ამ სურათზე ჰელიოსფეროს ცხვირი წითელი წერტილითაა აღნიშნული(Nathan Schwadron, University of New Hampshire). მზის მაგნიტური ველისა და მზიდანვე ამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკების მიერ წარმოქმნილი ჰელიოსფეროს ფორმა, გამოწვეული მზის სისტემის მოძრაობით გალაქტიკის ცენტრის გარშემო.
მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრის გარშემო მოძრაობს, ამ დროს იგი ვარსკვლავებიდან ამოფრქვეული გაზებისა და მტვრის ღრუბელში გადაადგილდება, მოძრაობა რა თქმა უნდა ერთი მიმართულებით ხდება, რის გამოც მზის გარემომცველი სფერო წვეთის ან კომეტის კუდის ფორმას იღებს. ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით მოხერხდა მისი ფორმისა და მოძრაობის მიმართულების დაზუსტება, ამასთან ერთად აღნაგობის დეტალებიც.
მონაცემები აპარატ IBEX-იდან იქნა მიღებული. შეგახსენებთ, რომ ამ ზონდმა 2009 წელს აღმოაჩინა მზის სისტემის გარემომცველი კოლოსალური ზომების ლენტის ფორმის სტრუქტურა. ეს ლენტი გამომჟღავნდა მაღალენერგიული ნეიტრალური ატომების ნაკადების(ENA) ფონზე. ლენტი, აშკარად იმ პროცესებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ჰელიოსფეროს კიდეზე ხდება. თუმცა მისი ჩამოყალიბებისა და თვისებების დეტალები ჯერ კიდევ გაურკვეველია.
მზის ქარისა და ვარსკვლავთშორის გარემოს მდგომარეობის მიხედვით, გამოყოფენ რამდენიმე გარე სფეროს. ეს სფეროები პლანეტებისა და კოიპერის სარტყელზე შორს მდებარეობს(SwRI/IBEX Team).
ნათან შვადრონმა(Nathan Schwadron) ნიუჰემპშირის უნივერსიტეტიდან, მისმა კოლეგებმა ამერიკიდან და პოლონეთიდან დეტალურად გააანალიზეს ხსენებული ლენტის ენერგეტიკული სპექტრი და მის ახლოს მყოფი არე. როგორც National Geographic იუწყება – ამ მეთოდით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰელიოსფეროს წინა კიდე(როგორც ხომალდის ცხვირი) მიმართულია ზოდიაქალურ თანავარსკვლავედ მორიელისკენ.
კვლევის ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ ჰელიოსფერული კუდი, რომელზეც მზის ქარი(მზიდან ამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი) მოქმედებს, ვარსკვლავთშორისი მაგნიტური ველების მიმართ გარკვეული კუთხითაა გადახრილი. გარდა ამისა, ლენტისა და დანარჩენი ცის სპექტრი იმაზე მიუთითებს, რომ პლაზმას, რომელიც მაღალენერგიული ნეიტრალური ატომებისთვის ნედლეულს წარმოადგენს, აქვს სხვა და სხვა წარმომავლობა.
ყველაფერი ეს მზის სისტემის „ბოლო საზღვრების“ ფიზიკის შემსწავლელთათვის არც თუ ისე ცოტაა. ჰელიოსფერო მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის გალაქტუკური სხივებისგან იცავს პლანეტებს, მათ შორის დედამიწასაც. ჰელიოპაუზაში მომხდარმა ნებისმიერმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვის სხივების რაოდენობის მატება, რომლებმაც გალაქტიკიდან მზის სისტემაში შემოაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ გალაქტიკის ცენტრის გარშემო მოძრაობის დროს, ერთი სრული წრის გაკეთებისას მზე რამოდენიმეჯერ ხან მაღალა ხან დაბლა იწევს გალაქტიკური სიბრტყის მიმართ. ეს ნელი რყევა მოქმედებს ჰელიოსფეროზე, შესაბამისად გალაქტიკური სხივების რაოდენობაზეც. ეს ტალღისებრი მოძრაობა, არ არის გამორიცხული, შესაძლებელია იყოს დაკავშირებული დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების მასიური გადაშენების პერიოდებთან. ყოველ შემთხვევაში ასეთი ჰიპოთეზა არსებობს.
არა მარტო IBEX-ი იკვლევს ჰელიოსფეროს. „ვოიაჯერები“ აგერ უკვე 33 წელია, ხატოვნად რომ ვთქვათ, იღებენ სინჯებს პირდაპირ ამ კოლოსალური სფეროს სტრუქტურებიდან. სფეროს IBEX-ი მთლიანობაში ხედავს. გასულ წელს „ვოიაჯერ 1“-მა აღმოაჩეინა მზის გაჩერებული ქარი, ანუ მიუახლოვდა საზღვარს, რომლის მიღმაც უკვე სხვა ვარსკვლავების გამოსხივება იგრძნობა. ამჟამად ეს ზონდი მზეს 116,62 ასტრონომული ერთეულითაა დაშორებული(17 450 000 000 კმ).