ძველი ეგვიპტელები ტყუილად არ ეთაყვანებოდნენ ნეხვის ხოჭოს. ყველაზე უფრო საზარელ სიბინძურეში ქექვისას, ისინი ცას არასოდეს ივიწყებენ და ორიენტაციისათვის, ხოჭოთა შორის უნიკალურ, ვარსკვლავურ ნავიგაციას იყენებენ.
ნეხვის ხოჭოს სამუშაო დღის განრიგი ასეთია: გაღვიძება, ხვრელიდან ამოძრომა, რაც შეიძლება ახალი ნაკელის ძებნა, იქამდე მიფრენა, რაც შეიძლება დიდი და მყრალი სფეროს ამორჩვა და უკან გამოგორება, სახლამდე მისასვლელი გზის სწრაფი განსაზღვრა.
ამ ხოჭოებისთვის, რომლებიც ღამის ცხოვრებით ცხოვრობენ, ერთადერთი საშველი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა არის. საუბარი არა ფსიქოლოგიურ ეფექტზეა, არამედ სრულიად პრაქტიკულზე: ცა, სახლისაკენ მიმავალი გზის სწრაფად მოძებნაში ეხმარებათ. ეს პირველი ცნობილი შემთხვევაა, როცა მწერები ვარსკვლავებს მიმართავენ.
ნეხვის ხოჭოს ასეთი გარჯა გამრავლებას უკავშირდება: დიდი სფეროს მფლობელი, არომატული და მკვებავი ნივთიერებების დიდი მარაგით მომავალი თაობისათვის, მდედრების ყურადღებას უფრო ადვილად იპყრობს, რომლებიც შეწყვილების მერე ნეხვის სფეროში კვერცხებს დებენ და მიწისქვეშა გვირაბებში მარხავენ, რომელთა სიღრმე ზოგჯერ ერთ მეტრსაც აჭარბებს.
გამრავლებისთვის არა ნაკლები მნიშვნელობა დანიშნულების ადგილზე სფეროს დროულად მიტანას აქვს, რადგან ის უფრო ძლიერმა მეტოქეებმა შეიძლება წაართვან. განსაკუთრებულად მწვავე შეტაკებები ნაკელის ყველაზე უფრო დიდ გროვასთან ხდება, ასე რომ საუკეთესო სტრატეგია ნეხვის სწრაფ მოძებნასა და მასათნ ერთად უკანმოუხედავად გაქცევაშია.
ის, რომ ამ საქმეში ხოჭოებს ვარსკვლავები ეხმარება შემთხვევით დადგინდა. თავიდან, შვედი მეცნიერები პროფესორ ერიკ უორთის ჯგუფიდან, ხოჭოების ორიენტაციის უნარს მთვარის შუქით სწავლობდნენ. თუმცა ერთ უმთვარო ღამეს ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი საჭირო მიმართულების შენარჩუნებას მარტო ვარსკვლავებითაც ახერხებდნენ.
ამ უცნაური ფაქტით დაინტერესებულმა მეცნიერებმა უბრალო და თვალსაჩინო ექსპერიმენტი ჩაატარეს. წრის ცენტრში დასმული ხოჭოების გადაადგილებებს აკვირდებოდნენ შენობაში, ღია ცის ქვეშ, ასევე პლანეტარიუმში, სადაც ვარსკვლავური ცით მანიპულირებაა შესაძლებელი.
დადგინდა, რომ ხოჭოები ვარსკვლავებით ორიენტაციას ნამდვილად ახერხებენ, თან მათთვის სულ ერთია რა არის ცაზე – ნამდვილი ვარსკვლავები, ხელოვნური ცა თუ ირმის ნახტომის ნაწილი. როგორც ჩანს, სწორედ ჩვენი გალაქტიკის თეთრი პროფილია მათთვის მთავარი ორიენტირი. ყოველ შემთხვევაში, პირდაპირი გადაადგილება უჭირდათ თუ ”ცაზე” (ანუ პლანეტარიუმში) მხოლოდ შორეული ვარსკვლავები ჩანდა.
ნეხვის ხოჭოებისთვის, რომელთაც მახვილი მხედველობა აქვთ, ირმის ნახტომი (იგივე რძიანი გზა) კარგად უნდა ჩანდეს – ვიწრო თეთრი ზოლი ბნელ ღამის ცაზე. ხოჭო გადადგილებისას მის მიმართ მუდმივი კუთხის დაჭერას ცდილობს.
მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ”ვარსკვლავურ ნავიგაციას” სხვა მწერებიც იყენებენ – ღამის ფუტკრები, ფარვანები, ”უბრალოდ არავინ დაინტერესებულა, შეუძლიათ მათ ეს თუ არა” (ცხოველური მაგნეტიზმი).