მაა

 “მაა” ( ავტორი: მერაბ შონია )

 მე- 2 თავი, ფენტეზის ჟანრი. მოქმედება ვითარდება პლანეტა ტუაზე, სისტემა კაა. სურეალისტური, უცნაური გარემოს აღწერა, მოგცემთ წარმოდგენას იქაურ მზის სისტემაზე და ცხოვრების, არსებობის მეთოდებზე. დანარჩენი, იხილეთ ტექსტში 🙂  ნაწარმოები დაიდება თავებად, იმედია ისიამოვნებთ 🙂

 II

(გამარჯობა)

 ქარი ისევ ნიავად იქცა, ბოლოს საერთოდ ჩადგა, მაგრამ ღამის სუსხი ჯერ კიდევ ვერ დაიძლია. ისევ მცივა, ისევ იბურძგლება ჩემი კანი… მალე ყინვებიც დაიწყება. ზამთარი მოდის ტუაში, სამყაროს დედა ზარდას ჩრდილი დაფარავს და მხოლოდ ღამის ვარსკვლავები თუ მოჰკვეთენ თვალს მოხიბლულ მაყურებელს, დღე კი შავი იქნება ისე როგორც ქვესკნელს დაამშვენებდა. ჰუუუუ!  იორთქლება ჩემი სუნთქვა… ვიზმორები, ხელის მტევნებზე სიცივისგან გაუხეშებულ კანს ვეფერები…

 ვდგავარ. ამ ადგილმა მშობა და ვერ ვცილდები, მაბრკოლებს აქაურობის ძახილი, დრო მიდის, უწყვეტია მისი ნაკადი. გეზი უნდა ვპოვო , ჩემი ბედი ამ უცხო სამყაროში. სიცოცხლე თავისას ითხოვს, დაე მოხდეს ის რაც მომზადებულა ჩემი სულისთვის. შეუძლებელია იდგე განდგომით და უბრალოდ ტკბებოდე, რახან ღმერთმა მონაწილე გაგხადა  გზას უნდა ეწიო და სწორედ ამ აზრებ აკიდებულმა გადავდგი პირველი ნაბიჯი, მეორე, მესამეც. კლდის პირს დავუეყევი, მარტივ ჩასასვლელს ვეძებ, ვპოულობ და ხტომით კლდის პირიდან გამოშვერილ ქვაზე ვდგები. ცოტა ქვემოთ კიდევ ერთი ლოდია, გადახტომვისთვის შორი, ალბათ უნდა ჩავცურდე. ვემზადები და, რაღაც ფაჩუნი, ჩურჩული მოისმა იმ ადგილიდან სადაც მანაა წევს. გავშეშდი, უეცარი მუხრუჭისგან წონასწორობა დავკარგე, საშველად ხელები გავაჰორიზონტალე.  გავისუსე,ჩავიკუზე, ყური ვუგდე, ჯერ კიდევ მაღლა ვარ ხეობაზე და ხელის გულივით ჩანს, ერთი პირიდან მეორემდე.  კაა ბოლომდე არ გამოპარვია პლანეტა ზარდას ამობურცულობას. მიწაზე დაცემული შუქიც ჟღალია  და ძლივს ხევს ტოტებს შორის სინათლე. მანაა  წევს, დაღლილი, ჯერ ძალებიც არ აღუდგენია გუშინდელი ნადირობისგან დაღლილს… იქვე ბუჩქი გაირხა, ხის ერთი ძირიდან მეორესკენ ჩრდილმა გადაირბინა და გაქრა. მერე ისევ, უკვე მოპირისპირე მხარეს,  სადაც აბზეს დაფლეთილი სხეული აგდია…  ხეების ტოტებმა უცნაური მოძრაობები დაიწყეს, ვიღაც აწვალებდა. თვალი უნებლიედ დამეძაბა,  დავაკვირდი… მანაას გარშემო ტყემ სული ჩაიდგა და რაღაცისთვის მოემზადა. არც დააყოვნა. მანაას ზურგს უკნიდან მძლავრი ყიჟინა მოისმა, ერთი ხმა, გამჭოლი, ტყის სიმრავლეში გაიფანტა. მერე ისევ და ბოლოს მთელი წრე აყივლდა, იქ სადაც მანაა და აბზე იყვნენ. თავიდან ვერ გაერკვა დიადი ნადირი. უცებ  ერთი ბოლოდან მეორესკენ ნახევრად ტიტველი ორფეხა გამოექანა, ერთ ადგილას მოწყვეტით გაჩერდა და ხელში დებული შუბი პირდაპირ მანაასკენ გააქანა. აცდა. ერთს მეორე მიყვა და წამოვიდა შუბ – ქვების სეტყვა ხეებიდან, ბუჩქებიდან, ზოგი შიგ მოედანში გამორბოდა და პირ აქაფებული გააქანებდა შუბს, რაც ძალი და ღონე ქონდა. მანაა გამოერკვა,  მიხვდა თავისი მდგომარეობის ფინთობას. ნასროლი შუბებიდან ერთი ორი თუ მოხვდა. გუმბა, უკნიდან მიეპარა ცის ღმერთს და  კუდში ჩაარჭო.იწივლა, ათრთოლდა, ცას ახედა. მანაას აღარ დაედგომება, ან ამ უაზრო არსებების მსხვერპლი გახდება და მძლავრი ფრთები აიქნია, ერთი არ ეყო, ისევ იმეორა,ისევ და ძლივს მოწყდა მიწას დამძიმებული, ჰაერში ზლაზნვით ავიდა. გუმბები შუბებს და ქვებს არ იშურებენ, სანამ ნასროლი ვეღარ მიწვდა მტაცებელს და ჰაერში დატრიალებული, სიჩქარე აკრეფით ჩაერჭნენ მიწას.

