თითქმის ყველა დამწყები ასტრომოყვარული დგება არჩევანის წინაშე, რა იყოს მისი პირველი ოპტიკური მოწყობილობა. ჩვეულებრივ, მაშინვე ტელესკოპი გვახსენდება – რეფრაქტორი თუ რეფლექტორი, დიდი და ძვირფასი თუ იაფი და პატარა? რას დავინახავთ მასში – იუპიტერის დისკოს დეტალებს? გალაქტიკების დათვალიერებას თუ შევძლებთ?
სამწუხაროდ, ბინოკლი არავის ახსენდება, თუმცა, სულ ტყუილად. ბევრმა არ იცის, რომ კარგი პრიზმებიანი ბინოკლის შესაძლებლობები, პატარა ტელესკოპისაზე უკეთესია:
- იგივე აპერტურის (პირველი ლინზის დიამეტრი) მქონე ბინოკლი გაცილებით კომპაქტურია და მსუბუქი.
- მარტივია მისი ტრანსპორტირება – ჩამოიკიდე კისერზე და წადი საითაც გინდა.
- აქვს დამზერის ფართო კუთხე, რაც ციური ობიექტების ძებნას ამარტივებს.
- მასში ორივე თვალით ჩახედვაა შესაძლებელი. გამოსახულება არ არის გადაბრუნებული. წარმოუდგენლად ამარტივებს დაკვირვებას, რაც ალბათ მთავარი უპირატესობაა.
- ტელესკოპების უმრავლესობაზე იაფია. ჯობია იყიდოთ ბინოკლი და დარწმუნდეთ, რომ პრაქტიკულ ასტრომოყვარულობაში კიდევ უფრო მეტად ჩაღრმავება თქვენი საქმე არ არის, ვიდრე იყიდოთ ძვირფასი ტელესკოპი და სადმე უსაქმოდ შეინახოთ.
- ადვილია მოვლაც, იკავებს გაცილებით ნაკლებ ადგილს.
მაშ, რატომ არ არის ახალბედა ასტრომოყვარულებისთვის ბინოკლი ასტრონომიული ინსტრუმენტი?
მთავარი მიზეზი, როგორც ჩანს, ტელესკოპის ყოვლისშემძლეობაში გულუბრყვილო რწმენაა. გამოუცდელ ადამიანს ჰგონია, რომ ტელესკოპში ყველაფერი ისეთია, როგორიც ინტერნეტში ნანახ ლამაზ ფოტოებზე – ფერადი ნისლეულები და გალაქტიკები, პლანეტათა ზედაპირი, ასტრონავტები და მათ მიერ დატოვებული კვალი მთვარეზე. ეს წარმოდგენები რეალობისგან შორსაა! აუცილებელია ყველაფერში გავერკვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწრაფი იმედგაცრუება გველის. არის ფსიქოლოგიური მომენტიც, გვგონია, რომ მცირე შესაძლებლობების ტელესკოპიც კი სოლიდურად გამოიყურება, ვიდრე ბინოკლი. ან, ასტრომოყვარული იმიტომ ყიდულობს ტელესკოპს, რომ მსგავსი დაკვირვებებისთვის მხოლოდ ის გამოადგება.
რა თქმა უნდა, ბინოკლსაც აქვს ნაკლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მხოლოდ მას იყიდდა. ვნახოთ, რითია ბინოკლი შეზღუდული.
რას ვერ დავინახავთ ბინოკლით?
მსხვილმასშტაბიან დეტალებს პლანეტების ზედაპირზე, სუსტად მანათობელ გალაქტიკებსა და ნისლეულებს, ძალიან სუსტ ვარსკვლავებს. გარდა ამისა, ბინოკლი არ გამოდგება ასტროფოტოების გადასაღებად. თუ თქვენი ოცნებაა პლანეტებისა და ნისლეულების სურათების გადაღება, აუცილებლად ტელესკოპი დაგჭირდებათ.
რითია ბინოკლი უკეთესი?
- ზოგადად გაეცნობით ვარსკვლავებიან ცას.
- წაგრძელებულ ობიექტებზე დასაკვირვებლად, ფართო კუთხით დამზერის შესძლებლობის გამო – კომეტები, ვარსკვლავური გროვები, ირმის ნახტომი.
- კაშკაშა ცვალებად ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად.
- უბრალოდ, ვარსკვლავებიან ცაზე სამოგზაუროდ, დაღლილობისა და სტრესის მოსახსენლად, რაიმე განსაკუთრებული მიზნების გარეშე.
ბოლოს. თუ თქვენ პირველ ნაბიჯებს დგამთ ობსერვატორულ ასტრონომიაში და ჯერ ზუსტად არ გადაგიწყვეტიათ კონკრეტულად რაზე დაკვირვება გსურთ, იყიდეთ ბინოკლი! ბინოკლები იმ შემთხვევაშიც გამოგადგებათ, თუ ქალაქში ცხოვრობთ და სამსახური დიდ დროს გართმევთ, ვერ ახერხებთ ქალაქგარეთ რეგულარულ გასვლას და ა.შ. ამ შემთხვევაში, ტელესკოპი ნამდვილად ზედმეტი ტვირთი იქნება თქვენთვის (ყოველ შემთხვევაში, თავიდან მაინც). კომპაქტური ბინოკლი დიდ ადგილს არ დაიკავებს, ის არის მსუბუქი და ადვილად ტრანსპორტირებადი. მასთან ერთად, საკმარისად ბნელ ცას სახლის მახლობლადვეც სწრაფად იპოვნით.
რასაკვირველია, კარგი სამოყვარულო ტელესკოპით გაცილებით მეტს დავინახავთ, ვიდრე ბინოკლით, ზოგიერთი ასტრონომიული დაკვირვება კი ბინოკლით უბრალოდ შეუძლებელია. დაე, ტელესკოპის შეძენა იყოს თქვენი შემდეგი ნაბიჯი, როცა უკვე გადაწყვეტთ რისი გაკეთება გსურთ და იგრძნობთ, რომ გზის გასაგრძელებლად მზად ხართ!