ევროპელების მიერ შექმნილი კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით, ასტრონომებმა, ირმის ნახტომის ვარსკვლავთა დეტალური რუკა შეადგინეს. ახლა ისინი აპირებენ, რომ მისივე საშუალებით დაისონის სფეროსა და სხვა ჰიპოთეტური ობიექტები აღმოაჩინონ, რომლებიც გალაქტიკაში უცხო ცივილიზაციების აქტიურობის დამადასტურებელი ფაქტი იქნება.
დაისონის სფერო, ხელოვნურად შექმნილი ჰიპოთეტური სტრუქტურაა, რომლის კონცეფცია ამერიკელმა ფიზიკოსმა, ფრიმენ დაისონმა წარმოადგინა. ეს არის უზარმაზარი სფერო, რომლის ცენტრში ვარსკვლავია მოქცეული. ასეთი კონსტრუქცია ვარსკვლავის მიერ გამოსხივებული ენერგიის მაქსიმალურად შთანთქმის საშუალებას იძლევა, რომელსაც განვითარებული ცივილიზაცია თავისი მიზნებისთვის გამოიყენებს.
ახალ ნაშრომში გიგანტური სტრუქტურების ძებნის რამდენიმე მეთოდია წარმოდგენილი, რომლებიც Gaia-ს მუშაობის პირველი სეანსიდან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა. ასტრონომთა ჯგუფი ანომალური ჩაბნელებების მქონე ობიექტებს ეძებს(მათ შორის ყველაზე ცნობილია ტაბის ვარსკვლავი, იგივე KIC 8462852). ძებნა ობიექტის ადგილმდებარეობის ცვლილებაზე იქნება კონცენტრირებული, რადგან Gaia ვარსკვლვებამდე დაშორებას ზომავს, თავისი მდებარეობის შედარებით ვარსკვლავსა და დედამიწას შორის. ზოგჯერ მცირე გადახრაც კი იქვე მდებარე სხვა ობიექტის არსებობაზე მიუთითებს.
უცხოპლანეტელები თუ კოსმოსური ანომალია?
ხელოვნური სტრუქტურების ქონის კანდიდატებად 2 ვარსკვლავი იქნა აღებული: TYC 7169−1532−1 და TYC 6111−1162−1. ისინი, პირველ რიგში, გამოსხივების უცნაური პორციებით გამოშვების გამო აარჩიეს, რაც დაისონის სფეროსთვის დამახასიათებელ სიგნალზე შეიძლება მიუთითებდეს, ან, მაღალი ალბათობით, უბრალო დამთხვევა შეიძლება იყოს. მკვლევართა ჯგუფმა ამ ობიექტებში ნათების არასტაბილურობის გამომწვევი რაღაც ფაქტორი მართლაც შეამჩნია. საუბარია ორმაგ სისტემაზე, რომელშიც თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი, მზეზე ოდნავ დიდი ჩვეულებრივი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. მსგავსი სისტემები არც თუ ისე ცოტაა, ოღონდ არა ასეთი ანომალიით ნათებაში(დაისონომანია გრძელდება…).
დასკვნა
უცხო ცივილიზაციის კვალის ვერ აღმოჩენის შემთხვევაშიც, ეს კვლევები კაცობრიობის ცოდნას კოსმოსის შესახებ მაინც გაამდიდრებს. ალბათ, მომავალში კაცობრიობა შეძლებს საკუთარი ორბიტული ვარსკვლავური სადგურების აგებას ვარსკვლავის მიერ გამომუშავებული ენერგიის დასაგროვებლად. იქნებ ჩვენ ვართ ის ცივილიზაცია, რომელიც სამყაროს პირველ დაისონის სფეროს ააშენებს?