 გუმბების გაფართოვებული თვალები ჰაერიდან მიწას მიწვდა. ჯერ კიდევ ილანდებოდა მანაას სილუეტი მათ გონებაში. მერე სუნთქვა არეულებმა ერთმანეთს გადახედეს, არ ეჯერათ ჩანაფიქრის ასრულება.წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ერთმა გუმბამ იქვე მიწაში ჩარჭობილი შუბი აიღო, ჰაერში აწია და ყვირილით დაარღვია საერთო დუმილი. ხმას ნელ-ნელა უწევდა იმის მოლოდინში, რომ ვინმე აუბამდა მხარს. არ დააყოვნა, მეორეც მოყვა, მესამეც და აგუგუნდა მოედანი… სწორედ ამ წამს მოვიდა მათში  გამარჯვების სიტკბო, სახეს ცაში აპყრობდნენ, სამადლობლო მზერით. სიხარულით ხვევდნენ ხელებს ერთმანეთს, უახლოვესნი კი ერთმანეთს ასკდებოდნენ კლდეს მოწყვეტილი ლოდებივით…

 მეოცა ეს სანახაობა. ადრე კლდის წვეტზე მჯდომარე, უბრალო დამკვირვებლის როლით ვტკბებოდი, ახლა პირველად ვიგრძენი მოქმედებასთან უშვალოობა. არც ვიცი საიდა, ან როგორ, მაგრამ  ისინი გუმბები არიან და მე მათი სახელი ვიცი, ისევე როგორც ცაში დაკიდული მანათობელს კაა ჰქვია და ლურჯი სფეროს მეა.  ვნახე, რომ ვგავდი მათ ხელებით, ფეხებით და სხეულის სხვა გამომეტყველებითაც, რითიც რაიმე არსება შეიძლება ხასიათდებოდეს. პირველად ვიგრძენი თანატომელობა ამ უცხო გარემოში. სიმარტოვის ნაკვალევიც არ დატოვა ჩემში ამ აზრთა ნაკადმა. ეჰჰ… ახლა უნდა ჩავიდე გავერიო, გავეცნო, აზრი ვპოვო მათში და მათაც ტოლი ჩემში.

