ამ გალაქტიკას ბევრნაირი აღნიშვნა აქვს: NGC 6822, IC 4895, PGC 63616, MCG -2-50-6, DDO 209, IRAS19421-1455. პირველად, 1884 წლის 17 აგვისტოს, ამერიკელმა ასტრონომმა, ედვარდ ბერნარდმა აღმოაჩინა. ობიექტი არაწესიერი გალაქტიკების ტიპს მიეკუთვნებე, ცენტრალური “ბარით” (გალაქტიკები). ბერნარდის გალაქტიკა მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მდებარეობს, დედამიწიდან 1,5 – 1,63 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ანუ ერთ-ერთი ახლოს მდებარე გალაქტიკაა. საინტერესოა, რომ სტრუქტურითა და შემადგენელით ძალიან ჰგავს მაგელანის პატარა ღრუბელს.
ბერნარდის გალაქტიკა ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკების სიაში შედის, რომელშიც კიდევ დაახლოებით 30 გალაქტიკაა, მათ შორის – ჩვენი ირმის ნახტომიც. ამ გროვაში გალაქტიკები ერთმანეთთან გრავიტაციული ძალებით არის დაკავშირებული.
1925 წელს, ედვინ ჰაბლმა, მასში 11 ცვალებად (ცეფეიდზე) ვარსკვლავსა და 5 ელვარე დიფუზურ ნისლეულზე დაკვირვებით, გალაქტიკამდე მანძილი დაადგინა – 700 ათასი სინათლის წელი, რითაც მან მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლების მერე, ამ ობიექტის ირმის ნახტომს გარეთ მდებარეობა დაამტკიცა. იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, რომ სხვა გალაქტიკებიც არსებობდა, ხოლო სამყაროს ზომა 300 ათასი სინათლის წელი ეგონათ, ამიტომ ბერნარდის გალაქტიკამდე მანძლის დადგენამ მეცნიერებს უმნიშვნელოვანესი კოსმოლოგიური ინფორმაცია მისცა.