1955 წლის 18 აპრილს, ალბერტ აინშტაინის გარდაცვალების ამბავმა ჩვენი პლანეტა შეძრა. პოლიტიკოსები და მწერლები, ფიზიკოსები და ხელოვანები ამბობდნენ, რომ მისი წასვლით სამყარო სხვაგვარი გახდა…
აშშ-ს პრეზიდენტმა, დუაიტ ეიზენჰაუერმა, მეცნიერის გარდაცვალებიდან მეორე დღეს განაცხადა: „მე-20 საუკუნეში, არცერთ ადამიანს არ გაუკეთებია ამდენი, ადამიანის ცოდნის გასაფართოებლად. ამასთან ერთად, არც ერთი ადამიანი არ ყოფილა ასეთი თავმდაბალი, ჰქონდა რა ძალაუფლება ცოდნის სახით, და არავინ არ ყოფილა ასე დარწმუნებული იმაში, რომ ძალაუფლება მომაკვდინებელია სიბრძნის გარეშე“.
ვერნერ ჰაიზენბერგი კი ასე გამოეხმაურა ფარდობითობის თეორიის შემქმნელის გარდაცვალებას: “აინშტაინს ჰქონდა გამბედაობა იმისა, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა კლასიკური ფიზიკის ყველა წინაპირობა, ჰქონდა შინაგანი ძალა, გაეაზრებინა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ წინაპირობებთან ერთად მოვლენათა თანამიმდევრულ, არაწინააღმდეგობრივ წესრიგში მოყვანა”.
ძალიან ზუსტი განსაზღვება მისცა აინშტაინის როლს კოცობრიობის ისტორიაში ტომას მანმა, რომელსაც პატივი ჰქონდა, მცირე ხნით, დიდი ფიზიკოსის მეზობელი ყოფილიყო პრინსტონში. ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც აინშტაინზე მხოლოდ ოთხი თვით მეტი იცოცხლა, გაზეთ “ნოიე ციურიხენ ცაითუნგში” (1955 წ.) გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავდა: “ის იყო ადამიანი, რომელსაც, როგორც ჩანს, შეეძლო, ეყრდნობოდა რა თავის მითურ ავტორიტეტს, გამკლავებოდა ნებისმიერ უბედურებას, რომელიც კაცობრიობას დაემუქრებოდა. და თუ დღეს მისი გარდაცვალების გამოცხადება საყოველთაოდ იწვევს ერთსულოვან მწუხარებას და დაბნეულობას სხვადასხვა რასისა და რელიგიის ხალხში, ამაში ვლინდება ირაციონალური რწმენა იმისა, რომ მას მხოლოდ თავისი არსებობითაც შეეძლო წინ აღდგომოდა კატასტროფას (Hermann, 1994, с. 561–562).
“ავტობიოგრაფიული ჩანახატების” ბოლოს, ალბერტ აინშტაინი ასკვნის, რაც უყოყმანოდ შეიძლება მთელს მის ცხოვრებას მივაწეროთ: “როგორც არ უნდა იყოს, ნუგეშად გვრჩება ლესინგის სიტყვები: „ჭეშმარიტების ძიება უფრო ღირებულია, უფრო ძვირფასო, ვიდრე მისი თავდაჯერებული ფლობა“ (აინშტაინი, 1967e, გვ. 356). (ფარდობითობის თეორიის შესახებ ასტრონეტზე).