პირველ რიგში, ყველას ვურჩევთ ხოლმე, რომ აბასთუმნის ობსერვატორია მოინახულონ (დროებით დაკეტილია სტუმრებისთვის), ან საქართველოს ასტრონომიის კლუბის მიერ მოწყობილ პერიოდულ შეკრებებზე მობრძანდნენ, სადაც მსურველებს ძლიერი ტელესკოპით ღამის ცის დათვალიერების საშუალება მიეცემათ.
რაც შეეხება ტელესკოპის ყიდვას. რასაც სამოყვარულო ტელესკოპით ნახავთ, ახლოსაც ვერ მივა NASA-ს თუ ESA-ს მიერ, დიდ და სხვადასხვა დიაპაზონებში მომუშავე ტელესკოპებით მიღებულ გამოსახულებასთან (რომელსაც ჩვენ ინტერნეტით მივეჩვიეთ, ასე რომ ვთქვათ…). თან აუცილებლად დაგჭირდებათ ტელესკოპის თანმხლები ავტომატური მიდევნების მოწყობილობა, რომელშიც ძალიან ბევრი ობიექტის კოორდინატებია შეყვანილი (ან იმართება კომპიუტერით), ის ავტომატურად ატრიალებს შტატივზე (უი, კარგი შტატივიც) დამონტაჟებულ ტელესკოპს თუ ფოტოაპარატს საჭირო ობიექტისკენ (ტელესკოპის სადგარი (mount)). ასეთი ტელესკოპის გამოწერა, 15 სანტიმეტრიანი სარკით, განბაჟების გარეშე 450-დან 550 დოლარამდე ჯდება, ანუ ძალიან ძვირია (უკვე საქართველოშიც შეგიძლიათ იყიდოთ ახალი). მოგიწევთ სპეციალური პროგრამების კომპიუტერში ინსტალირება და გადაღებული ფოტოების დამუშავება (აუფ 🙁 ). ამასთან ერთად, სამწუხაროდ, აუცილებლად გელით იმედგაცრუება, თეთრი ფერის ლაქების მეტს ვერაფერს დაინახავთ და თუ მართლა ასტრონომიის „მანიაკი“ არ ხართ, მალე საერთოდ დაგავიწყდებათ, რომ ტელესკოპი იყიდეთ და უაზროდ დახარჯეთ ამდენი ფული (ჯანდაბა 🙁 ). სიამოვნებას, მთვარისა და ახლო პლანეტების დათვალიერება თუ მოგანიჭებთ, იუპიტერის დიდი თანამგზავრები (სულ 4), მარსი, ისიც პირისპირდგომისას, ვენერა. პერიოდულად – კომეტები და ასტეროიდები. ყველაფერთან ერთად დაკვირვებებს ხელს უშლის ქალაქის სინათლეებით გადანათებული ცა, გამონაბოლქვი თუ მტვერი (ამ შემთხვევაში, ლინზებიანი ტელესკოპია (რეფრაქტორი) უმჯობესი)… უფრო პატარა ზომის სარკიანი ტელესკოპების ფასი, შესაბამისად, უფრო მცირეა, თუმცა რა გამოჩნდება მასში ალბათ უკვე ხვდებით (კიდევ უფრო იაფი ჯდება მარტო სარკეების გამოწერა, თუმცა შეძლებთ ააწყოთ ტელესკოპი?!). თუ ზემოთ ჩამოთვლილი არ გაშინებთ, მაშინ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე გადადით, აუცილებლად ნახეთ ლექციაც.
- როგორ შევარჩიოთ ტელესკოპი?;
- ბინოკლი თუ ტელესკოპი?
- საუკეთესო ბინოკლები ასტრომოყვარულისთვის;
- ტელესკოპების შავი სია.
დავით დვალის (f) ლექცია ასტროფოტოგრაფიაზე.