სეიფერტის I და II ტიპის გალაქტიკების გაერთიანება

 ასტრონომიის მოყვარულებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, რომ სეიფერტის ტიპის გალაქტიკები 2 ტიპად აღარ იყოფა, როგორც აქამდე ითვლებოდა, მაგრამ პროფესიონალ ასტრონომთა მხრიდან შეუპოვარი მუშაობა და აღმოჩენების კეთება, ნამდვილად არის ენთუზიაზმისა და ინტერესის ამაღლების მიზეზი.

 სეიფერტის გალატიკები, აქტიური ბირთვის მქონე გალაქტიკებია (კვაზარი, ბლაზარი), ანუ მათ ცენტრებში ზემასიური შავი ხვრელია (“ბნელი ძალა”), რომელიც მატერიის აქტიურად შთანთქმის პროცესშია. დანარჩენებისგან განსხვავებით, ასეთ გალაქტიკებს ოპტიკურ დიაპაონში ფართო ემისური ზოლები აქვს, ანუ მათ დისკოში უამრავი გაზი და მტვერია, რომელსაც აქტიური ბირთვის გამოსხივება აღაგზნებს და ნათებას (ემისია) აიძულებს. ორ ტიპად დაყოფა ხდებოდა ხსენებული სპექტრული ზოლების ზომების მიხედვით, ამ განსხვავებას კი ჩვენს მიმართ გალაქტიკის დისკოს ორიენტაციით ხსნიდნენ (თვალები I სურათზე). უკანასკნელ წლებში ჩატარებული დაკვირვებებით გაირკვა, რომ სეიფერტის გალაქტიკები, დროის კოსმოსური მასშტაბების მიხედვით, ძალიან სწრაფად იცლიან ტიპს, ჩვენს მიმართ დისკოს ასეთ მოკლე დროში მობრუნება კი შეუძლებელია.

 თანავარსკვლავედ ოქროს თევზის მიმართულებით, დედამიწიდან 40 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ფოტოგენური სპირალური გალაქტიკა, NGC 1566 მდებარეობს. სიბრტყით ჩვენკენ მობრუნებული NGC 1566 რეგულარული სპირალური სტრუქტურის მქონე გალაქტიკებს მიეკუთვნება. მას ორი კარგად გამოკვეთილი, ნატიფი “მკლავი” აქვს, შემოხაზული ელვარე ცისფერი ვარსკვლავებისა და კოსმოსური მტვრის ბნელი ზოლებით. ედვინ ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა, NGC 1566 ბევრჯერ გადაიღო, ვარსკვლავწარმომქმნელი პროცესების, ზეახალთა ანთებებისა და უჩვეულოდ აქტიური ცენტრის შესასწავლად. ის, ჩვენთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ელვარე სეიფერტის ტიპის გალაქტიკაა (კარლ სეიფერტი). ასეთი ტიპის სპირალური და უფორმო გალაქტიკების სპექტრში უამრავი ელვარე ფართო ზოლი დაიმზირება, რაც იქ რამდენიმე ათასი კილომეტრი წამში სიჩქარით ამოფრქვეული გაზის ნაკადების არსებობაზე მიუთითებს. დამზერადი სპირალური გალაქტიკების 1% სეიფერტის გალაქტიკებს მიეკუთვნება. სავარაუდოდ, მათი ბირთვების აქტიურობის მიზეზი, ათეულობით ან ასეულობით მილიონი მზის მასის მქონე ცენტრალური ზემაისური შავი ხვრელებია.

 გალაქტიკა NGC 1566-ის რენტგენის დიაპაზონში ჩატარებული ანალიზით ირკვევა, რომ მისი ტიპის სწრაფი ცვლილება გამოწვეული იყო შავ ხვრელზე მატერიის ვარდნის (აკრეცია) ტემპის შემცირებითა და რენტეგენის კომპტონიზაციის (ფოტონების სიხშირის ცვლილება, მაღალენერგიულ ელექტრონებზე კომპტონის მრავალჯერადი გაბნევის შედეგად) წილის შემცირებით მისი სპექტრული მდგომარეობის ცვლილების დროს. რეტნტგენის გამოსხივების ინტენსივობის შემცირებით მოხდა I ტიპიდან გადასვლა II-ზე. როცა აკრეცია ისევ გაძლიერდა, ცვლილება უკუმიმართულებით წავიდა.

 ამრიგად, სეიფერტის გალაქტიკების ეს მრავალსახეობა, ერთად ერთი პარამეტრის ვარიაციებამდ ეშეგვიძლია დავიყვანოთ – ნორმალიზებული ნათობა რენტგენში. ეს აღმოჩენა ტიპოლოგიურ განსხვავებებს შლის და მალე არასაჭიროდაც გახდის მათ. სეიფერტის I და II ტიპის გალაქტიკები, სინამდვილეში,  ნათობის განსხვავებულ რეჟიმში მყოფი ერთი ტიპის გალაქტიკებია. მათ შორის განსხვავება, უბრალოდ, არ არსებობს (გალაქტიკების შესახებ მოკლედ და ვრცლად) (aanda.org).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.