2024 წელი იყო რეკორდულად ყველაზე თბილი და პირველი კალენდარული წელი, რომელმაც პრეინდუსტრიულ დონეს 1,5°C-ით გადააჭარბა (ზედაპირთან ახლო ჰაერის საშუალო გლობალური ტემპერატურა 1850-დან 1900 წლამდე). უფრო მეტიც, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ 2024 წელი, ყველაზე თბილი წელი შეიძლება აღმოჩნდეს პლანეტაზე, მას შემდეგ, რაც დაახლოებით 116 ათასი წლის წინ, გამყინვარებათშორისი ეპოქა დასრულდა (+2°C-ით მატებაც კი ყველაფერს ცვლის…) (Masson-Delmotte et al., 2011).
და საიდან ვიცით, რა მოხდა შორეულ წარსულში, თუ მეტეოროლოგიური დაკვირვებები მხოლოდ 170 წლის წინ დაიწყო?
პალეოგეოგრაფია, მეცნიერება, რომელიც სწავლობს როგორი იყო დედამიწა წარსულში, ძველი ეპოქების კლიმატის შესწავლაში გვეხმარება. და ეს მეცნიერება გვეუბნება, რომ პლანეტის საშუალო ტემპერატურა ძალიან ფართო საზღვრებში შეიძლება იცვლებოდეს, იყო ისეთი ეპოქებიც, როდესაც დედამიწაზე ყინული საერთოდ აღარ არსებობდა! (Zachos et al., 2001).
ცხადია, ეს წარსული დათბობები ადამიანის ჩარევის გარეშე ხდებოდა (რადგან ჩვენი სახეობა ჯერ არც არსებობდა) – ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მიმდინარე დათბობა, ასევე ხდება ადამიანის ჩარევის გარეშე? არა, ასეთი დასკვნა არასწორი იქნებოდა იმ მიზეზით, რომ „მოსაზღვრე პირობები“, რომლებზეც მოქმედებს კლიმატური სისტემა (ტექტონიკა, ხმელეთისა და ზღვის ფართობების თანაფარდობა, კონტინენტების კონფიგურაცია და მათი გეოგრაფიული მდებარეობა, დედამიწის ორბიტული პარამეტრები და მზის სიკაშკაშეც კი) მაშინ განსხვავებული იყო, ვიდრე ახლაა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო ოდნავ განსხვავებული პლანეტა, სადაც კლიმატური ფაქტორები განსხვავებულად მოქმედებდა, ამიტომ დღევანდელი დათბობის შედარება ძველ თბილ პერიოდებთან ძნელია (ანთროპოცენი თითქმის 2 მილიონი წლისაა).
თანამედროვე გლობალური დათბობის ბუნებრივ და ანთროპოგენურ ფაქტორებს შორის სწორი თანაფარდობის დასადგენად, იგივე დედამიწა გვჭირდება, როგორც ახლაა, ოღონდ ადამიანის ძლიერი ზეგავლენის გარეშე. შედარებისთვის, ოპტიმალური პერიოდია გვიანი ჰოლოცენი, რომელიც ბოლო 4200 წელს მოიცავს. მოსაზღვრე პირობები (გარდა ორბიტული პარამეტრებისა) მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უცვლელი დარჩა. მცირე ცვლილება ორბიტულ პარამეტრებში (ბრუნვის ღერძის დახრის კუთხე, პერიგეასა და აპოგეას თარიღები) ამ დროის განმავლობაში კი ხდებოდა, მაგრამ ამ ფაქტორების გავლენა მცირე იყო (Cartapanis et al., 2022). ყველაზე გავლენიანი კლიმატური ფაქტორები იყო სათბურის გაზების კონცენტრაციის, მზის და ვულკანური აქტივობის ცვლილება, მაგრამ ეს პარამეტრებიც შედარებით მცირე საზღვრებში იცვლებოდა. შესაბამისად, ატმოსფერული ცირკულაცია მცირე რყევებს კი განიცდიდა, მაგრამ დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც თანამედროვე ეპოქაშია (უძველესი ვულკანები და სიცოცხლე).
კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ ავიღებთ გვიანი ჰოლოცენის მეორე ნახევარს, ბოლო 2000 წელს, ვინაიდან, ჯერ ერთი, ორბიტული პარამეტრების გავლენა დროის ამ პერიოდში კიდევ უფრო მცირეა; და მეორეც, ბოლო ორი ათასწლეულის განმავლობაში, არსებობს პალეოგეოგრაფიული მონაცემების უდიდესი ნაკრები (ისტორიული არქივების ჩათვლით) – ფაქტობრივად, ეს არის ინსტრუმენტულ დაკვირვებებამდელი დედამიწის ყველაზე სრულად დოკუმენტირებული ერა.
ცივილიზაციის განვითარებაზე გამყინვარების ზემოქმედების განყოფილების კითხვისას, მკითხველმა შეიძლება დაასკვნას, რომ რადგან სიცივე ცუდია, თანამედროვე დათბობა კარგი გამოდის (თან, რომ ჰაერში CO2-ის პარციალური წნევის მატება სასარგებლო გავლენას ახდენს მცენარეულობაზე)!
სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.
პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის თანამედროვე განვითარებით, სურსათის გლობალური ბაზრის არსებობით და ა.შ, კაცობრიობა აღარ არის ისეთი დამოკიდებული კლიმატის რყევებზე, როგორც პრეინდუსტრიულ ეპოქაში. თანამედროვე მედიცინამ კი მეტ-ნაკლებად ისწავლა ეპიდემიებთან გამკლავება (აქ, კოვიდი გაგვახსენდება, ალბათ ბევრი არ დაეთანხმება). რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თბილი კლიმატი ხელს უწყობს მრავალი დაავადების პათოგენების გავრცელებას (მალარია, დენგეს ცხელება, ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტი და ა.შ.).
მეორეც, ზომიერი ყველაფერი კარგია, თითოეულ სასოფლო-სამეურნეო კულტურას თავისი ოპტიმალური ტემპერატურის დიაპაზონი აქვს და ამ დიაპაზონის ზემო ტემპერატურა ისეთივე საშიშია, როგორც ოპტიმალურზე დაბალი ტემპერატურა. სითბოს გარდა, მცენარეებს ასევე სჭირდებათ ტენიანობა, კლიმატის ცვლილება კი ბევრგან გვალვით ემუქრება სოფლის მეურნეობას.
მესამე, კლიმატის ცვლილება მხოლოდ ტემპერატურის მატებით არ შემოიფარგლება – ეს არის ურთიერთდაკავშირებული პროცესების უზარმაზარი კომპლექსი, რომელთაგან თითოეულს შეუძლია საფრთხე შეუქმნას დედამიწის ამა თუ იმ რეგიონს: ზღვის დონის მატება, სანაპირო ეროზია, მყინვარების დეგრადაცია, ყინულის კლება, ტყის ხანძრები, ექსტრემალური ნალექების სიხშირის მატება, წყალდიდობა, ოკენის ჟანგვა-ჰიპოქსია და ა.შ. (ტემპერატურა უკანასკნელი 130 წლის განმავლობაში).
უკანასკნელი 2000 წლის კლიმატის შესწავლა ადასტურებს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში კლიმატური სისტემა გვიანი ჰოლოცენისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ ცვალებადობას გასცდა. პროგნოზების მიხედვით, სათბურის გაზების კონცენტრაციის ზრდასთან ერთად, უარყოფითი ზემოქმედების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება და დედამიწის სისტემის მრავალი კომპონენტი მალე ზღურბლს გადალახავს, რომლის იქეთ შეუქცევადი ცვლილებები დაიწყება (ზოგიერთმა კომპონენტმა, როგორიცაა მთის მყინვარები ან ზღვის დონე, ეს ბარიერი უკვე გადალახა). პანიკის მიზეზი ეს არ არის, არამედ მხოლოდ შეხსენება სათბურის გაზების ემისიების შემცირებისკენ და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ატმოსფეროდან ამოღების ღონისძიებების დაჩქარების აუცილებლობის შესახებ!
სხვათა შორის, კაცობრიობამ შეიძლება გადაწყვიტოს არ დაუბრუნდეს CO2-ის პრეინდუსტრიულ დონეს (280 ppm), არამედ შეჩერდეს რაღაც უფრო მაღალ ნიშნულზე, რომელიც ცხოვრების უფრო კომფორტულ ოპტიმალურ პირობებს უზრუნველყოფს. მაგრამ, ეს საკმაოდ შორეული მომავლის საკითხია; ჩვენთვის, ალბათ, ჯერ კიდევ არ არის აქტუალური (გლობალური დათბობის თეორიის ალტერნატივა; გადაშენება უკვე დაიწყო…).