უზარმაზარმა ბეთელგეიზემ, ოდესღაც, მზის მსგავსი კომპანიონი ვარსკვლავი „გადასანსლა“

 ორიონის თანავარსკვლავედის უზარმაზარმა წითელმა ვარსკვლავმა – ბეთელგეიზემ, როგორც ჩანს, არც ისე დიდი ხნის წინათ, კომპანიონი „გადასანსლა“ (hspace.com). ბეთელგეიზე მალე განადგურდება, როგორც ზეახალი. მისი ვარსკვლავური კლასის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, წითელი, ისედაც ზეგიგანტი მნათობი, სიცოცხლის ბოლოს წარმოუდგენლად „გასივდა“. ბეტელგეიზეს მასა მზისას დაახლოებით 20-ჯერ, ხოლო ზომებით – 1000-ჯერ (!) აღემატება და ეკვატორულ განივკვეთში 1,4 მილიარდ კილომეტრს შეადგენს. მზის ადგილზე ის ასტეროიდების სარტყელს მისწვდებოდა.

 ასტროფიზიკოსების აზრით, ასეთი არანორმალურად დიდი ვარსკვლავი გაცილებით უფრო ნელა უნდა ბრუნავდეს, რადგან დიამეტრში ზრდასთან ერთად მისი როტაციული სიჩქარე უნდა შემცირებულიყო (გაიხსენეთ მოციგურავე, რომელიც მკლავების გაშლის ან სხეულზე მიჭერის საშუალებით ბრუნვის სიჩქარეს აკონტროლებს); მაგრამ ბეთელგეიზე 53 900 კმ/სთ სიჩქარით ბზრიალებს, რაც მისი მსგავსი ვარსკვლავების როტაციის ტიპიურ სიჩქარეს, სულ მცირე, 150-ჯერ აღემატება (The Brightest Stars in the Sky: A Starry Countdown).

 ტექსასის უნივერსიტეტის მეცნიერი, ჯეი ქრეიგ უილერი და მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ ბეთელგეიზეს ბრუნვის უჩვეულო სიჩქარე მის მიერ კომპანიონის, მზის მსგავსი ვარსკვლავის შთანთქმის შედეგია, რომლის ორბიტის კუთხური მომენტიც მას გადაეცა. კომპიუტერული მოდელირების მიხედვით, ეს დაახლოებით 100 ათასი წლის წინათ უნდა მომხდარიყო, რამაც მნათობის ბრუნვის აჩქარება და კოსმოსში ბეთელგეიზეს ღრუბლოვანი მასების გაფრქვევა გამოიწვია – 36 000კმ/სთ. სიჩქარით.

 და აი, კოსმოსური ტელესკოპის – ”ჰერშელი”-ს, მიერ ახლახანს გადმოცემულმა გამოსახულებებმა დაადასტურა, რომ ბეთელგეიზედან ნავარაუდევ მანძილზე ვარსკვლავური მტვერი მართლაც დაიმზირება.

 „ცხადია, ამ ყველაფერს, ერთ დღეს, შეიძლება სხვაგვარი ახსნა მოეძებნოს, მაგრამ ფაქტია, რომ ბეთელგეიზეს ბრუნვის სიჩქარემ, რაღაც მიზეზით, გარკვეული ხნის წინათ მკვეთრად მოიმატა“.

 ბეთელგეიზე, მზიდან დაახლოებით 640 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. სხვა ზეგიგანტების მსგავსად, ის ახალგაზრდა ასაკში დაასრულებს სიცოცხლეს – ბეთელგეიზე სულ რაღაც 10 მილიონი წლისაა. შედარებისთვის, ჩვენი მშვიდი მზე, დაახლოებით 4,6 მილიარდი წლისაა და ჯერ სიცოცხლის ნახევარიც კი არ გაუვლია (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.