ე.წ. ვარსკვლავური მასის ხვრელი მასიური ვარსკვლავების სიცოცხლის ბოლო წერტილია. ენერგიის გამომუშავების შეწყვეტასთან ერთად ისინი ფეთქდებიან, გარსს იშორებენ და შავ ხვრელად კოლაფსირებენ. მზეს ეს არ ემუქრება: ვარსკვლავი მასიური უნდა იყოს, მინიმუმ 5-10 მზის მასით.
სწორედ ასეთი ხვრელი ინდექსით IGR J17091-3624, ასტრონომებმა ორბიტალური ობსერვატორია ”ჩანდრათი” გამოიკვლიეს. სპექტრული ანალიზით ნივთიერებათა ნაკადების სიჩქარის დადგენა მოხერხდა. მატერია ხვრელთან ახლო მორევში ეხვევა, ცხელდება და ნაწილობრივ კოსმოსში გაიტყორცნება. მისი სიჩქარე ნამდვილად შთამბეჭდავია: 32 მლნ.კმ/სთ-ზე მეტი, რაც სინათლის სიჩქარის 3%-ს უტოლდება. კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ეშლი კინგი ამბობს: ”ეს ნამდვილი ”კოსმოსური ქარია”, ჩვენ ასეთ შედეგს არ ველოდით”. მიღებული მონაცემი ზემასიურ შავ ხვრელებს უფრო შეესაბამება, რომელთა მასა მზეზე მილიონჯერ და მილიარდჯერ მეტია. ”უცნაურია, რომ ვარსკვლავური მასების ხვრელს ასეთი ქარის გამოწვევა შეუძლია” – ამბობს კვლევის კიევ ერთი მონაწილე ჯონ მილერი – ”შეიძლება ითქვას, რომ ის თავისი წონითი კატეგორიისთვის დამახასიათებელ შესაძლებლობებს აჭარბებს”.
შავი ხვრელი ირმის ნახტომის ფარგლებში, დაახლოებით 28 ათასი სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან.
თუმცა, IGR J17091-3624-ის უცნაურობა მარტო სიჩქარით არ შემოიფარგლება. დაკვირვებებით მიღებული მონაცემების ანალიზით დადგინდა: ამ ქარის მიერ წაღებული ნივთიერების რაოდენობა შთანთქმულისას აღემატება. მეცნიერთა შეფასებით, მატერისს 95%, რომელიც ამ ხვრელთან გაზურმტვროვან (აკრეციულ)დისკოშია თავმოყრილი, ეს ”ქარი” წაიღებს, შავ ხვრელს კი მხოლოდ 5% შეხვდება.
ეს ნაკადები არ უნდა აგვერიოს რელატივისტურ ჯეტებში, რომლებიც ცენტრიდან აკრეციული დისკოს პერპენდიკულარულად ამოდიან. ყველაფერთან ერთად ეს ქარი მუდმივი არაა, ხან ძლიერდება, ხან სუსტდება. შესაძლებელია, რომ ჯეტებსაც და ქარებსაც ერთი და იგივე ძალები კვებავენ – მაგნიტური ველების და გაზური დისკოს რთული ურთიერთქმედებები, როცა რაღაც მომენტში ენერგია ხან ჯეტების ფორმირებაზე მიდის, ხან ხსენებული ”ქარიშხლის”. ჯერჯერობით ეს საკითხი ცუდათაა შესწავლილი.