წელს, კოსმოსის კვლევისა და ათვისების საქმეში, კაცობრიობამ, შეიძლება ითქვას, რომ, ”უმაღლესი ქულები ჩაიწერა” – პირველად ისტორიაში, საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ სრულად კოსმოსური ტურისტების მიერ დაფინანსებული მისსია განხორციელდა; კოსმოსური ინტერნეტ-სერვისის მეშვეობით უკრაინამ ომში უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული წინსვლა გვაჩვენა, ხოლო NASA-მ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, წამოიწყო პროექტები, რომლებიც, ახლო მომავალში, პლანეტა მარსზე დაშვებას მოემსახურება.
“დაუვიწყარი წელი იყო!” – აღნიშნავს NASA-ს ადმინისტრატორი, ბილ ნელსონი.
გავიხსენოთ 2022 წლის რამდენიმე შესანიშნავი მიღწევა და ეპიზოდი კოსმოსის კვლევისა და აღმოჩენების მხრივ.
სტარტი აიღო მთვარის უპილოტო რაკეტამ Artemis I და მისსია უდიდესი წარმატებით დაასრულა
მრავალწლიანი მზადების შემდეგ, NASA-მ, როგორც იქნა, მწვანე შუქი აუნთო მთვარის კვლევის ახალ პროგრამას და მთვარის გარშემო ფრენის ტრაექტორიების ტესტირებისთვის, უპილოტო, ავტომატური რაკეტა გაგზავნა.
მისსიის დროს რამდენიმე სუნთქვისშემკვრელი მომენტი გამოვცადეთ – განსაცვიფრებელი სანახაობა შემოგვთავაზა SLS ანუ კოსმოსური სტარტების სისტემამ, ისტორიაში უმძლავრესმა რაკეტამ, რომელიც 1960-იანების Apollo პროგრამის რაკეტა Saturn V -ზე თითქმის 15%-ით უფრო მძლავრია.
კოსმოსში გასვლისთანავე, სისტემას გამოეყო სატესტო პროგრამული ეკიპაჟური მანეკენებით აღჭურვილი, ინოვაციური ავტონომიური მოდული Orion, რომლის კამერებმაც დედამიწისა და მთვარის გასაოცარი პეიზაჟები გადაიღეს და გადმოსცეს. აღსანიშნავია Orion-ის ორბიტული მანევრირებები, როდესაც მთვარის უკანა მხარეს ყველაზე ახლოს ჩაიარა და მთვარისკენ ორბიტის ყველაზე შორეულ წერტილში მოუხვია.
Artemis I -ის ფრენამ განსაზღვრა მთვარის მომავალი მისსიებისთვის შერჩეული ტრაექტორიის საიმედოობა, რომელთა მისსიაც მთვარეზე ადამიანების ჩაყვანა იქნება. მთვარეზე განხორციელებული პროგრამები და პროექტები კი კაცობრიობას პლანეტა მარსზე წაიყვანს.
კოსმოსური ტელესკოპი Webb უხილავ სამყაროს გვაჩვენებს
საერთაშორისო კოსმოსურ სააგენტოებთან თანამშრომლობით, NASA-მ საუკუნის სამეცნიერო გამოწვევებსაც წარმატებით უპასუხა – ათწლეულების მცდელობის შემდეგ, მთვარის მიღმა, შორეული ლაგრანჟის წერტილისკენ, James Webb -ის კოსმოსური ტელესკოპი გაემგზავრა.
ამ მომენტიდან, მსოფლიოს (ჯერ-ჯერობით) უმძლავრესი ტელესკოპი, ადამიანის თვალისთვის უხილავ ინფრაწითელ დიაპაზონში აკვირდება პლანეტებს, ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს. უნიკალური შესაძლებლობების მეშვეობით, ტელესკოპმა სამყაროს ფარული მახასიათებლები გამოიკვლია, მათ შორის ამ დრომდე თვალუწვდენელი უშორესი და უძველესი გალაქტიკები. Webb-მა სულ სხვა პერსპექტივით დაგვანახა ასტრონომებისათვის ისეთი ფავორიტი კოსმოსური ობიექტებიც, როგორიცაა შემოქმედების სვეტები. და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც Webb-მა მხოლოდ ეს-ესაა ფუნქციონირება დაიწყო და წინ მუშაობის მრავალი წელი და უთვალავი აღმოჩენა გველის.
რომელი ასტრონომიული ობიექტები დავინახეთ პირველად?
კოსმოსში მუშაობას აგრძელებს ლეგენდა – კოსმოსური ტელესკოპი Hubble. 2022 წელს მან 28 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული მარტოხელა ვარსკვლავი გადაიღო. დიდი აფეთქების მომენტიდან სულ რაღაც 900 მილიონი წლის შემდეგ, ეს საოცარი მნათობი უკვე ვარსკვლავად იყო ჩამოყალიბებული, ხოლო დედამიწამდე მოსაღწევად მისმა პირველმა სინათლემ, კოსმოსის უკიდეგანო სივრცეში, 13 მილიარდი წელი იმოგზაურა.
