ჩინეთმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ 500 მეტრის აპერტურის მქონე სფერული ტელესკოპი – FAST (Five hundred meter Aperture Spherical Telescope) თითქმის დასრულებულია და მალე ის ციური მოვლენების (მათ შორის – უცხო ცივილიზაციათა სიგნალების) ძიებას შეუდგება (gbtimes.com).
რადიოტელესკოპის მშნებებლობა 2011 წელს დაიწყო და მისი კონსტრუქცია 1,2 მილიარდი იუანი (185 მილიონი ამერიკული დოლარი) დაჯდა.
FAST–ის შემკრები ფართობი 196 000 კვადრატული მეტრია და ზომებით მნიშვნელოვნად აღემატება პუერტო-რიკოში, არესიბოს ობსერვატორიაში განთავსებულ რადიოტელესკოპს, რომლის შემკრები ფართობი მხოლოდ 73 000 კვადრატული მეტრია, ხოლო დიამეტრი – 302 მეტრი. ეს ნიშნავს, რომ FAST მსოფლიოს “ერთთეფშიან” რადიოტელესკოპებს შორის უდიდესია.
პარალელურად, კოშკის მშენებლობაც მიმდინარეობს, საიდანაც ტურისტებისა და მეცნიერების თვალწინ 1,6 კილომეტრის განიკვეთის ტელესკოპური კომპლექსის პერიმეტრის შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება.
რადიოტელესკოპი 4450 პანელისგან შედგება და ის პინგტანგის პროვინციის ბუნებრივი კარსტული წიაღისეულის ღრმულში განთავსდება. აქედან ქალაქები მთებს მიღმა კილომეტრებითაა დაშორებული, რაც ელექტრომაგნიტური ხმაურისაგან ტელესკოპის საიმედო იზოლირებას უზრუნველყოფს.
არესიბოს რადიოტელესკოპისაგან განსხვავებით, FAST–ს კიდევ სხვა უპირატესობებიც გააჩნია: მართალია, ორივე ტელესკოპი ფიქსირებულია, მაგრამ ჩინური ტელესკოპის პანელები მოძრავია და აქტიურ შემკრებ ზედაპირს ქმნის. ეს ნიშნავს, რომ მას ინფორმაციის შეკრება ცამრგვალის გაცილებით უფრო დიდი დიაპაზონიდან შეუძლია.
FAST, 19 მეტრიან მიმღებს გამოიყენებს, რომელიც სამეცნიერო და ინდუსტრიული კვლევის ავსტრალიურ ორგანიზაციასთან (CSIRO – Commonwealth Scientific and Industrial Research Organisation) ერთად დამზადდა. მრავალდიაპაზონიანი მიმღები თეფშიდან 140–160 მეტრის სიმაღლეზე განთავსდება და ტელესკოპის მიერ ცის რამდენიმე უბნის ერთდროულ სკანირებას უზრუნველყოფს.
ასტრონომიული განრიგი
ტელესკოპი კოსმოსიდან მოსულ რადიოტალღებს, მათ შორის, ძალიან სუსტ სიგნალებსაც მიიღებს, რაც ფიზიკოსებს უამრავი საკითხის გარკვევის საშუალებას მისცემს; ცხადია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ბნელი მატერიის თვისებების შესწავლაა.
FAST მოიძიებს პულსარებს; დააფიქსირებს მარტივ და რთულ, ორგანული მასალის შემცველ ნახშირბადოვან მოლეკულებს ვარსკვლავთშორის სივრცეებსა და კოსმოსური მტვრის ღრუბლებში; შეამოწმებს წყალბადის შემცველობის დონეს ირმის ნახტომსა და სხვა გალაქტიკებში.
რადიოტელესკოპი, განვითარებული უცხოპლანეტური ცივილიზაციების ძიების პროგრამაშიც (SETI– search for intelligent extraterrestrial life) იქნება ჩართული და ეგზოპლანეტებიდან წამოსულ სიგნალებს ყურადღებით დააკვირდება. FAST, ჩინური კოსმოსური პროგრამის ფარგლებში მომუშავე ხომალდების კონტროლისთვისაც იქნება გამოყენებული (ვიდეო)(გიგანტური რადიოტელესკოპი).
ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.