კოლაბორაცია LHCb, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერში ე.წ. ლამაზი ადრონების(Beauty Hadrons) გაჩენა-დაშლას სწავლობს (არომატული კვარკები:)), კვლევით პროგრამას მეთოდურად და ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს, ახალ-ახალი ეფექტების აღმოჩენით. ახლაც, ახალი სტატიით (Measurement of matter-antimatter differences in beauty baryon decays), კოლაბორაცია იუწყება, რომ ბარიონების დაშლაში CP-დარღვევის ეფექტები პირველად აღმოაჩინა (CP-დარღვევა პროტონულ-ანტიპროტონული წყვილების მონაწილეობით; სუსტი ურთიერთქმედება; სარკული მატერია).
CP-დარღვევა, მიკროსამყაროში მოქმედი კანონების ასიმეტრიულობაა. თუ ნაწილაკებს შევცვლით ანტინაწილაკებით (საპირისპირო მუხტი. C – გარდაქმნა), მათი გაჩენა-დაშლის პროცესები სარკული ანარეკლის მსგავსი არ იქნება (ასე რომ ვთქვათ, მარჯვენასა და მარცხენას ვერ შევუცვლით ადგილებს. P-გარდაქმნა). CP-დარღვევას უნდა ვუმადლოდეთ, რომ სამყაროში გაცილებით მეტი მატერიაა, ვიდრე ანტიმატერია, რომლისგანაც ვარსკვლავები, პლანეტები და ყველაფერი დამზერადია შექმნილი. ის, რომ ელემენტარული ნაიწლაკების მმართავი ფიზიკური კანონები, მხოლოდ C ან P-გარდაქმნის მიმართ არის არასიმეტრიული, სიახლეს არ წარმოადგენს და სტანდარტული მოდელით არის განსაზღვრული, ხოლო მათი ერთდროული დარღვევა – გამოცანაა. სტანდარტული მოდელის ჩარჩოებში ამ ეფექტის აღწერა შესაძლებელია (რაშიც სამმა იაპონელმა ფიზიკოსმა 2008 წლის ნობელის პრემიის ნახევარი მიიღო), ხოლო ახსნა – არა.
ფიზიკოსებმა CP-დარღვევის შესახებ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც იციან. ეფექტის გამოვლენა კი ასე ხდება. ფიზიკოსები იკვლევენ რაიმე ნაწილაკის დაშლას და მისი ანტინაწილაკის ანალოგიურ დაშლას ადარებენ (დაშლის პროდუქტებსაც პრეფიქსი ანტი ექნებათ, რა თქმა უნდა). თუ მათი ალბათობები არ ემთხვევა ან განსხვავებული კუთხური განაწილება აქვს, მაშინ მეცნიერები მატერია-ანტიმატერიის განსხვავებაზე საუბრობენ, სწორედ ეს არის CP-დარღვევა.
ყველა ასეთი ეფექტი, აქამდე, მხოლოდ მეზონების (შედგება კვარკისა და ანტიკვარკისგან) ოსცილაციებსა და დაშლებში დაიმზირებოდა. პრინციპში, ლამაზ ბარიონებსაც შეუძლია ასეთი ეფექტების დემონსტრირება, მაგრამ მათი დამზერა ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, თეორეტიკოსები მოელოდნენ, რომ LHCb-ს ამის შანსი მაინც ჰქონდა.
კვარკი – ფუნდამენტური ნაწილაკი სტანდარტულ მოდელში, აქვს მუხტი, არ დაიმზირება თავისუფალ მდგომარეობაში. კვარკები, წერტილოვანი ნაწილაკებია – 0,5×10−19 მ. მასშტაბებამდე, რაც დაახლოებით 20 ათსჯერ ნაკლებია პროტონის ზომაზე. კვარკებისგან შედგება ადრონები, კერძოდ, პროტონი და ნეიტრონი. დღევანდელი დღისთვის კვარკების 6 ”სორტია”(ან არომატი) ცნობილი. ძლიერი ურთიერთქმედებიდან გამომდინარე ითვლება, რომ კვარკებს, დამატებით, აქვს შიდა სტრუქტურა, ე.წ. ”ფერი”. ყოველ კვარკს გააჩნია შესაბამისი ანტინაწილაკი, ანტიკვარკი.
ასეც მოხდა. LHCb, Λb-ბარიონისა (ატომი) და მისი ანტინაწილაკის ანალოგიური დაშლების შესწავლის შესახებ იუწყება (udb კვარკული შემადგენელი). საჭირო დაშლებისას დამზერილ მოვლენათა რაოდენობის შედარება არაეფექტურია, რადგან ძალიან ბევრი ცდომილებები იქნება. სამაგიეროდ, შეიძლება დაშლის ტიპებში კინემატიკური პრამეტრების ანალიზი და მათი შემდგომი შედარება.
ეს ანალიზი, Run 1 (პროტონების შეჯახებათა პირველი სეანსები)-ით მიღებულ მთლიან სტატისტიკაზე ჩატარდა, რამაც ”ნულოვანი ჰიპოთეზიდან”, ანუ CP-დარღვევის ეფექტთა არ არსებობიდან გადახრა აჩვენა. გადახრის სტატისტიკური მნიშვნელობა 3,3 სიგმას შეადგენს, რაც არა აღმოჩენას, არამედ მისი არსებობის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო Run 2-ის მონაცემთა დამუშავების შემდეგ, სრულფასოვან აღმოჩენად შეიძლება იქცეს.