კოლაიდერი 2022, ბნელი მატერია, ანტინაწილაკები…

 2022 წელს, დიდ ადრონულ კოლაიდერში (LHC) შეჯახებათა მესამე სეანსი დაიწყო (Run 3). წინა სეანსებთან შედარებით, წლევანდელმა გარე ფაქტორებმა მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი კოლაიდერის მუშაობას, უპირველეს ყოვლისა, ანტიკოვიდური შეზღუდვები და ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში. მიუხედავად ამისა, Run 3-ის დასაწყისი შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად: კოლაიდერმა სწრაფად მიაღწია პიკს და მზად არის, რომ მომავალ წელს დაჩქარებული ტემპით დააგროვოს სტატისტიკა. პარალელურად, ფიზიკოსები აგრძელებენ გასული შეჯახებებიდან მიღებული მონაცემების დამუშავებას და მიკროსამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურის შესახებ ახალი შედეგების გამოქვეყნებას. იმედია, ზოგიერთი მათგანი ახალი დიდი აღმოჩენების წინამორბედი იქნება.

 კოლაიდერის სწრაფი გასვლა წარმადობის პიკზე, 2022 წლის მთავარ ტექნიკურ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. წლის ბოლოსთვის, დეტექტორები ATLAS და CMS, მონაცემების დაგროვბას აგრძელებდა (40 fb−1), მცირე ავარიის მიუხდავად გაცივების სისტემაში, რამაც კოლაიდერის ერთთვიანი შეჩერება გამოიწვია.

კომპაქტური მიუონური სოლენოიდი (CMS). 20/15 მეტრი, 15 000 ტონა.

 2022 წლის 4 ივლისს, ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, ATLAS-ისა და CMS-ის თანამშრომლობამ წარმოადგინა ახალი მონაცემები ჰიგსის ბოზონის ყოვლისმომცველი კვლევის შესახებ. ამ ნაწილაკის ყველა გაზომილი მახასიათებელი, ცთომილებების ფარგლებში, სრულად შეესაბამება სტანდარტული მოდელის პროგნოზებს (ჰიგსის ბოზონი მასით 125 გევ: სტანდარტული მოდელის მოლოდინი).

 კოლაიდერის მეორე სეანსმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა, უპირობოდ დახურა თითქოსდა სენსაციური გადახრების უმეტესი ნაწილი. სიიდან, მხოლოდ B- მეზონების დაშლაში შემჩნეული ანომალიებიღა დარჩა. უფრო სწორად, ისინი არა მარტო დარჩა, არამედ გაძლიერდა; ბევრი ფიზიკოსი ამ გადახრებს თვლის კოლაიდერის მთავარ პრეტენზიად ახალი ფიზიკის აღმოჩენის საქმეში (2015 წ. – გამოცანები დიდი ადრონული კოლაიდერისგან).

დეტექტორი ALICE. ზომა – 26/16/16 მეტრი. მასა – 10 000 ტონა.

 დეტექტორი ALICE, მძიმე ბირთვების შეჯახების შესწავლაზეა ორიენტირებული და სხვა დეტექოტრებისგან განსხვავებით, ათასობით მცირე განივი იმპულსის მქონე ადრონების (ძლიერ ურთიერთქმედებაში მონაწილე შინაგანი სტრუქტურის მქონე ნაწილაკები) საიმედოდ რეგისტირება შეუძლია. მისი საშუალებით მოხერხდა ე.წ. “მკვდარი კონუსის” ეფექტის პირდაპირი დამზერა ადრონიზაციის დროს (კვარკების გარდაქმა ადრონებად), რომელიც თეორიულად დიდი ხანის წინათ იყო ნავარაუდევი, მაგრამ ვერ მოწმდებოდა ადრონიზაციის დეტალური სურათის რთულად აღდგენადობის გამო (arxiv.org).

 საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ნაწილი და დეტექტორი AMS.

 დეტექტორ ALICE-თი ჩატარებული კვლევები ასტროფიზიკისთვისაც ღირებულია. სტატია, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Physics, იუწყება დეტალურ კვლევებზე, თუ როგორ კვეთს ჰელიუმ-3-ის ანტიბირთვი ჩვეულებრივ მატერიას. კოსმოსის სიღრმეებიდან მოსული მსუბუქი ანტიბირთვების რეგისტრაციას ცდილობს ცერნში შექმნილი დეტექტორი AMS-02, რომელიც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარე პერიმეტრზეა განთავსებული (მაგნიტური ალფა-სპექტრომეტრის მიერ მიღებული სიგნალები). ანტინივთიერება კოსმოსში პრაქტიკულად არ არის, ჩვეულებრივ კოსმოსურ პროცესებში მათი გაჩენა იშვიათია. მისი წყარო შეიძლება იყოს ჰიპოთეტური ბნელი მატერიის ნაწილაკების ანიჰილაცია (ურთიერთ განადგურება, ენერგიად გადაქცევა). ამიტომ, კოსმოსური ანტიბირთვების რეგისტრაცია ძლიერი არგუმენტი შეიძლება იყოს ბნელი მატერიის არსებობის დამტკიცების საქმეში. თუ ანტიბირთვები ამა თუ იმ გზით დაიბადებიან, დედამიწაზე მოსვლამდე ვარსკვლავთშორის სივრცეში არსებულ ბირთვებთან შეჯახებით ანიჰილირდებიან. შედეგად, უცნობი პარამეტრებით სავსე ამოცანა ჩნდება და ამ სიდიდეების ნებისმიერი ლაბორატორიული დაზუსტება, ძალიან სასარგებლო იქნება ასტროფიზიკისთვის. ALICE-ს კოლაბორაციამ, ჰელიუმის ანტიბირთვების ზემოქმედება შეისწავლა ჩვეულებრივი მატერიის ბირთვებთან, რითაც დააზუსტა, რამდენად გამჭვრივალეა ჩვენი გალაქტიკის სივრცე ასეთი ბირთვებისთვის.

ზემოთ: ბნელი მატერიის სავარაუდო სიმკვრივე ჩვენს გალაქტიკაში, გალაქტიკის ბირთვამდე მანძილთან დამოკიდებულებით (კილოპარსეკებში). ქვემოთ: ანტიჰელიუმის გაჩენის სხვადსხვა გზა და მათი გავრცელება დედამიწისკენ მომავალ გზაზე (The ALICE Collaboration, 2022. Measurement of anti-3He nuclei absorption in matter and impact on their propagation in the Galaxy).

 მთლიანობაში, მიუხედავად მრავალი სირთულისა და ფორსმაჟორისა, დიდ ადრონულ კოლაიდერზე კვლევითი სამუშაოები გრძელდება. ისინი საშუალებას აძლევს კაცობრიობას კიდევ უფრო მკაფიოდ ჩაიხედოს მიკროსამყაროს სიღრმეებში და უკეთ გაერკვეს კოსმოსის აგებულებაში, მოიძებნოს ფიზიკის ფუნდამენტური კანონების კაცობრიობის სასარგებლოდ გამოყენების გზები (ამაჩქარებლების მოკლე ისტორია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.