 ამ ფიქრმა ბიძგი მისცა ჩემს მოხუც სხეულს. უჩვეულო სისხარტით დავტოვე ლოდი, რომელზეც ვიჯექი და კლდის მუცელს ისე დავუყევი როგორც სისინა გველი დაძვრება ქვებს შორის. წამიც და ძირს ვარ. ჩავედი,მოვტრიალდი, უღრანი ტყე აღიმართა ჩემს წინ, როგორც გაუვალი კედელი. ცას მიწვდენილ ხეებს თვალი ძირიდან წვერომდე ავაყოლე, უნებლიედ პირი დამეღო. მერე  გასაძრომის ძიება დავიწყე.  გზას ვზვერავ გუმბებამდე მისასვლელს . დავუყევი ბუჩქებს შორის. ერთის ქვეშ გავძვერი, მეორეს გადავახტი, ხის ფესვს შევაწყდი, შემოვუარე, ტალახში გამეჭედა ფეხი,  დიდ თხრილში ჩავყვინთე, არ მეგონია რომ  ამოვძვრები, მაგრამ ძალა მამოძრავებს , შეუჩერებელი. სირთულე არ მაშინებს, ჟინს მმატებს და ჩემი სვლა უფრო ბრძოლას ემზგავსება ვიდრე ჩვეულებრივ გადაადგილებას ერთი წერტილიდან მეორემდე. ახლოს ვარ, უკვე ახლოს, გუმბების ხმა ისმის. ერთი, ორი ყიჟინა, მერე ისევ დუმილი და  დუმილში ხმა , ტყის ზეწოლისაგან გაგუდული ბუტბუტად მოისმის,. უფრო ახლოს უნდა მივიდე, გავერკვე. ნაბიჯებს ვუმატე.

 ხეებს შორის მცირე ბორცვაკი შევამჩნიე, ავძვერი, გადავიხედე. ნაომარ მდელოზე აბზეს გიგანტური სხეულის სილუეტი კრატერის მეორე მხარეს, ხეებს მთლიანად ფარავს.  საითაც გაიხედავ, ყვითელი სისხლის გუბეები ყვანტალებს ყოველ ნაბიჯზე. საშინელი მპალი სუნი დგას. ეტყობა ლეშმა ლპობა იწყო და ამ ხორცის მასაზე ერთი გუმბა ამძვრალა, ხელების ქნევით, პირაქაფებული, სიამაყით სავსე მიმართავს თავის მებრძოლებს. სხვები კი მოჯგროვებულან აბზეს ქვეშ და დიდი გატაცებით უსმენენ თავიანთ ლიდერს, ხანხიდსხან დასტურად ყიჟინას დასცხებენ, შეძახილებში ყვებიან სარდალს. მაგრამ უცნაურს კი შეამჩნევდით, მათ ხმაში. არა არა განა სიტყვები იყო უცნაური, არა. გამარჯვების შემდგომი ჩვეული, გამამხნევებელი და მათივე სიდიადის ხაზგასასმელი პრტყელი, დაზეპირებული ტექსტი, რომელიც მრავალჯერ მოუსმენიათ გუმბებს, და სხვა მრავალთ ვისაც გამარჯვება მოუპოვებია ოდესმე. და მაინც მეუცნაურა, გაურკვევლობაში ჩავვარდი მათი ტონისგან. აქედან არ ჩანს კიდევ უნდა მივუახლოვდე. ახოვანი გუმბა რომელიც თავის თანატომელებს მიმართავს სინამდვილეში ჩაფსკვნილი და ფეხზე მყარად მდგარი ქალი აღმოჩნდა. მკერდსავსე ქალბატონი, ხელში შუბით და მკაცრი გამომეტყველებით, უცნაური იყო მისი ხილვა ასეთ ფორიაქში, ფრუტუნში და მომძლავრებულ დაძაბულობაში. ყელი ძარღვებამდე დაეჭიმა. სახე დაძაბული, შუბლ შეჭმუხნილი მკაცრი მაგრამ გამამხნევებელი ხმით მიმართავს. გრძელი თმა კუდად დაება კეფაზე, ხელზე მეტალის რგოლები ჩამოეცო, მკერდსაც იმავე მეტალის სასხამი უფარავს, ქვეშ კი ტყავის სამოსი ფეხებამდე ნიავზე ფართხალებს. მუხლამდე ტიტველი, მერე მუხლს ქვემოთ რგოლებში გახვეული  ფეხები მონდომებისგან დაეჭიმა და განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვების წარმოთქმისას ტერფს შლის, ცოტათი იმაღლებს, მერე ისევ ქუსლებზე დგება და ესე რამოდენიმეჯერ გაქანქარდა. ძახილის ნიშნიან სიტყვებზე ყვირილში გადასდის, სხვებიც ყვებიან და დაკვირვებით ხვდები  რომ ეს არაა ვაჟკაცთა ყიჟინა, არცაა ბოხი, უფრო ჟრიამულს გავს და ხვდები რომ გუმბების ჯარი თავით ბოლომდე ქალამორძალთა შეკრებაა და მათში ერთი მამრიც არ იხილება. გრძნელი დაწნილი თმებით, საბრძოლოდ შეღებილი, მოთხვრილი სახეები, აგზნებული ქოშინი, თეთრი კბილების ღრჭიალი, სხეულის სრული დაძაბულობა,ესტროგენის სიმრავლისგან ოღშივარი ასდის იქაურობას. აი ამ სახით წარდგნენ ეს ქალბატონები და ამან მომხიბლა, თან შემაშფოთა, ერთი-ორად შეამცირა ჩემი ლტოლვა თანატომელობაზე. გავფრთხილდი, შევკავდი, მათში გარევას ავერიდე სანამ დავადგენდი რა ხდებოდა ჩემს გარშემო და იქვე ხეებს მივეფარე, ყურად ვიქეც, გავიტრუნე.

