ბაბუაწვერას ფორმის ნისლეულისა და “ვარსკვლავი ზომბის” საიდუმლო

 ავსტრიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ISTA), ჰარვარდ-სმიტსონის ინსტიტუტის ასტროფიზიკის ცენტრის მეცნიერებმა, ანომალიური ზეახალი ვარსკვლავი შეისწავლეს, რომელსაც ბაბუაწვერას ფორმა აქვს (The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა).

 ზეახალ SN 1181-ის (იგივე 1181 წლის “ვარსკვლავი  სტუმარი”) აფეთქება, იშვიათი კოსმოსური მოვლენა იყო. ასტრონომებმა დაადგინეს, რომ აფეთქება თეთრი ჯუჯების შეჯახებამ გამოიწვია (ტიპი Iax), მაგრამ  მათი შენაერთი მთლიანად არ განადგურებულა და ეგრეთ წოდებული “ვარსკვლავი ზომბის” სახით დარჩა.

 დაკვირვებები ჩატარდა ჰავაიზე მდებარე კეკის ობსერვტორიი სპექტროგრაფით (KCWI), რომელიც ყველაზე სუსტად მანათობელი წყაროების აღმოსაჩენად არის შექმნილი და გამოსახულებაზე არსებული თითიოული პიქსელის სპექტრული მონაცემების მოცემა და მატერიის მოძრაობის ხასიათის დადგენა შუძლია. მისი მეშვეობით, მენციერებმა, ამ ზეახალთან დაკავშირებული ნისლულის, Pa 30-ის სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღება მოახერხეს, მისი თავისებურებებისა და განსაკუთრებულობების დინამიკაში კვლევის ჩათვლით.

გაირკვა, რომ ძაფების სახით გამოტყორცნილი მატერია ბალისტიკურად ფართოვდება, დაახლოებით 1000 კმ/წმ. სიჩქარით და მისი სიჩქარე ჯერ კიდევ არ შეცვლილა. ამ პროცესის შესწავლით, აფეთქების დროც დაზუსტდა, დაახლოებით 1181 წელი, რაც ჩინელი და იაპონელი ასტრონომების ისტორიული ჩანაწერების დროს ემთხვევა.

აფეთქება ასიმეტრიული აღმოჩნდა, რაც თვითონ აფეთქების უჩვეულო ხასიათზე მიუთითებს. ბაბუაწვერას წვრილი ძაფების მსგავსი სტრუქტურები შესამჩნევი სიცარიელეებით არის ერთმანეთისგან გამოყოფილი. ასეთი ასიმეტრია აფეთქების სპეციფიურ პირობებზე მიუთითებს, რომლებიც ჯერ ისევ კვლევის საგნად რჩება.

1181 წელს, 4-6 აგვისტოს შორის, ჩინელმა და იაპონელმა ასტრონომებმა, სატურნის მსგავსი სიკაშკაშის მქონე ვარსკლვალი შეამჩნიეს ცაზე (iopscience.iop.org), რომელიც კიდევ ნახევარი წელი დაიმზირებოდა. ძველმა ასტრონომებმა ცის თაღზე მისი მდებარეობა დააფიქსირეს, თუმცა ამ ზეახლის ნარჩენის ზუსტი მდებარეობა 900 წლის განმავლობაში დაუდგენელი რჩებოდა. ჩვენს გალაქტიკაში აფეთქებული 8 ზეახალია ცნობილი, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით ჩანდა.

 ჰონკონგის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსებმა, კოლეგებთან ერთად ესპანეთიდან და საფრანგეთიდან, ასტრომოყვარულების მიერ 2013 წელს აღმოჩენილი ნისლეულის – Pa 30, გაფართოების სიჩქარე გაზომეს — 1100 კილომეტრი წამში. ასეთი სწრაფი გაფართოებიდან გამომდინარე, სწორედ ეს ნისლეული შეიძლებოდა ყოფილიყო 1181 წელს აფეთქებული ზეახალი ვარსკვლავის (SN 1181) ნარჩენი.

 ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ეს ნისლეული ორი თეთრი ჯუჯის შერწყმის (ეს ზეახალი ცაზე 1181 წელს გამოჩნდა) შედეგად გაჩნდა – ერთი, ნახშირბად-ჟანგბადის ატმოსფეროთი და მეორე – ჟანგბად-ნეონის ატმოსფეროთი. შედეგად, უკიდურესად იშვიათი ტიპის ზეახალი  მივიღეთ, რომელიც ცნობილია როგორც Iax. ამაზე მიუთითებს ნეონისა და მაგნიუმის მოსალოდნელზე მაღალი დონე, რაც ნახშირბადის თერმობირთვული წვის შედეგია. ასეთი აფეთქებისას წინამორბედი ჯუჯა ვარსკვლავების შენაერთი შეიძლება სრუდად არ განადგურდეს, ჩვენს გალაქტიკაში, PA 30-ის მსგავსი სხვა ზეახალი ჯერ არ აღმოუჩენიათ (ASASSN-18bt – უჩვეულო ზეახალი; ნაწილობრივი დაშლა). (academic.oup.com).

 თეთრი ჯუჯა, მზის მსგავსი ვარსკვლავების ევოლუციის ბოლო სტადიაა. ეს არის ასი ათასობით გრადუსამდე გავარვარებული დედამიწის ზომის ბირთვი, რომელშიც თერმობირთვული რეაქციები აღარ მიდის და ცეცხლისგან დარჩენილი ნაკვერჩახალივით, ნარჩენ სითბოს ასხივებს. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ის მილიარდობით წლი ცივდება, რადგან მზის მასის ობიექტი ძალიან მცირე ზომამდეა შეკუმშული, მცირე ფართობის მქონე ზედაპირი კი ნაკლებ სითბოს გასცემს. იმის მიხედვით, თუ რა სტადიაზე შეჩერდა თერმობირთვული რეაქციები, რაც წინამორბედი ვარსკვლავის საწყის მასაზეა დამოკიდებული (8-12 მზის მასა), წყალბადისა და ჰელიუმისგან თავისუფალი, ჟანგბად-ნეონ-მაგნიუმის ბირთვიც კი შეიძლება წარმოიქმნას, რომლის მასა ძალიან ახლოსაა ჩანდრასეკარის ზღართან, ანუ კიდევ უფრო მკვრივ და პატარა ნეიტრონულ ვარსკვლავად გადაქცევასთან ახლოს (როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.