“ჯეიმს ვების” მიერ გადაღებული პირველი ფოკუსირებული ფოტო

 ჯეიმს ვების სახელობის კოსმოსური ტელესკოპის მოოქროვილი თვრამეტივე სარკე ახლა ზუსტად ერთი წერტილისკენ არის მიმართული და მთელი ეს კონსტრუქცია ერთ დიდ სარკესავით მუშაობს, რომლიდანაც არეკლილი სინათლე, ფოტომგრძანობიარე მატრიცაზეა ფოკუსირებული.

 იუსტურება (გერმ. justieren – “მორგება”) არის ოპერაციების ერთობლიობა კონსტრუქციებისა და სტრუქტურული ელემენტების გარკვეული მიმართულებით („ღერძული“) გასწორების მიზნით, აგრეთვე საზომი ან ოპტიკური მოწყობილობის, მექანიზმების (ან მათი ნაწილების) სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა, რაც მათი მუშაობის სიზუსტეს, სისწორესა და სანდოობას უზრუნველყოფს. ხელსაწყოების რეგულირებისას ხდება საზომი ან/და ოპტიკური ხელსაწყოს შემოწმება და კორექტირება, რაც გულისხმობს ხელსაწყოს ელემენტების სწორი ფარდობითი პოზიციის მიღწევას და მათ სწორ ურთიერთქმედებას.

 მოყვარული ასტრონომები იუსტირების სხვადასხვა ხერხებს იყენებენ (სარკეების გარეცხვის, ტელესკოპის გადატანის ან ახალი ტელესკოპის აწყობის დროს), ხოლო სარკეების მორგების შესამოწმებლად, ყველაზე საიმედოა ტესტირება რეალურ პირობებში — შემოწმება ვარსკვლავებით. ოპტიკური ღერძიდან ოპტიკის ელემენტბის უმცირესი გადახრაც კი ცვლის ვარსკვლავების დიფრაქციულ სურათს. ვარსკვლავებით იუსტირების დაწყებამდე, კარგ ამინდში, გარეთ გამოტანილ ოპტიკას ჯერ გაცივება უნდა ვაცალოთ.

 მორგების ხარისხის შემოწმებისას, დამზერის ველის შუაში მოხვედრილი ვარსკვლავი აკურატული წრისა და შემომფარგლავი დიფრაქციული წრეების სახით უნდა წარმოგვიდგეს და არა წაგრძელებული რგოლების სახით.

 ვარსკვლავებით შემოწმებამდე, ნიუტონის სისტემის რეფლექტორებისთვის, საუკეთესოა იუსტირება ლაზერული კოლიმატორით. მეტალის კორპუსში ჩვეულებრივი ლაზერული მაჩვენებელი და უკან დაბრუნებული სხივის საკონტროლო სამიზნეა ჩასმული. კოლიმატორის გამოყენებით ხდება ლაზერის სხივის ორიენტირება მეორე სარკით, რომლიდანაც არეკლილი სხივი, პირველი, ანუ მთავარი სარკის ცენტრში დატანილ ნიშნულს უნდა დაეცეს, ხოლო უკან არეკლილი სხივი — კოლიმატორის ცენტრს, საიდანაც სხივი იქნა გაშვებული. მეთოდის სინატიფე ისაა, რომ ლაზერის სხივი, ტელესკოპის რეალიზებული ოპტიკური ღერძია, ამიტომ მასთან მუშაობა, გარკვეული უნარებით, ძალიან მოსახერხებელია. კოლიმატორითვე არის შესაძლებელი იუსტირების ხარისხის შემოწმება, როცა ტელესკოპის მილი სხვადასხვა მოწყობილობით არის დატვირთული და გადახრისას დეფორმაცია შეიძლება განიცადოს. თუ ლაზერის სხივი მაინც ცენტრში რჩება, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ იმაში, რომ ტელესკოპი არა მხოლოდ კარგადაა იუსტირებული, არამედ იმაშიც, რომ ის ხარისხიანი ნაწილებით არის აწყობილი.

კოსმოსური ტელესკოპი ”ჯეიმს ვები”(NASA).

 მკაფიო გამოსახულების ცენტრში წარმოდგენილი ვარსკვლავის სახელი ბევრს არაფერს გვეუბნება. ტელესკოპის 18 ექსვკუთხა სარკე, ვარსკვლავის წაწვეტებულ სხივებიან დიფრაქციულ გამოსახულებას ქმნის. გაშლის მერე, სეგმენტები ინფრაწითელ დიაპაზონში დიფრაქციით შეზღუდულ მაქსიმუმამდეა რეგულირებული, რის საშაულებასაც ფიზიკა იძლევა, რომ ტელესკოპმა ერთი მთლიანი 6,5 მეტრი დიამეტრის ტელესკოპის მსგავსად იმუშაოს. 2MASS J17554042+6551277-მდე მანძილი 2000 სინათლის წელია, ის ჩვენი გალაქტიკის ფარგლებში მდებარეობს, ხოლო კადრში მოყოლილ ფონურ გალაქტიკებამდე მანძილი მილიონობით და მილიარდობით სინათლის წელია (რა არის სინათლის წელი?).

 “ჩვენ ყველა სარკე გავასწორეთ და ტელესკპი ამორჩეული ვარსკვლავისკენ მივმართეთ. წინასწარი შეფასებით, ზოგიერთ ტექნიკურ მოთხოვნას გადავაჭარბეთ კიდეც. დარწმუნებულნი ვართ, რომ “ჯეიმს ვები” გამართულად და ზუსტად იმუშავებს”, ამბობენ ტელესკოპის ჯგუფის წევრები (როგორ მუშაობს ტელესკოპი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.