ბოლო 12 000 წლის განმავლობაში, ადამიანებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს დედამიწის ზედაპირის გარეგნული სახე, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ცვლილებები ახლოსაც ვერ მოვა იმ გლობალურ სტრუქტურულ გარდაქმნებთან, რომლებსაც ადამიანი უცხო პლანეტებზე დასახლების მიზნით განახორციელებს; დედამიწის ზედაპირის დამუშავება, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო მოღვაწეობას უკავშირდება, მაშინ, როდესაც სხვა სამყაროებზე კაცობრიობას კლიმატის თუ მაგნიტური ველის შექმნაზეც მოუწევს მძიმე და ხანგრძლივი შრომა.
ს ი ნ თ ე ზ უ რ ი ბ ი ო ლ ო გ ი ა თავის სრულმასშტაბიან სტარტს მარსის საკაცობრიო მისიების შემდეგ აიღებს, და უკვე მომავალი კოსმოსური სხეულების ათვისებისას სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მეცნიერული ”ხელსაწყო” იქნება, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების ხანგრძლივ არსებობას დედამიწის მიღმა, როგორც ღია
კოსმოსში, მოგზაურობისას, ასევე – კოლონიზაციის დროს.
ჩვენ, დედამიწელები, მილიარდობით წლის განმავლობაში განვიცდიდით ევოლუციას, ბუნებრივ გადარჩევას. და მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა ცოცხალი არსება ჩვენი პლანეტის ფიზიკურ პარამეტრებს სულ უფრო უკეთ ეგუებოდა. ჩვენი ფიზიოლოგია
დედამიწის გრავიტაციაზე და ჟანგბადით გამდიდრებულ ატმოსფეროზეა მორგებული; დედამიწის მაგნიტური ველი მომაკვდინებელი კოსმოსური გამოსხივებისგან გვიცავს, მარსისგან განსხვავებით, სადაც თხელი ატმოსფერო 7 მილიბარ წნევასაც ვერ ქმნის, ისეთივე რადიაციაა, როგორც დედამიწა-კოსმოსის ატმოსფერულ საზღვარზე. არც მთვარეა უკეთესი, რომელსაც ატმოსფერო საერთოდ არ გააჩნია.
დედამიწისეული ეკოსისტემა
მშობლიური პლანეტიდან ძალიან, ძალიან შორს, კოსმოსში ცხოვრება დაცვის გარეშე შეუძლებელია – ადამიანს ცხოვრებისთვის სტაბილური გარემო და მდგრადი განვითარება სჭირდება. დედამიწის ახლო ორბიტაზე ან მთვარეზე ხანმოკლე ვიზიტების დროს დედამიწიდან წყლის, ჰაერის და საკვების მარაგი თან მიაქვთ, ან რეგულარულად მიეწოდებათ, მაგრამ კოსმოსის მომავალი კოლონიზატორები ასეთ ფუფუნებაზე ვერც კი იოცნებებენ – მათ დედამიწის მსგავსი ხელოვნური ეკოსისტემა უნდა შექმნან და საჭირო რესურსები ადგილზე უნდა
აწარმოონ, სხვა შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალია.
პრობლემა ის არ არის, რომ ასეთი მდგრადი ხელოვნური გარემოს შექმნისთვის ტექნოლოგიები არ გვაქვს. პირიქით – ტექნოლოგიები არსებობს, მაგრამ მათი კოსმოსში გატანისთვის უზარმაზარი ხარჯებია საჭირო. აქ კიდევ ერთი ფაქტორია – ადამიანის მიერ მოსალოდნელი საფრთხეების გაუთვალისწინებლობა, ან – იმ მომენტამდე იგნორირება, ვიდრე ამას ვინმეს სიცოცხლე არ შეეწირება.
კოსმოსური პოლიტიკის ექპერტმა და ასტრონავტ-ინჟინერმა, ლუის ფრიდმანმა, წიგნი გამოაქვეყნა, სადაც ის ადამიანების და მათი რობოტების მიერ კოსმოსის ათვისების პერსპექტივებს განიხილავს; ავტორი თვლის, რომ მარსი კაცობრიობის ”მეორე სახლია”,
სადაც მთავარი როლი ადამიანებს უნდა მივანიჭოთ, ხოლო, რაც შეეხება ღია კოსმოსს – აქ წამყვანი ძალა რობოტიკა იქნება. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს ის ინტერვიუში , რომელიც ”Discover Magazine”-ში გამოქვეყნდა: ”ტექნოლოგია, ბიოტექნოლოგიის ჩათვლით, შორეულ კოსმოსურ სხეულებზე წაგვიყვანს და ჩვენ დისტანციურად
გამოვცდით ვიზუალურ, აუდიო თუ სხვა სენსორულ თავისებურებებს, რომელსაც ადამიანის გონება რობოტების მეშვეობით მიიღებს. რა საჭიროა ადამიანის ფაქიზი სხეულის საფრთხეში ჩაგდება?