 დიდ ხანს გაგრძელდა სარდლის გამოსვლა. ბოლოს ჟრიამულით დამთავრდა და გუმბებმა იქვე კარვები დასცეს. ღამდება, ისევ ღამდება. ამ წყეულ სიცივეს ვერ ვარიდე თავი. ამორძალებს თითო კარავთან ცეცხლი დაუნთიათ ხოლო ბანაკის შუაში დიდი კოცონი გიზგიზებს,იქ შეკრებილან, აღნიშნავენ. მოლაპლაპე სიყვითლის შორით ხილვაც კი ნუგეშად მევლინება მოხუც სხეულზე, ვეღარ ვძლებ… ჩემგან 100 მეტრში,  განცალკევებით მდგარი მცირე კარავი შევამჩნიე. აშკარად შიგნით არავინაა, მაგრამ მაინც ვუფრთხი, ჯობია დავაკვირდე. წუთებს ვითვლი, ვერ ვამჩნევ სულიერს და კარვისკენ მივიპარები, ჩაკუზული, ნელი ნაბიჯებით. ვუახლოვდები.რაც ახლოა კარავი, მით მეტია სურვილი და ნაბიჯს მანძილი ვუმატე. შევაღე კარვის ფარდები, შევიხედე ხომ არავინაათქო.მარტოდ მიგდებული საბრძოლო სასხამი შევნიშნე, იქვე დაყრილი რგოლების მთელი გროვა და შუბი. სიბნელეში არ ჩანს მაგრამ, კარგ ტარიანია აშკარად, კარგად ნათალი მაკნაას ქვისგან დამზადებული მოკლე შუბი დიდი მაკნაას დანის გვერდზე იდო. არავინააა გავიფიქრე, მერე კაჟს დავუწყე ძებნა. პირველი შეხედვით ვერ ვპოვე, ნივთების გადატრიალება დავიწყე და ბოლოს კარვის მეორე ბოლოში მიგდებული ტყავის ჩანთას მივარტყი ფეხი. ჩავიხედე, სასურველი ნაპოვნია, დროა გავეცალო აქაურობას. მაგრამ ყველაფერი ისევ ისე უნდა დავაბრუნო როგორც დამხვდა, მდევრები არ მჭირდება. როგორც სიბნელე „მიწყობდა ხელს“, იმის შესაბამისად, როგორღაც დავალაგე იქაურობა, მერე ვსტაცე ქვას ხელი და გასასვლელისკენ გავწიე. ნაბიჯი დამაკლდა კარვის დასატოვებლად როცა გავიფიქრე შუბი და დანაც წამომეღო, ერთი მომენტი მეთანაღრა, მაგრამ ისინიც თან გავიყოლე და ტყისკენ გავწიე როგორც უკანასკნელმა, ქურდმა , გაიძვერამ, ფლიდმა. ხეებს შევეფარე. იმავე ბორცვზე ჩამოვჯექი საიდანაც კარვის გასაქურდად ჩამოვძვერი. ვქოშინებ სირბილისგან დაღლილი, ადრენალინი მაწვება, საშინლად ვიოფლები. აზრები მომაწვა, სინდისსა და ნამუსზე ავაგდე ჩემი თავი. ფიქრებს აყოლიებული ვერც შევამჩნიე როგორ გავშრი, დავიწყნარე სუნთქვა. სიცივეც შემომეპარა წამის წინ გახურებულს. ნელა, მაგრამ გარდაულად სიცივემ დაიკავა გონების ხვეულები და სინდისის ძახილი საბოლოოდ გააქრო. ცეცხლი უნდა დავანთო, მაგრამ  არა აქ,  შეამჩნევენ. ჯობია ტყის გულისკენ წავიდე და ასეც მოვიქეცი. ვფიქრობ საკმაოდ ღრმად შევედი ტყეში, იმედია კვამლს ვერ შეამჩნევენ. ხის ტოტები მოვაგროვე. არ მინდა დიდი კოცონი დვანთო.  