მეცნიერებმა, როგორც ჩანს, დედამიწის ბირთვის სიმყარეს ახსნა მოუძებნეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტემპერატურა მზის ზედაპირის ტემპერატურაზე ცოტა მაღალია. აღმოჩნდა, რომ ეს, ჩვენი პლანეტის ცენტრში მდებარე რკინის ”ბურთულის” შემადგენელი კრისტალიზებული რკინის ატომების არქიტექტურასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
მკვლევართა ვარაუდით, დედამიწის ბირთვს იშვიათი ატომური მდგომარეობა შეიძლება ახასიათებდეს, რომლითაც ის წარმოუდგენელ ტემპერატურასა და წნევას უძლებს.
შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის (სტოკჰოლმი) მკვლევარებმა, პროცესის მოდელირებისთვის, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან 6400 კილომეტრის სიღრმეზე ხდება, ქვეყანაში არსებული ყველაზე ძლიერი სუპერკომპიუტერი გამოიყენეს – Triolith. ნებისმიერი სხვა მეტალის მსგავსად, რკინის ატომური სტრუქტურაც იცვლება ტემპერატურისა და წნევის ცვლილებასთან ერთად. ჩვეულებრივ პირობებში, რკინის კრისტალური მესერი ე.წ. მოცულობით-ცენტრირებული კუბური (მცკ) სტრუქტურის ფაზის მდგომარეობაშია. მაღალი წნევის ზემოქმედებით კი მესერი მჭიდრო ექსვკუთხა ფაზაში გადადის. ამ ტერმინებით, მეტალის კრისტალური მესრის შიგნით ატომების მდებარეობა აღიწერება, რაც თავის მხრივ, მეტალის სიმყარესა და სხვა თვისებებს განაპირობებს, მაგალითად, დარჩება თუ არა ის მყარ მდგომარეობაში.
ადრე ითვლებოდა, რომ დედამიწის რკინის ბირთვის მყარ მდგომარეობაში დარჩენა, მისი შემჭიდროებული კრისტალური მესრის ექვსკუთხა ფაზით აიხსნება, რადგან იქ მცკ-ს მდგომარეობისთვის ძალიან არასტაბილური პირობებია. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ჩვენი პლანეტის ცენტრის სიმყარეს სწორედ მცკ მდგომარეობა შეიძლება უზრუნველყოფდეს.
რკინის ატომების მაღალი აქტიურობის ანალოგიად ბანქოს შეკვრა შეიძლება ავიღოთ, რომელშიც ბანქოს თითოელი ქაღალდი, ატომია. ატომები ძლიან სწრაფად გადადგილდება ერთმანეთში, როგორც ბანქოს აჭრისას, შეკვრა კი მთლიანობას ინარჩუნებს. ეს პირობები კი ნამდვილად შთამბეჭდავია: წნევა 3,5 მილიონჯერ მეტია ატმოსფერულზე, ტემპერატურა კი დაახლოებით 6000 0C.
სუპერკომპიუტერით მიღებული მონაცემების მიხედვით, დედამიწის ბირთვის მასის 96%, როგორც ჩანს, სწორედ რკინაზე მოდის. დარჩენილი ნაწილი კი ნიკელსა და სხვა მსუბუქ ელემენტებზე.
კიდევ ერთი გამოცანა, რომელიც ამ კვლვით შეიძლება ამოიხსნას, სეისმურ ტალღებს ეხება, რომლებიც პოლუსებს შორის უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ეკვატორზე. ამ მოვლენას ანიზოტროპიასაც (არაერთგვაროვნება) უწოდებენ. მკვლევართა თქმით, ექსტრემალურ მდგომარეობაში არსებული რკინის მცკ მესრის ქცევის თავისებურება, რომელიც დედამიწის ცენტრისთვის არის დამახასიათებელი, ანიზოტროპიის მსხვილმასშტაბიანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, რაც თავის მხრივ, მეცნიერთათვის კვლევების კიდევ ერთ მიმართულებას აჩენს.
აღსანიშნავია, რომ კონკრეტული კომპიუტერული მოდელირებებით მიღებული მონაცემები განსხვავებული შეიძლება აღმოჩნდეს. სანამ ასეთ სიღრმეებზე საკვლევი ინსტრუმენტების ჩაშვებას შევძლებთ, გამოთვლათა ასპროცენტიანობაზე ვერ ვისაუბრებთ. ასეთი მისიის განხორციელება, დედამიწის წიაღში მოქმედი წნვისა და ტემპერატურის გაათვალისწინებით, შეიძლება საერთოდაც ვერ განხორციელდეს.
მაინც, სირთულეების მიუხედავად, ასეთი კვლევების გაგრძელება აუცილებელია, რადგან რაც უფრო მეტს გავიგებთ ჩვენი პლანეტის ბირთვის შესახებ, მით უფრო მეტი გვეცოდინება რა ელის მას მომავალში (ბირთვის ბირთვი; დედამიწა).