რისკის საკითხზე შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ კოსმოსში მიღებული ვირტუალური გამოცდილება და ბიოტექნოლოგია ამ რისკებს საგრძნობლად შეამცირებს, როდესაც ფიზიკურ მოგზაურობაში გავეშურებით: ბერკლის აეროკოსმოსური და ბიოტექნოლოგიების ინჟინერი, ამორ მენეზესი, მის მიერ გამოქვეყნებულ ახალ სტატიაში არგუმენტირებულად ვარაუდობს, რომ კოსმოსში ადამიანების დასახლება სინთეზური ბიოლოგიის გარეშე შეუძლებელია.
სინთეზური ბიოლოგია და კოსმოსის კოლონიზაციის გამოწვევები
მენეზესის და მისი კოლეგების აზრით, პირველი გამოწვევა რესურსების გამოყენებაა. ამერიკის პილიგრიმებისგან განსხვავებით, მთვარისა და მარსის პირველი კოლონისტები ოკეანეში სათევზაოდ თავთხელში ვერ ”შეტოპავენ”, თუმცა შეუძლიათ იქაურ გრუნტში მცენარეები გამოზარდონ. მთვარეზე არის წყალი, სავარაუდოდ – მარსზეც, რომელსაც მოიპოვებენ. ჟანგბადის გამოყოფა ქანებიდან, ელექტროლიზის მეშვეობით შეიძლება. ამ კოლონიებში სუნთქვის დროს გამოყოფილ ნახშირორჟანგს არავინ გაანიავებს – მას მცენარეები და ციანობაქტერიები საკვებად და ჟანგბადად გადააქცევენ. აი, აქ კი, მთავარ როლს გენური ინჟინერია შეასრულებს, რადგან გენეტიკური მოდიფიკაციით შესაძლებელი გახდება ფოტოსინთეზის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც მოხდება ნახშირორჟანგის ინტენსიური ფიქსაცია და მოსავლის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. დღევანდელი ტექნოლოგიებით, მიკროორგანიზმების გამოყენებით შესაძლებელია საწვავისა და პლასტმასის წარმოება, აგრეთვე – ნარჩენების გადამუშავება. ლოკალურად მიწოდებული რესურსების გარდა, ბიორექნოლოგიებით შესაძლებელია მასიური წარმოების გამართვა ისეთი პროდუციის წარმოებისთვის, როგორიცაა: ბიოცემენტი, ბიოპოლიმერები, ადჰეზივები და სხვა სამშენებლო მასალები.
კიდევ ერთი გამოწვევა – ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა. გენური ინჟინერია აქაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ”აიძულებს” რა მცენარეებს და მიკრობებს, სასურველი სამკურნალო ნივთიერებები გამოიმუშაონ. მეცნიერები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და რადიაციის საწინააღმდეგო ბოჭკოებისა და მატყლის შექმნაც კი შეძლეს. ეს ის ”ბიო- ფარია”, რომელიც კოლონისტების ცხოვრებას რადიკალურად უფრო კომფორტულს გახდის.
შემდეგი გამოწვევა კოსმოსური კიბერნეტიკაა, რომელიც ციფრული და
ელექტროტექნიკის ადგილზე წარმოებას გულისხმობს. მომავლის სინთეზური ბიოლოგია დნმ-დაფუძნებული კიბერნეტიკული აპარატურის შექმნასაც კი გეგმავს, ციფრული მესხიერების ჩაწერის უზარმაზარი შესაძლებლობებით. მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარი იდეა ისაა, რომ მთვარისა და მარსის კოლონისტები არ იყვნენ დამოკიდებული დედამიწიდან რესურსების მოწოდებაზე.
”ბოლო და მთავარი სამეცნიერო გამოწვევა – ურთულესია” – აღნიშნავს მენეზესი. – ”და მას ტ ე რ ა ფ ო რ მ ი რ ე ბ ა ეწოდება. იქნება ეს მთვარე, მარსი თუ ასტეროიდი, სამუდამოდ გამოქვაბულში ცხოვრებას არავინ აპირებს – ადამიანებს ბუნებრიობა სჭირდებათ: უამრავი ხე, პარკები და მდინარეები. თბილი და ალერსიანი მზე”. ტერაფორმირების პროცესი – ეს არის პლანეტური ინჟინერია, რომლის შედეგიცაა სუნთქვისთვის ვარგისი ატმოსფერო მარსზე, ვენერაზე ან სადაც გნებავთ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი დღევანდელი ტექნოლოგიებით ასწლეულებს დაიკავებს, თუმცა მათ მომავლის მძლავრი ტექნოლოგიების იმედი აქვთ. სწორედ ამიტომ, თავიდან მოხდება მცირე სივრცეების პარა-ტერაფორმირება დაცულ სივრცეებში, ხოლო მომავალი თაობები ტერაფორმირებას შეეჭიდებიან.
თუ კოსმოსში კაცობრიობის განსახლება მართლაც ჩვენი ევოლუციური მიზანია, ამის ერთ-ერთი გასაღები გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებია: მარსის ფიჭვი თუ მთვარის კალია, დედამიწისეული ორგანიზმების გენეტიკური მასალა კოლონიზატორებს თან გაჰყვება და სიცოცხლის გადაშენებას წერტილს დაუსვამს. ეს ნიშნავს. რომ თვით ადამიანების გადარჩენა ბიოტექნოლოგიის განვითარებაზეა დამოკიდებული.