სტივენსონ 2 (Stephenson 2), ჩვენს გალაქტიკაში მდებარე ახალგაზრდა ღია ვარსკვლავური გროვაა, რომელიც 1990 წელს, ცის ღრმა ინფრაწითელი დამზერის ჩარჩოებში აღმოაჩინეს. გროვამდე მანძილი 20 000 სინათლის წელია, მდებარეობს ფარის თანავარსკვლავედის მიმართულებით, სავარაუდოდ, ვარსკვლავური ხიდის (“ბარი”) ჩრდილოეთი ნაწილისა და ფარი-კენტავრის მკლავის შიდა ნაწილის გადაკვეთაზე.
დამტკიცებულია, რომ მასში 26 წითელი ზეგიგანტი ვარსკვლავია, რაც სხვა გროვებში ზეგიგანტებით დასახლების რაოდენობას აჭარბებს. ახალი კვლევებით, მისი მიმართულებით 80-მდე ზეგიგანტი იქნა აღმოჩენილი, რომელთაგან დაახლოებით 40, იგივე სიჩქარით მოძრაობს, როგორითაც გროვის სხვა ობიექტები. მიუხედავად ამისა, ეს ვარსკვლავები გაცილებით დიდ ფართობზეა გადანაწილებული, ვიდრე ამ გროვის სხვა ობიექტები.
სტივენსონ 2-ის ასაკი დაახლოებით 14-20 მილიონი წელია. მასში მდებარე წითელი ზეგიგანტები, 12-16 მზის მასებით, მეორე ტიპის (Type II) ზეახლებად აფეთქების კანდიდატებია (ზეახალი ვარსკვლავი). გროვა, ძირითადად, მტვრით არის დაფარული და ხილულ დიაპაზონში არ ჩანს. ახლოსაა სხვა წითელი ზეგიგანტების გროვებთან (RSGC1, RSGC3, ალიკანტე 8). გალაქტიკის ერთ-ერთი უდიდესი ღია გროვის მასა, დაახლოებით 30-50 ათასი მზის მასას უტოლდება.
ამ გროვაშივე მდებარეობს აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე დიდი ზომის (არა მასის! – R136 – ყველაზე მასიური ვარსკვლავების თავშესაფარი) ვარსკვლავიც – სტივენსონ 2-18, ელვარე ზეგიგანტი ან ჰიპერგიგანტი, რომელმაც ლიდერობა ფარის UY-ს ჩამოართვა (ყველაზე დიდი და ყველაზე მასიური ვარსკვლავი). ამ ერთ-ერთი ყველაზე ცივი და ელვარე ზეგიგანტი ვარსკვლავის ნათობა (ვარსკვლავური სიდიდე) 440 000 მზისას უტოლდება, ხოლო რადიუსი – 2158 მზის რადიუსს. ითვლება, რომ სტივენსონ 2-18-ის ტემპერატურა 3200 გრადუსია ცელსიუსით. მზის სისტემის ცენტრში რომ მოგვეთავსებინა, მისი ფოტოსფერო (პირობითი ზედაპირი) სატურნსაც შთანთქავდა.
მზის სისტემის, ფარის UY-სა და სტივენსონ 2-18-ის ზომების შედარება.