მზის სისტემის ყველაზე შორეული ობიექტი, რომელიც ადამიანმა გამოიკვლია, მასთან 3540 კილომეტრის მანძილზე მოძრავი ზონდის საშუალებით – ”ნიუ ჰორაიზონსი”, ასტეროიდი აროკოთია (ძველი სახელი გადაარქვეს ნაცისტურ ოკულტიზმთან კავშირის გამო…). მეცნიერებმა ამ ობიექტის პარამეტრებისა და რაც მთავარია, მისი ასაკის დადგენა შეძლეს, რითაც მისი წარმოშობის შესახებ თეორიაც შეიმუშავეს.
აროკოთი (486958 Arrokoth), ცივი სხეულია, გააჩნია სტაბილური ორბიტა, რომლის ფორმა ახლოა წრესთან. ეკლიპტიკის (წარმოსახვითი სიბრტყე, რომელზეც პლანეტები მზის გარშემო მოძრაობენ) მიმართ დახრილობაც ძალიან მცირეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მზის სისტემის ფორმირების დაწყებიდან ამ ობიექტს რაიმე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ გადაუტანია, შესაბამისად, მისი ასაკიც დაახლოებით 4,5 მილიარდი წელია.
ასტეროდის ზომა 30 კილომეტრს აჭარბებს და ერთმანეთზე ”მიწებებული” ორი დისკოს ფორმის ნაწილებისგან შედგება. არ გააჩნია თანამგზავრები და ატმოსფერო, ტემპერატურა კი – 231,1 °C (42 კელვინი)-ს უტოლდება.
ზედაპირი ბნელია, ძალიან ცოტა სინათლეს ირეკლავს (12 %), აქვს ერთგვაროვანი მოწითალო ფერი, აღმოჩენილია წყლისა და მეთანოლის შთანთქმის ხაზები (სპექტრული ანალიზი).
აღსანიშნავია, რომ აროკოთის კვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასტრონომიისთვის: ის არასოდეს გამთბარა მზისგან მაღალ ტემპერატურამდე, ანუ მასზე არის შემონახული ნივთიერებები, რომლებისგანაც მთლიანად მზის სისტემაა ფორმირებული. მდებარეობს კოიპერის სარტყელში, 30 – 55 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე მზიდან, ნეპტუნის ორბიტის იქეთ (მოკლედ კოიპერის შესახებ).
მეცნიერები მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას აგრძელებენ. სრულიად შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ მზის სისტემის ფორმირების გამოცანის ამოხსნასთან. აღსანიშნავია, რომ ”ნიუ ჰორაიზონსი”-ს მთავარი სამიზნე იყო პლუტონი, თუმცა მასთან ახლოს ჯერ კიდევ 4 წლის წინათ გაიფრინა, ხოლო აროკოთი მისი მომდევნო სამიზნე გახდა, რომელსაც 2019 წლის 1 იანვარს მიუახლოვდა. ობიექტი ძალიან შორსაა, ხოლო ინფორმაციის გამოგზავნა ნელი სიჩქარით მიმდინარეობს, ამიტომ ეს პროცესი კიდევ ერთი წელი გაგრძელდება (კიდევ აროკოთის შესახებ; პლუტონი).