უჩვეულო სვიფტ J0243.6+6124

 დედამიწიდან დაახლოებით 24 ათასი სინათლის წლის მანძილზე, თანავარსკვლავედ კასიოპეაში, ნეიტრონული ვარსკვლავი მდებარეობს, რომლის არსებობა ასეთი ვარსკვლავების შესახებ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება. მას ჭავლებიც (ე.წ. ჯეტი – ლამის სინათლის სიჩქარით მოძრავი ნაწილაკების ვიწრო ჭავლი, რომლებიც პოლუსებთან ამოიტყორცნება) აქვს და ძლიერი მაგნიტური ველიც. თანამედროვე წამოდგენებით, ნეიტრონულ ვარსკვლავს ჭავლების ამონაფრქვევი მაშინ შეძლება ჰქონდეს, როცა მისი მაგნიტური ველის დაძაბულობა 1000-ჯერ მცირეა იმაზე, რომელიც ახლადაღმოჩენილს აქვს (Nature).

 მზეზე მასიური ვარსკვლავი ევოლუციის ბოლოს ზეახლად ფეთქედება, მის ადგილზე კი ამავე ვარსკვლავის უკიდურესად შეკუმშული ბირთვი რჩება – ე.წ. ნეიტრონული ვარსკვლავი, მაქსიმუმ 3 მზის მასითა და 10-20 კილომეტრიანი დიამეტრით, ანუ ძალიან დიდი მასაა თავმოყრილი მცირე სივრცეში, შესაბამისად, უძლიერესი გრავიტაციული ველით. ძლიერდება მაგნიტური ველიც, რომელსაც აფეთქებამდე გაცილებით დიდი მოცულობის წყარო წარმოქმნიდა – წინამორბედი მასიური ვარსკვლავი. ითვლებოდა, რომ ძალიან ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ნეიტრონულ ვარსკვლავებს ჭავლების წარმოქნა არ შეეძლო, მაგრამ პროექტ ICRAR-ის ჩარჩოებში, რადიოტელესკოპთა ძალიან დიდი მასივის (VLA) გამოყენებით ჩატარებული დაკვირვებები საწინააღმდეგოს გვიჩვენებს.

“სვიფტი” (SWIFT/NASA).

 ობიექტი Swift J0243.6+6124, გამა-დიაპაზონში მომუშავე კოსმოსრუმა ტელესკოპმა – ”სვიფტი”, 2017 წლის ოქტომბერში აღმოაჩინა. ის, ორმაგი სისტემის ნაწილია, მზეზე ცოტა დიდი კომპანიონის გარშემო ნელა მოძრაობს და გაზს ჰპარავს მას. Swift J0243.6+6124-ის მაგნიტური ველის დაძაბულობა 10 ტრილიონჯერ აჭარბებს მზისას.

 VLA-თი დაკვირვებებისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პულსაციის დროს ამ ვარსკვლავიდან არა მარტო რენტგენის, არამედ რადიოგამოსხივებაც მოდიოდა. გარდა ამისა, რადიოგამოსხივების ინტენსიურობა იკლებდა, როცა რენტგენი მაქსიმუმს აღწევდა (ეს ობიექტი არის ULX – რენტგენის გამოსხივების ულტრაელვარე წყარო). ჩვეულებრივ, ასეთი ქმედება ჭავლის მქონე სისტემებისთვის არის დამახასიათებელი.

 თანამედროვე წარმოდგენებით, მაგნიტური ველის მიერ აჩქარებული ნაწილაკების ჭავლის წარმოქმნა, აკრეციული დისკოს (ზემოთ ხსენებული მოპარული გაზისგან ფორმირებული დისკო) შიდა ნაწილში იწყება. მაგრამ, თუ მაგნიტური ველი ძალიან ძლიერია, ჭავლის ფორმირება ჩაიხშობა, რადგან დისკოს შემაგდენელი მატერია ვარსკვლავის ზედაპირთან ახლოს ვეღარ მიდის. როგორც ჩანს, არსებობს ჭავლების წარმომქნელი განსხვავებული მექანიზმიც. სავარაუდოდ, პლაზმის ნაკადთა გაჩენა ნეიტორონული ვარსკვლავის ბრუნვაზეც შეიძლება იყოს დამოკიდებული და არა მაგნიტური ველის სიძლიერეზე აკრეციული დისკოს შიგნით. მეცნიერთა აზრით, ნელა მბრუნავ ნეიტრონულ ვარსკვლავებს სუსტი ჭავლები აქვს. ყოველ შემთხვევში, დაკვირვებებიდან გამომდინარე, ასეთი რამ სისტემა Swift J0243.6+6124-ში დაიმზირება.

 მკვლევართა თქმით, ნეიტრონული ვარსკვლავი Swift J0243.6+6124, ასეთ ობიექტთა კლასის ერთ-ერთი წარმომადგენელი შეიძლება იყოს. მათი სუსტი რადიოგამოსხივება ძნელი შესამჩნევია და რადიოტელესკოპების დახვეწასთან ერთად, სხვებიც გამოჩნდება, რაც მეცნიერებს ნეიტორნული ვარსკვლავების რელატივისტური ჭავლების წარმოქმნის მექანიზმის შესწავლაში დაეხმარება (ნეიტრონული ვარსკვლავების დიდი გაერთიანება; კოსმოსის ყველაზე ძლიერი მაგნიტები).

2 comments

  1. რა საერთო და განსხვავებებია ზეახალ ვარსკვლავსა და შავ ხვრელს შორის ?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.