ურანის სქელსა და მოძრავ ატმოსფეროში ქარის სიჩქარე 900 კმ/სთ. აღწევს. ასეთი უმძლავრესი ქარიშხლები დედამიწაზე რომ ამოვარდნილიყო, მთლიან კონტინენტებს გაანადგურებდა. იქაური ტემპერატურა კი -220 გრადუსს უტოლდება ცელსიუსით.
საკმაოდ შემზარავი სურათია, თან რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ყველაფერი პლანეტა ურანზე ხდება. ახლად გადაღებულ ფოტოებზე სწორედ ასეთი მოვლენები დაფიქსირდა.
ჰავაის კუნძულებზე არსებული კეკის ობსერვატორია საშუალებას გვაძლევს დეტალური წარმოდგენა შევიქმნათ ურანზე არსებულ ამინდზე, რომელიც მეცნიერებმა უკვე ”ანომალურის” კატეგორიაში გადაიყვანეს.
ადრე, მეცნიერები თვლიდნენ, რომ ურანზე შედარებით წყნარი ამინდია. ამ ფაქტს ”ვოიაჯერ–2”-ით გადაღებული ფოტოებიც მოწმობდა, რომელმაც პლანეტას 1986 წელს ჩაუფრინა. მაშინ მეცნიერთა თვალთახედვას წყნარი პლანეტა წარმოუდგა წინ, სადაც მცირე ატმოსფერული შეშფოთებები დაიმზირებოდა. ამის საფუძველზე მათ დაასკვნეს, რომ ურანი არის ”ცისფერი სფერო რბილი და ცივი გარემოთი”.
კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ(Heidi Hammel), ახალი ფოტოების ანალიზის დროს თქვა:”ამ გამოსახულებების ნახვის მერე, მე უკიდურესად გაკვირვებული დავრჩი. ეს ფოტოები ურანის უცნაურად რთულ ატმოსფეროზე მეტყველებს. ვიცოდით, რომ პლანეტა აქტიური იყო, ოღონდ არა ასეთ დონემდე. სისქის გამო ურანის ატმოსფროზე ბევრი არაფერია ცნობილი”.
კვლევის ხელმძღვანელი(Larry Sromovsky) ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტიდან აღნიშნავს: ”რომ პლანეტის ატმოსფერო თავისებური დინამიკით გამოირჩევა, აქ არც თუ ისე იშვიათად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ატმოსფერული ფრონტები წარმოიქმნება. დინამიკა ტემპერატურულ რეჟიმშიც შეიმჩნევა, რაც ცივი ქარიშხლების წარმოქნას იწვევს. გარდა ამისა, არც ქარების სახეა ბოლომდე გასაგები”(ურანის ღერძი ერთი შეჯახების შედეგად არ გადახრილა).