დაკარგული გამა-ანთებები

 ითვლება, რომ გამა-ანთებებს იწვევს სიკვდილი მასიური ვარსკვლავებისა, რომლებიც შავ ხვრელებად იქცევიან. მაშინ ასეთი რამ ყველაზე პირველ ვარსკვლავებსაც უნდა მოსვლოდა, ვარსკვლავებს, რომლებიც დიდი აფეთქების მერე, ადრეულ სამყაროში ყალიბდებოდა. მათი აფეთქებები შორეულ კოსმოსში, მილიარდობით წლის მანძილებზე უნდა ჩანდეს, თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არაა.

 თეორიის მიხედვით, ანთებისთვის, საკმარისად მასიური, სწრაფად მბრუნავი (1), მძიმე ელემენტებისგან (ჰელიუმზე მძიმე) თავისუფალი ვარსკვლავია საჭირო (რომელიც ხანგრძლივი გამა-ანთებების წყაროა). მნათობთა პირველ თაობებში კი ბევრი ასეთი ვარსკვლავი იყო, რადგან ჰელიუმზე მძიმე ელემენტები სამყაროში ჯერ კიდევ არ არსებობდა. თუ ასე იყო, მაშინ სად არის მათი სიკვდილის მერე გაჩენილი გამა-ანთებები?

 ერთი ვერსიის მიხედვით, ისინი არსადაც არ დაკარგულა: უბრალოდ, სამყაროს გაფართოებამ, რომელიც დიდი აფეთქების მერე გაუჩერებლად გრძელდება, ანთებათა ლაქები ”გაწელა” და ძნელად შესამჩნევი გახადა.

 ასეთი ახსნა სხვა სირთულესთანაა დაკავშირებული: მეორედი ნათება. სწრაფად ქრობადი გამა-ანთება მის შემომფარგლავ ვარსკვლავთშორის გარემოს გავარვარებამდე აცხელებს და ამ მატერიას რენტგენის დიაპაზონში ნათებას აიძულებს. არც ასეთი მეორადი გამოსხივებაა აღმოჩენილი.

 მეცნიერთა აზრით, აქაც სამყაროს გაფართოებაშია საქმე, უფრო სწორედ, მის მიერ გაჩენილ წითელ წანაცვლებაში (2). მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველი ქიმიური ელემენტი შთანთქავს ან ასხივებს მისთვის დამახასიათებელ ტალღის სიგრძის გამოსხივებას, ხოლო რაც უფრო შორსაა მასხივებელი ობიექტი, მით უფრო ძლიერადაა წანაცვლებული დამახასიათებელი ტალღის სიგრძე, გადაწეულია სპექტრის წითელი ნაწილისკენ. ასე, წითელი წანაცვლება ობიექტის სიძველის მაჩვენებელ თავისებურ ინდიკატორადაც გვევლინება.

 ყველაზე შორეული გამა-ანთებების მეორედი გამოსხივება ძლიერად უნდა იყოს გადაწეული სპექტრის წითელ ნაწილში, ასე რომ, შესაძლებელია, ასტრონომებმა მათი ძებნა ორბიტული ინფრაწითელი დიაპაზონის ტელესკოპებით უნდა განაგრძონ.

 მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ”დაკარგული” გამა-ანთებების აღმოჩენა მოხერხდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფაქტის ახსნა არ გვექნება…. (გამა-ანთება დრაკონის თანავარსკვლავედში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.