპირისპიროთ”; საკუთარი ”ჰიპოთეზა” მხოლოდ დაკვირვების შედეგად მოპოვებული ობიექტური ფაქტების (რეალურად არსებულ მოვლენებზე მრავალჯერადი დაკვირვების) წარმოდგენითაა შესაძლებელი; ”თეორიასთან” ”დაპირისპირება” სრულიად აბსურდულია, თუ არ იქნება წარმოდგენილი ფაქტები, გამოთვლები და ექსპერიმენტები, რომელიც თეორიის ”მცდარობას” ამტკიცებს. რაც შეეხება ბუნების კანონების ”უარყოფას”.. წარმატებებს გისურვებთ.
მაშასადამე, დღეს ჩვენ მთელი ”სამეცნიერო ტყე” ფეხდაფეხ შემოვიარეთ და სამეცნიერო ტერმინების ”ვეფხვს” პირდაპირ თვალებში ჩავხედეთ. კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – შეგჭამთ თუ არა ეს ”ვეფხვი”, თქვენს ”საკითხის ცოდნით შეიარაღებაზეა” დამოკიდებული. მოდით, საბოლოოდ გადავავლოთ თვალი ამ ტერმინებს, რომლებისაც. იმედია, უკვე აღარ გვეშინია:
- ”იდეა” – მოსაზრება, რომელიც ფაქტებზე მრავალჯერად, სუბიექტურ დაკვირვებას ეფუძნება;
- ”ჰიპოთეზა” – ყოფილი იდეა, რომელიც მრავალჯერად ობიექტურ დაკვირვებას ეფუძნება, და გამყარებულია სხვა მეცნიერების მიერ ჩატარებული ასეთივე მრავალჯერადი ობიექტური (მიუკერძოებელი) დაკვირვებებით;
- ”თეორია” – ყოფილი ”ჰიპოთეზა”, რომელიც გამყარებულია მრავალი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად ჩატარებული დაკვირვებებით, ექსპერიმენტებით, მათემატიკური გამოთვლებით და, დღეს უკვე – პროგრამული სიმულაციებით. შეიძლება მოიცავდეს ერთ ან რამდენიმე ”ჰიპოთეზას”;
- ”კანონი” – ყოფილი ”თეორია”, რომელიც მართებულია ჩვენთვის ცნობილი სამყაროს ყველა წერტილში, და რომლის მტკიცებულებათა მიმართ საპირისპირო სამეცნიერო არგუმენტები არ არსებობს.
ბოლოთქმის სახით: მეცნიერებაში არ არსებობს ტერმინები: ”მწამს”, ”მჯერა”, ”მგონია”, ”მე ასე მომწონს”, ”გული მიგრძნობს” და მსგავსი. სამაგიეროდ, მეცნიერებას არ ეშინია ხმამაღლა განაცხადოს, რომ რაღაც ”არ ვიცით”, ან – ”ჯერ არ ვიცით”.
✌❤