გახსოვთ, მაიქლ კრაითონის „შტამი ანდრომედა“? ჰერბერტ უელსის „სამყაროთა ომის” ფინალი? აი, რას ფიქრობენ მიკრობიოლოგები უცხოპლანეტურ ბაქტერიასთან „რანდევუს“ თაობაზე:
დრიუ სმითი, მიკრობიოლოგი: „უცხოპლანეტური ბაქტერიის მიერ ადამიანების ინფიცირების შანსი – ნულია. ძალზე მცირე კი არა – ნული”.
პათოგენობა ინტიმურობას საჭიროებს, რაც მხოლოდ მილიონობით წლების განმავლობაში მიმდინარე თანაევოლუციით შეიძლება იყოს გამომუშავებული. ამას იოლად მიხვდებით, თუ ინფექციების, სხვა დაავადებების გამომწვევი ბაქტერიებისა და ვირუსების ბიოლოგიურ ბუნებას დაწვრილებით შეისწავლით.
ინფიცირებისთვის, უჯრედის ზედაპირზე მიმაგრებაა საჭირო; დედამიწისეულ ბაქტერიებსა და ვირუსებს, დედამიწისეული უჯრედების ზედაპირზე მიმაგრება, მემბრანული ცილებისა და ნახშირწყლების ამომცნობი მოლეკულების მეშვეობით შეუძლიათ.
მოდი, დავუშვათ, რომ უცხოპლანეტური ბაქტერია ჩვენი უჯრედის მემბრანას მიემაგრა. ის ინფიცირებას მაინც ვერ შეძლებს – მან ისეთი ტოქსინები(ან ვირულენტობა) უნდა გამოიმუშაოს, რომელიც სპეციფიურია დედამიწისეული პროტეინებისთვის. მათმა აქტივობამ უნდა შეცვალოს ან დაშალოს უჯრედები და ქსოვილები, გამოიყენოს მათი საკვები ნივთიერებები.
ჩვენ უჯრედში არსებულ ყველა მოლეკულას მილიარდობით წლის ევოლუციით განპირობებული სტრუქტურა აქვს. იმის შანსი, რომ უცხოპლანეტურმა პათოგენმა, სადღაც, შორეული მზის პლანეტაზე, დედამიწისეული მოლეკულების შესაფერისი ინფიცირების სისტემა განივითარა – უსასრულოდ მცირეა.
პათოგენურობა დედამიწაზეც ძალიან იშვიათი მოვლენაა: აქ ბაქტერიებისა და ვირუსების მილიონობით, შესაძლოა – მილიარდობით სხვადასხვა სახეობა ბინადრობს და აქედან, სულ რაღაც, ორასამდე პათოგენია; ხოლო ამ ორასიდან 10-12 თუ მოიძებნება ისეთი, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანის ინფიცირება შეუძლია; ეს ბაქტერიები მილიონობით წლებია ჩვენთან ერთად ევოლუციონირებენ, ჩვენს ბიოქიმიურ პროცესებს ”იცნობენ”, ჩვენს უჯრედებს, ჩვენს იმუნურ სისტემას.
ეს ცოდნა მათ გენომშია ჩაბეჭდილი, ეს ის დღიურია, რომელიც მხოლოდ დედამიწის ენაზე შეიძლება იყოს დაწერილი. როგორია იმის ალბათობა, რომ უცხოპლანეტური ცივილიზაციის წარმომადგენელთა მშობლიური ენა ინგლისური იყოს? – ნული. ასეთი რამ, უბრალოდ, შეუძლებელია“.
ე.ი. სამეცნიერო ფანტასტიკა ცდება? ზედმეტ სიფრთხილეს ვიჩენთ? პლანეტური უსაფრთხოების სამსახური რისთვის გვაქვს?(სიცოცხლე; კიდევ მიკრობების შეახებ).