მეცნიერებმა ვარსკვლავს ”იარენდელი” უწოდეს, რაც ძველ ინგლისურ ენაზე “ცისკრის ვარსკვლავს” ან “ამომავალ ნათელს” ნიშნავს.
ამასობაში, ასტრონომებმა მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი გამოიყენეს და, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ჩვენი გალაქტიკის ცენტრის სუპერმასიური შავი ხვრელის სურათი გადაიღეს; ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი დადასტურება იმისა, რომ ობიექტი, რომელიც აქამდე ცნობილი იყო, როგორც ”მშვილდოსნის A*”, ნამდვილად ჩვენი გალაქტიკის – ”ირმის ნახტომის” მფეთქავი გულია – ”მშვიდი” და ”წესიერი”, ზემასიური შავი ხვრელი.
ცხადია, შავი ხვრელი არანაირ სინათლეს არ ასხივებს – ჩვენ მხოლოდ მისი ჩრდილი დავინახეთ – მოვლენათა ჰორიზონტზე, შავი ხვრელის მიერ გამრუდებული სინათლის მობზრიალე ველი.
ასტეროიდის ტრაექტორიის ცვლილება კოსმოსში
სექტემბრის მიწურულს NASA-მ წარმატებით დაასრულა პლანეტური თავდაცვის მისსიის პირველი ტესტი – კოსმოსურმა სააგენტომ ასტეროიდ დიმორფოსს კოსმოსური აპარატი შეაჯახა; ეს პატარა ასტეორიდი გარს უვლის უფრო დიდს – დიდიმოსს, და შეჯახებაც, დიახ, განგებ განხორციელდა. ეს იყო ორმაგი ასტეროიდის წანაცვლების ტესტი, ანუ DART, რომელმაც კოსმოსური ობიექტებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების საიმედოობის დემონსტრირება მოახდინა.
მისსია DART იყო პირველი, რომლითაც დამტკიცდა, რომ, უიღბლო დინოზავრებისგან განსხვავებით, ადამიანებს კოსმოსიდან მომავალი ობიექტების დედამიწასთან შეჯახების თავიდან აცილება შეუძლიათ – აპარატმა მთვარიანი ასტეროიდის სისტემის ორბიტა 32 წუთით შეცვალა.
NASA ამოუცნობი მფრინავი ობიექტების – UFO შესწავლას იწყებს
2022 წლის საოცარ წელიწადს NASA-მ განაცხადა, რომ ის უჩვეულო ციური ობიექტების შესწავლას იწყებს – პოპულარულ მედიაში ეს ობიექტები ცნობილია, როგორც ამო – ”ამოუცნობი მფრინავი ობიექტი”, ანუ UFO. სააგენტომ სხავასხვა სამეცნიერო მიმართულებების ექსპერტთა ჯგუფი შეარჩია, მათ შორის – ასტრობიოლოგები, მონაცემთა ექსპერტები, ოკეანოგრაფები, გენეტიკოსები, პოლიტიკოსები და პლანეტური მეცნიერები. მათი მოვალეობაა დასახონ ამოცანები და გამოიკვლიონ ამო-ებთან დაკავშირებული მოვლენები.
NASA-ს ოფიციალური წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი სულაც არ უკავშირებენ ამ მოვლენებს უცხოპლანეტელებს. პირიქით – ყველა ეს ფენომენი შეუბრალებელ სამეცნიერო ფილტრს გაივლის და მას გამადიდებელი შუშის ქვეშ დააკვირდებიან, იქნება ეს UAP – ”ამოუცნობი ანომალური მოვლენა”, თუ სხვა რამ.
“მონაცემთა ბაზაზე წვდომის გარეშე სრულიად შეუძლებელია რაიმე ფენომენზე დაკვირვება, მითუმეტეს – მისის ახსნა. NASA ფოკუსირებულია ამოუცნობი ანომალური მოვლენების სამეცნიერო ასპექტებზე, რაც მომავალში მეცნიერულად ახსნის მათი წარმოშობის მექანიზმებს.”- განმარტავს NASA ოფიციალურ პრეს-რელიზში.
გამოწვევები და მიღწევები მარსზე
წითელ პლანეტაზე მუშაობა დაასრულა ლენდერმა InSight – მისი მზის პანელები წებოვანი ქვიშის სქელმა ფენამ დაფარა (სამწუხაროდ, ქარბორბალაშიც ვერ მოხვდა), თუმცა, უძრავმა აპარატმა, 2022 წელს, უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მონაცემები გამოგზავნა – InSight-მა მარსზე უამრავი მიწისძვრა დააფიქსირა, მათ შორის – პლანეტასთან კოსმოსური ლოდის შეჯახების ხმა და ვიბრაციები, რამაც ღრმა კრატერი წარმოქმნა და მიწისქვეშა ყინულის ფენა გამოავლინა.
InSight-ის მინავლებასთან ერთად, მუშაობას განაგძობდა მასმავალიც Perseverance, იღებდა მარსულ ლანდშაფტებს, ღრუბლიან ცას, სელფებს.. მარსმავლის მეგობარმა ვერტმფრენმა Ingenuity-მ სიმაღლეზე ფრენის საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და წითელ პლანეტაზე 37-ე ფრენა განახორციელა.
