დედამიწაზე ობობები ასიმეტრიულ აბლაბუდას ქსოვენ, რომლის ცენტრი ზედა კიდისკენ არის წანაცვლებული. ეს იმიტომ ხდება, რომ დასვენების დროს, ობობა თავით ქვემოთ არის ჩამოკიდებული, რადგან გრავიტაციის დახმარებით მალევე შუძლიათ მიირბინონ ქსელში გახვეულ მსხვერპლთან.
რა მოხდება, თუ ობობა უწონო მდგომარეობაშია? ამის გასაგებად, უკვე მერამდენედ, მეცნიერებმა Trichonephila clavipes-ის სახეობის ოთხი ობობა შეარჩიეს. ორი მათგანი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გააგზავნეს, ორი კი დედამიწაზე დატოვეს.
ექსპერიმენტის მსვლელობისას, ეს ფეხსახსრიანები სპეციალურ კონტეინერებში მოათავსეს, რომლებშიც კამერები იყო დამონტაჟებული. ობობები თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებული, მეცნიერები კი ყოველ 5 წამში თითო ფოტოს უღებდნენ მათ.
აღმოჩნდა, რომ უწონობაში მოქსოვილი აბლაბუდა, დედამიწაზე მოქსოვილზე სიმეტრიულია. კოსმოსური აბლაბუდის ცენტრი შუასთან ახლო იყო, ხოლო ობობები ყოველთვის ზემოთ არ დგებოდნენ, ქვემო მიმართულებით ქსელის სათვალიერებლად. მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ყუთში არსებული სინათლის წყარო, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა აბლაბუდას ქსოვის პროცესზე. განათების მდებარეობის მიხედვით, კოსმოსში მოქსოვილ აბლაბუდასაც შიძლება ჰქონდეს ასიმეტრიული ფორმა, წანაცვლებული ცენტრით.
“გაგვიმართლა, რომ ნათურებიკონტეინერების ზედა ნაწილში მივამაგრეთ და არა რომელიმე გვერდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბლაბუდის სიმეტრიაზე სინათლის ზეგავლენის შესახებ ვერაფერს გავიგებდით” – ამბობს სამუელ ჟოკკე (Zschokke), ახალი კვლევის ავტორი.
ასევე, ობობები ქსელის სხვადასხვა ნაწილში იყვნენ ხოლმე, თუ შუქი გამორთული იყო, შუქის ჩართვისას კი ზემოთ ადიოდნენ და ქვემოთ იყურებოდნენ. ობობებს ქსელის მოქსოვა და მსხვერპლის დაჭერა სიბნელეშიც შეუძლიათ, ამიტომ ითვლებოდა, რომ სინათლე არანაირ როლს არ თამაშობს მათ ორიენტაციაში. ახლა კი გაირკვა, რომ ფეხსახსრიანები ორიენტაციის დამატებით საშუალებად სინათლესაც იყენებენ (სიცოცხლე).