პატარა ტოპაკი მოვაგროვე ნარჩენი ფოთლებისგან და ბალახებისგან. ხელში კარგად დავფშვენი, გავახუხე, წინ დავიდე და ზედ კაჟები გავკარი. ცოტა დანამიანებულა. სამოსზე გავუსვი, შევამშრალე და ისევ ვცადე. პატარა იპერწკლა, არ ეყო, ისევ ვცადე, უშედეგოდ, ისევ და როგორც იქნა ცეცხლის თავაკი ამოიწია ტოპაკის შუა გულიდან, სული შევუბერე, უფრო მაგრად, ცეცხლი გაღვივდა უკვე ვეღარ ეტევა, ტოტებს ვაშველებ და ახალშობილივით წყვეტილ-წყვეტილ, მაგრამ  გარდაუვლად იწყებს სუნთქვას. ტოტიდან ტოტს ეკიდება, უკვე სითბოც მოდის. უფ უფ, მოვიფშვნიტე თითები. ტოტები დავამატე, ფოთლები. ახალი სუნთქვა პოვა ყვითელმა სინათლემ და სახე გამინათა, გამითბო. უჰ, უჰ როგორ მომწყურებია, მომნატრებია მისი ხილვა. უჰ, უჰ გამათბე, ხელებს ვიბშვნეტ. იქვე ჩამოვჯე, ხის ფესვებს და მზერა ყვითლისკენ მივაპყრე. მეთამაშება, მელამურება კეკლუცი.სითბო სახიდან, სხეულის სხვა ნაწილებზე ვრცელდება და ამდენი ხნის მანძილზე, პირველად ვიგრძენი სახლის სითბოსდა მაგვარი. ძილი მერევა,ნელა და წყნარად მოიპარება გონების ქვესკნელიდან, უფრო მეკიდება, ვამთქნარებ, მთქნარებას სიხშირე ემატება და თავი მიწისკენ იზნიქება, კარგია დაღლილზე ძილი, წამალიც კი.

 რაღაც ძალა მანჯღრევს, მექაჩება, მხარზე მაწვება. ვიქნევ და ვიშორებ, მაგრამ ისევ ბრუნდება. მერე სიცილი მესმის, ვიღაც კისკისებს. დროა თვალი გავახილო… გათენებულა, კაას სხივი ჯერ ძლივს არღვევს ტყის ბურუსს, ცეცხლი ჩამქრალა, მაგრამ ვერ გამოვერკვიე, უდაოდ ფეხებია, ჩემ წინ ვიღაც დგას. ავიხედე , ქალია,შეჯავშნილი ამორძალი. ახლა კი გასაგებია. მიპოვეს!

 – გაააამარჯობათ! – ვიღიმი,ვლუღლუღებ გაურკვევლობაში…

 – გამარჯობა! –  სწრაფი პასუხი, მკვირცხლი ღიმილი, შესაბამისივე ტარის მოქნევა და სრული სიბნელე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.