ფრენის ორმა დღე-ღამემ „აპოლო 13“-ისთვის მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე ჩაიარა. 1970 წლის 13 აპრილს, როცა ხომალდმა უკვე 330 ათასი კილომეტრი იფრინა, ბორტზე ჟანგბადის ბალონის აფეთქება მოხდა, მწყობრიდან გამოვიდა სამართავი ნაკვეთურის („ოდისევსი“) კვების წყარო (სამიდან ორი). ჯეიმს ლოუელმა ამის შესახებ ჰიუსტონს მოახსენა და თან დასძინა, რომ ძრავიდან ჟონავს გაზი, ალბათ ჟანგბადი, რაც ხომალდს დამატებით იმპულსს ანიჭებს და მის გადახრას იწვევს. ამ ავარიის გამო, მთვარეზე გადასხმა შეუძლებელი გახდა, ხოლო ეკიპაჟის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
„აპოლო 13“-ის ეკიპაჟი – ჯეიმს ლოუელი, ჯონ სუაიგერტი, ფრედ ჰეიზი.
ამაჩქარებელი ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ფრენის მართვის ცენტრმა გადაწყვიტა ასტრონავტების დედამიწაზე დასაბრუნებლად გამოეყენებინა მთვარეზე დასაშვები მოდულის („მერწყული“) ძრავები. ამასობაში ხომალდი თავისუფალი ტრაექტორიით მთვარისკენ აგრძელებდა ფრენას. მხოლოდ მთვარის შემოფრენის მერე იყო შესაძლებელი დედამიწაზე დასაბრუნებელ გზაზე დადგომა. ამ დაუგეგმავი თავისუფალი ფრენით „აპოლო 13“-ის ეკიპაჟმა შემთხვევითი რეკორდი დაამყარა – პილოტირებული მისია ყველაზე მეტად დაშორდა დედამიწას – 401 056 კილომეტრი.
მართვის ცენტრიდან მიღებული ბრძანებებით, სადაც სპეციალური დამხმარე შტაბი იყო შექმნილი, ასტრონავტებმა კომპიუტერის დახმარების გარეშე 6 მანევრი ჩაატარეს, დაზიანებული ძრავის მოშორების ჩათვლით, რათა დედამიწისკენ მიმავალ სწორ კურს დადგომოდნენ.
ავარიის გამო, შეფერხებით მუშაობდა სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემაც. ნახშირორჟანგის მშთანთქმელი ფილტრები არ იყო გათვლილი დიდი ხნით მუშაობაზე, ენერგიის დაზოგვის მიზნით გამორთული იყო გათბობაც.
მართვის ცენტრიდან მიწოდებული სქემის მიხედვით, ეკიპაჟის წევრებმა თვითონ ააწყვეს ფილტრები, რისთვისაც მათ ჩვეულებრივი საკენცელარიო წებოვანი ლენტიც კი გამოიყენეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჟანგბადის ბალონების თერმოსტატები მოდიფიკაციის გამო მუშაობდა დაგეგმილისგან განსხვავებულ ძაბვაზე (65 მაგივრად – 28 ვოლტი) . ეს შეუსაბამობა ვერც ნასამ შეამჩნია და ვერც დამამზადებელმა ფირმამ.
ჟანგბადის ბალონი №2 დამამზადებელ ქარხანაში მცირე სიმაღლიდან ჩამოუვარდათ (დაახლოებით 5 სმ-დან), რამაც ჟანგბადის გამომშვების დაზიანება გამოიწვია და რის შესახებაც არ მოახსენეს წინასასტარტო მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს.
გაფრენის რეპეტიციის დროს, მიწოდებულმა მაღალმა ძაბვამ გამოიწვია ბალონზე მიერთებული სადენების იზოლაციის გადნობა და მათი მოკლე შეერთება, რაც ოპერატორებმა ვერ შეამჩნიეს. სწორედ ამიტომ აფეთქდა ბალონი №2, №1 კი დაზიანდა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოხდა „აპოლონ-14“ (ედგარ მითჩელი)-ის მოდიფიკაცია, რომელზეც ნასას 15 მილიონი დოლარის დახარჯვა მოუწია.
გამოჩენილი სიმამაცისა და პროფესიონალიზმის გამო, ეკიპაჟის სამი წევრი და მიწაზე მყოფი დამხმარე ჯგუფი ა.შ.შ. ყველაზე უმაღლესი ჯილდოთი – „თავისუფლების მედლებით“ დააჯილდოვეს.
საინტერესო ფაქტები:
„აპოლონ-13“-ის სტარტი 13 საათსა და 13 წუთზე(ფლორიდის დროით) №39(სამჯერ 13) მოედნიდან მოეწყო, თვითონ ავარია კი 13 აპრილს მოხდა. თარიღის ციფრთა ჯამიც 13-ის ტოლია – 11.04.70.
ინციდენტის მერე, გაჩნდა ტერმინი: „ჰიუსტონ, ჩვენ პრობლემები გვაქვს(Houston, we’ve had a problem ).