Perseverance-მ მარსული ქვების, ქანების, ქვიშისა და ატმოსფეროს მრავალი ნიმუში შეაგროვა და ერთად დაყარა იქ, სადაც 2033 წელს ”მარსიდან ნიმუშების გამოგზავნის პროგრამა” განხორციელდება. ლენდერი, რომელიც Perseverance-ს შეგროვებულ ნიმუშებს დედამიწისკენ გამოგზავნის, ორი დამხმარე ვერტმფრენით იქნება აღჭურვილი .
ატმოსფერული ფარი საკაცობრიო მისსიებისთვის
2022 წელს კალიფორნიის შტატის ვანდერბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან სტარტი აიღო რაკეტა-მატარებელმა Atlas V 401, რომელმაც დედამიწის ორბიტაზე წარმატებით გაიტანა კლიმატის მონიტორინგისთვის განკუთვნილი თანამგზავრი: ეროვნული ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციის (NOAA) პოლარული სისტემა -2 (JPSS-2). აღსანიშნავია, რომ ამავე რაკეტის ბორტზე განთავსდებოდა NASA-ს დაბალი ორბიტიდან დაშვების გასაშლელი სამუხრუჭე სისტემა – დესელერატორი (LOFTID). LOFTID სითბური ფარია, რომელიც დედამიწაზე, მარსზე, ვენერაზე და სხვა ატმოსფერულ პლანეტურ სხეულებზე საშუალო და მძიმეწონიანი ტვირთის დაშვებას უზრუნველყოფს, მათ შორის – მომავალი ეკიპაჟებისაც. ჩატარდა მისი ტესტირება – დაშვება ორბიტიდან (იხ. ვიდეო).
კოსმოსური სატელიტების სისტემამ – Nascent უკრაინა ომის დროს ინტერნეტით უზრუნველყო
თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ქვეყნის უმეტეს ნაწილში ინტერნეტ-კავშირი სრულიად გაითიშა. სატელიტების კოსმოსურმა სისტემამ უკრაინას ინტერნეტ-კავშირები აღუდგინა და იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც სრულიად სხვა ომის გამოსავალი უზრუნველყო – უკრაინის მოსალოდნელი მარცხი მოულოდნელ გამარჯვებად იქცა.
ეს ის სატელიტების სისტემა იყო, რომელიც ილონ მასკმა SpaceX-ის მეშვეობით ორბიტაზე გაგზავნა – Starlink. ეს არის ათასობით პატარა თანამგზავრი, რომლებიც დედამიწის ორბიტაზე ბზრიალებს და პლანეტას თხელი გარსივით ეკვრის. Starlink-ებით სარგებლობისთვის ილომ მასკმა უკრაინაში ათასობით მიმღები თეფში გაგზავნა. რამდენიმე თვეში სატელიტური ქსელის დაფინანსებას გარკვეული სირთულეები შეექმნა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის სტრატეგიულ კომუნიკაციებში უდიდესი როლი შეასრულა.
პირველი ფრენა კოსმოსური სადგურისკენ, სრულად კერძო დაფინანსებით
Starlink მხოლოდ მცირე ნაწილია იმ წარმატების, რასაც 2022 წელს SpaceX-მა მიაღწია – კომპანიამ NASA-სთან თანამშრომლობით უამრავი რუტინული სატელიტის და ეკიპაჟის სტარტი განახორციელა. თუმცა აღსანიშნავია მდიდარი კოსმოსური მგზავრების მიერ სრულიად დაფინანსებული მისსიები, რომლებმაც კოსმოსური ტურიზმის იდეა ფანტასტიკის სფეროდან რეალობაში გადმოიტანეს. პირველი იყო კომპანია Axiom– ის მიერ განხორციელებული ავტომატური ფრენა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ. თანხა ჩვეულებრივმა მდიდარმა მოქალაქეებმა – კერძო პირებმა დაფარეს.
ეკიპაჟი ოთხი წევრისგან შედგებოდა. მისსიას ხელმძღვანელობდა მაიკლ ლოპეზ-ალეგრია, NASA-ს ყოფილი ასტრონავტი, რომელიც კომპანია Axiom-მა დაიქირავა. დანარჩენი სამი კი ისრაელის ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი ითანს სტიბე, კანადელი ინვესტორი მარკ პათი და ოჰაიოს შტატის კერძო ქონების მაგნატი – ლარი კონორი იყვნენ.
მისსიამ AX-1 სტარტი 8 აპრილს აიღო – სამოქალაქო ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 10 დღე უნდა გაეტარებიათ, თუმცა, მოგზაურობა კიდევ ერთი კვირით გაახანგრძლივეს.
NASA მიიჩნევს, რომ კერძო დაფინანსებით განხორციელებული კოსმოსური მისსიები, არა მარტო გაახანგრძლივებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფუნქციონირების ვადას, არამედ საშუალებას მისცემს მეცნიერებს, განახორციელონ მნიშვნელოვანი კვლევები და მრავალფეროვანი პროექტები, რაც კაცობრიობას ღრმა კოსმოსისკენ გაუკვალავს გზას.