ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ეკზოპლანეტის პირველი რუკა გამოაქვეყნა. გაზურ გიგანტ Kepler-7b-ზე, რომელიც ”ცხელ იუპიტერებს”(დედავარსკვალვთან ახლოს მდებარე გაზური გიგანტები) მიეკუთვნება, ღრუბლის დიდი ლაქაა აღმოჩენილი. პლანეტის გაზური გარსის მაღალი ტემპერატურის გამო ეს ღრუბლები არა წყლის ორთქლისგან, არამედ სილიციუმის ნაერთებისგან შედგებიან(NASA,jpl).
აღმოჩენა ბელგიელმა, ამერიკელმა, ფრანგმა და შვეიცარიელმა ასტრონომებმა ორბიტალური ტელესკოპის ”სპიცერი”-ს საშუალებით გააკეთეს. პლანეტა პირველად, ამჟამად მწყობრიდან გამოსული, ეკზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპის ”კეპლერი”-ს საშუალებით აღმოაჩინეს. ამ ციური სხეულის ერთ-ერთი მხარე მასზე დაცემულ ინფრაწითელ სხივებს(3,6 და 4,5 მიკრომეტრი) კარგად ირეკლავს. ამ მონაცემებმა ის ეჭვები დაამტკიცეს, რომლებიც მკვლევარებს ჩვეულებრივი, ოპტიკურ დიაპაზონში გადაღბული ფოტოების ანალიზისას გაუჩნდათ.
_2010 წელს აღმოჩენილი ეკზოპლანეტა ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო, რომლის დანახვა მხოლოდ ტელესკოპით არის შესაძლებელი(ვარსკვლავური სიდიდით 13,9), ქნარის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ვარსკვლავ Kepler-7-ის(ვარსკვლევების და პლანეტების სახელები) დიამეტრი 86 პროცენტით, ხოლო მასა დაახლოებით სამჯერ მეტია მზისაზე, შესაბამისად მეტია ტემპერატურაც. პლანეტა, რომლის ორბიტის რადიუსი მერკურისაზე სამჯერ პატარაა, ცელსიუსით 1200-1300 გრადუსამდეა გაცხელებული. ასეთ ტემპერატურაზე, როგორც მკვლევარები წერენ, ღრუბლები სილიკატური ნაერთებისგან თუ იქნებიან შემდგარნი, რომელთა შორისაც გამდნარი სილიციუმის ოქსიდიც შეიძლება იყოს, დედამწიაზე ეს უკანასკნელი ქვიშისა და კვარცის სახითაა წარმოდგენილი. ისინი სინათლესა და სითბოს აირეკლავენ, რის გამოც პლანეტა უფრო ელვარედ გამოიყურება, ვიდრე სხვა ”ცხელი იუპიტერები”. ღრუბლების ლაქა არა მზის მიერ განათებული ნახევარსფეროს შუაში მდებარეობს, არამედ ოდნავ დასავლეთით არის წანაცვლებული, დედა ვარსკვლავთან ყველაზე უფრო ახლო წერტილთან(ის ვარსკვლავისკენ ყოველთვის ერთი მხრით არის შებრუნებული, როგორც, მაგალითად, მერკური მზისკენ ან მთვარე დედამიწისკენ).
Kepler-7b-ეს განსაკუთრებული თავისებურება ისაა, რომ ამ გიგანტზე სუსტი მიზიდულობის ძალა უნდა მოქმედებდეს. მისი მასა იუპიტერის მხოლოდ 43 პროცენტს შეადგენს, რადიუსი კი იუპიტერისაზე თითქმის ნახევარჯერ მეტია: მასზე თავისუფალი ვარდნის აჩქარება დედამიწისეულზე მცირე იქნება. ეს ეფექტი, როგორც ასტრონომები აღნიშნავენ, ატმოსფეროში მოხვედრილი მყარი ნაწილაკებისა და კონდენსირებული ნივთიერებების წვეთების ქცევაზე აისახება, ისინი ძალიან ნელა დაიწყებენ ზედაპირისკენ ვარდნას. მეცნიერები უახლოეს მომავალში სხვა ეკზოპლანეტების მსგავსი რუკების მიღებას იმედოვნებენ, რათა თავიანთი ვარაუდები დადასტურდეს, რომლებსაც მზის სისტემის შიგნით ანალოგი არ გააჩნიათ(ეკზოპლანეტები).