ვინ აღმოაჩინა ნეპტუნი?

 ამერიკელმა ასტრონომმა, ჩ. კოვალმა და მისმა კანადელმა კოლეგამ, ს. დრეიკმა, ნეპტუნის ორბიტის ხანგრძლივპერიოდიანი ცვლილებების შესწავლის დროს აღმოაჩინეს, რომ 1612 წლის ბოლოს, ნეპტუნი დედამიწიდან სწორედ მაშინ ჩანდა იუპიტერთან ახლოს, როცა მას გალილეი იკვლევდა. ამის გამო, ასტრონომებმა გადაწყვიტეს გალილეის მიერ გაკეთებული ჩანაწერები გადაემოწმებინათ. ძებნა წარმატებით დასრულდა: ჩანაწერებში 1612 წლის 28 დეკემბრიდან, 1613 წლის 27 იანვრის ჩათვლით, ნახსენები იყო „სუსტი, მუდმივი ელვარების უცნობი ვარსკვლავი“ (ამიტომ არ ითვლება ნეპტუნის აღმომჩენად.), ნახაზთან ერთად, სადაც ნაჩვენები იყო მისი მდებარეობა იუპიტერის მიმართ.

 გალილეის მერე, ნეპტუნის აღმოჩენაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ურბენ ლევერიემ, იოჰან გალემ, ჰენრიხ დარემ, ჯონ კუჩ ადამსმა. ოფიციალურად, ნეპტუნის აღმომჩენად ითვლება გერმანელი ასტრონომი იოჰან გოთფრიდ გალე, აღმოჩენის ადგილად კი ბერლინი. ფრანგი ფიზიკოსი, ასტრონომი და საზოგადო მოღვაწე, დ.ფ. არაგო მას “კალმის (ფრთის) წვერზე აღმოაჩენილ პლანეტად” მოიხსენიებდა.

იოჰან გოთფრიდ გალე (1812 – 1910. wiki).

 1846 წლის 23 სექტემბერს აღმოჩენილი ნეპტუნი იყო პირველი პლანეტა, რომელიც მათემატიკური გამოთვლებით აღმოაჩინეს. ურანის ორბიტის არაპროგნოზირებადმა ცვლილებებმა წარმოშვა ჰიპოთეზა უცნობი პლანეტის შესახებ, რომლის გრავიტაციული ზემოქმედებით შეიძლებოდა ყოფილიყო ეს რყევები განპირობებული. ვ. ლევერიეს გამოთვლების საფუძველზე, ნეპტუნი აღმოაჩინეს ბერლინის ობსერვატორიაში, ი. გალემ და მისმა თანაშემწემ ჰ. დარემ. ლე ვერიესგან დამოუკიდებლად, ტრანსურანული პლანეტის საძიებო გამოთვლები ჯ. ადამსმაც ჩაატარა. მერვე პლანეტის აღმოჩენას წინ უძღოდა კვლევისა და ძიების ხანგრძლივი ისტორია. მალე, მისი უდიდესი თანამგზავრი ტრიტონი აღმოაჩინეს, ხოლო 1949 წელს – ნერეიდი(ა). ნეპტუნს ეწვია მხოლოდ ერთი კოსმოსური ხომალდი  – “ვოიაჯერ 2” (30 წლის წინ ”ვოიაჯერ 2”-მა ნეპტუნს ჩაუფრინა), 1989 წლის 24-25 აგვისტოს. მისი დახმარებით აღმოაჩინეს ნეპტუნის რგოლები და 6 თანამგზავრი, სულ 14 თანამგზავრია ცნობილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.