ცაც (ატმოსფერო) და სხვა არამანათობელი ობიექტებიც მაშინ არის ყველაზე ბნელი, როცა მათ მზის, მთვარის, დიდი ქალაქებისა და სხვა წყაროების სინათლე არ ანათებს.
ატმოსფეროს ძირითადი ნაწილი აზოტსა და ჟანგბადზე მოდის, მცირე რაოდენობით მტვრისა და სხვა გაზების ჩანართებით. ცის ფერი, ჟანგბადის მოლეკულებზე გაბნეული სინათლის დამსახურებაა, ამიტომ როცა მზეა, ცისფერ ცას ვხედავთ, ხოლო მნათობის ჩასვლის მერე, გასაბნევი სხივებიც აღარსადაა და ცაც ბნელდება (უდაბნოს თეთრი მზე).
მტვრის ნაწილაკები და წყლის წვეთები, ნებისმიერი ფერის სინათლის გაბნევას იწვევს, ამიტომ მათ მიერ გაბნეული სინათლე თეთრია (სპექტრული ანალიზი). რაც უფრო მეტი ასეთი ნაწილაკია ატმოსფეროში, მით უფრო თეთრი და ნათელია ცა. გამოდის, რომ ყველაზე ბნელი ცა იქ იქნება, სადაც სუფთა, ნაწილაკებისგან თავისუფალი ჰაერია. კიდევ უფრო ბნელი – სადაც თვითონ ჰაერიც ცოტაა. ამიტომ მაღალ მთაში ცა დღეც კი მუქი ცისფერია, ხოლო ჰაერისგან თავისუფალ კოსმოსში – შავი.
დედამიწაზე, ყველაზე ბნელი ცა, რა თქმა უნდა, ღამე გვაქვს, თან ისეთ ადგილებზე, სადაც მზე ყველაზე ღრმად ჩადის ჰორიზონტს ქვემოთ, დედამიწის სფეროს მეორე მხარეს. ასეთი რამ დედამიწაზე ეკვატორულ ზონაში ხდება, ჩრდილოეთ და სამხრეთ ტროპიკებს შორის, სადაც მზე ზუსტად ზენიტში ადის, ანუ პირდაპირ დამკვირვებლის თავს ზემოთ. შესაბამისად, ღამის ცაზე დამკვირვებელი ზუსტად ამ წერტილის საპირისპირო, პლანეტის მეორე მხარეს უნდა იყოს. ხსენებულ წერტილებზე მზე წელიწადში ერთჯერ არის ზენიტში – ე.წ. მზის დგომის დროს, 21 ივნისს – ეკვატორიდან ჩრდილოეთით და 22 დეკემბერს – ეკვატორიდან სამხრეთით. ტროპიკული სარტყლის დანარჩენ წერტილებზე მზე წელიწადში ორჯერ ექცევა ზენიტში (ზედ ეკვატორზე, გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიაობისას) (მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება).
გარდა ამისა, უნდა იყოს უმთვარო ღამე, მაღალ მთაში, დასახლებული პუნქტებიდან შორს. შესაბამის პირობებში, ღამის ცაზე დაკვირვებისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი ჰიმალაის მწვერვალი გამოდის (თუმცა, ის ჩდრილოეთ ტროპიკიდან ოდნავ ჩრდილოეთით მდებარეობს (10 საინტერესო ფაქტი თანამედროვე დედამიწის შესახებ)).
დღის ყველაზე ბნელი ცაც მთის მწვერვალებიდან დაიმზირება. ამისათვის აუცილებელია, რომ შევხედოთ ცის იმ წერტილს, რომელიც მზის მიმართ მართი კუთხით მდებარეობს. ატმოსფეროს მიერ მზის სხივების გაბნევის თავისებურების გამო, ყველაზე ნაკლები სინათლე სწორედ ამ მხირდან მოვა (თინდალის ეფექტი; სიბნელის ასტრონომია; კაცობრიობის ერთი მესამედისთვის უხილავი ირმის ნახტომი).