ჟან ბერნარ ლეონ ფუკო, ფრანგი ფიზიკოსი და ასტრონომი (1819 – 1868). ფუკოს ქანქარის გარდა, მეცნიერმა გამოიგონა გიროსკოპი, ჰაერსა და წყალში სინათლის სიჩქარის გაზომვის, სარკეების მოვერცხლის მეთოდები.
ფუკოს ქანქარის პირველი საჯარო დემონსტრაცია ჩატარდა 1851 წლის მარტს, პარიზის პანთეონში: ფუკომ, პანთეონის გუმბათის ქვეშ, 67 მეტრი სიგრძის ფოლადის მავთულზე, 28 კილოგრამიანი ტვირთი ჩამოკიდა, წვეტიანი შვერილით ქვედა მხარეზე. დამაგრების წერტილის ქვეშ, წრიული ღობე გაკეთდა, დიამეტრით 6 მეტრი; წრეში დაყრილი იქნა ქვიშა, ისე, რომ ტვირთის წვეტიან შვერილს სხვადასხვა ფიგურების დახაზვა შეძლებოდა ამ ქვიშაზე. ქანქარაზე გვერდითი ბიძგის ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, რხევის დასაწყებად მომზადებული გადახრილი ტვირთი დამაგრებული იყო თოკით, რომლის დაწვით გაწყვეტის მერე, ქანქარა იწყებდა რხევას. ქანქარის რხევის პერიოდი, ასეთი სიგრძის საკიდზე 16,4 წამია, ყოველი რხევის შემდეგ ქვიშაზე გახაზულ ბილიკებს შორის მანძილი კი 3 მმ. საათში ქანქარის რხევის სიბრტყე 11°-ზე მეტად მობრუნდება, საათის ისრის მიმართულებით. ანუ დაახლოებით 32 საათში, სიბრტყე სრულ წრეს შემოწერს და საწყის პოზიციას უბრუნდება. ქანქარის ბრუნვის სიბრტყეზე გავლენას ახდენს მისი მდებარეობა დედამიწაზე (პლანეტაზე) და საკიდის სიგრძე.
ქანქარაზე მოქმედი ორად ორი ძალა, დედამიწის მიზიდულობის ძალა და საკიდის დაჭიმულობის ძალა, რომლებიც ამ წერტილზე ერთმანეთის მკვეთი ხაზების გასწვრივ არის მიმართული, ქანქარის რხევის სიბრტყეს ქმნის და იგი ვერ შეიცვლება. შესაბამისად, დედამიწის ზედაპირის მიმართ ამ სიბრტყის ბრუნვა, ღერძის გარშემო პლანეტის ბრუნვით არის გამოწვეული.
ფუკოს ქანქარის მცირე ვარიანტი, სადაც ქვიშის ნაცვლად ხის პატარა ძელაკებია დალაგებული, რომლებსაც ტვირთის წვეტიანი შვერილი ერთნაირი პერიოდულობით აქცევს. რომ არა დედამიწის ბრუნვა, ქანქარის ბრუნვის სიბრტყე ვერ იმოძრავებდა და ტვირთი ვერ შეეხებოდა ძელაკებს. ვიდეო აჩქარებულია.
პოლუსზე, სადაც დადამიწის ბრუნვის ღერძი ქანქარის რხევის სიბრტყეში დევს, დამკვირვებელი შეამჩნევს, რომ ეს სიბრტყე, დედამიწის ბრუნვის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავს, 360 გრადუსით დღე-ღამის განმავლობაში (დაახლოებით 24 სთ.). რაც უფრო ახლოსაა ქანქარა ეკვატორთან, მით ნაკლებია მისი სიბრტყის ბრუნვის სიჩქარეც, ხოლო ეკვატორზე, დედამიწის ზედაპირის მიმართ ის უძრავია. სამხრეთ ნახევასრფეროშიც იგივე ხდება, უბრალოდ, სიბრტყის ბრუნვაა საპირისპირო მიმართულების.